Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„150 ათასი ვიქნებით თბილისში რუსთაველის გამზირზე“ - რეგიონებიდან მოქალაქეები „ქართული ოცნების” აქციაზე მოდიან


„ქართული ოცნების” თბილისში დაგეგმილ აქციაზე რეგიონებით ორგანიზებულად მოდიან მოქალაქეები. პარტია გეგმავს, რომ აქციაში მონაწილეობას მიიღებს 100 ათასი ადამიანი. ხალხმრავალი აქციის გამო შეზღუდულია მოძრაობა თბილისის ცენტრალურ ნაწილში.

ბათუმში „ქართული ოცნების“ მომხრეები ქალაქის სტადიონთან დილის 5:30 საათიდან იკრიბებოდნენ, თბილისისკენ საავტომობილო კოლონა 6 საათზე დაიძრა. თბილისში დაგეგმილ აქციაზე მოქალაქეების წასაყვანად სტადიონთან რამდენიმე ათეული ავტობუსი და სამარშრუტო ტაქსი მივიდა.

„150 ათასი ვიქნებით თბილისში რუსთაველის გამზირზე“, - თქვა ახალგაზრდა კაცმა, რომელიც ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლად გაეცნო.

„მხარს ვუჭერ ქართულ ოცნებას და ეს იქნება ჩვენი შემაჯამებელი შეკრება“;

„შემაჯამებელი გამარჯვებაა ეს. სააკაშვილი ციხეში რომაა, გავიმარჯვეთ. ვინც ჩაიდინა დანაშაული ქართველი ერის წინაშე, უნდა დაისაჯოს“, - აცხადებდნენ თბილისში გამგზავრებამდე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები.

თბილისში დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისთვის ბათუმიდან გამგზავრებულებს შორის იყო რამდენიმე საჯარო მოხელე და სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებული პირიც.

აჭარის უმაღლესის საბჭოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ლადო მგალობლიშვილი ამბობს, რომ საჯარო მოხელეებს აქვთ პოლიტიკური შეხედულების გამოხატვის უფლება.

„უმაღლესი საბჭოდან აქციაზე მივდივართ მხოლოდ დეპუტატები. როგორც ჩემთვის ცნობილია, საკანონმდებლო ორგანოს ადმინისტრაციის თანამშრომლები არ წამოსულან. ძირითადად პარტიული აქტივი, მხარდამჭერები და პოლიტიკოსები მივემგზავრებით. აჭარიდან, ჩემი ინფორმაციით, 20 ათასზე მეტი ვიქნებით დღეს თბილისის აქციაზე“, - თქვა ლადო მგალობლიშვილმა. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, საჯარო მოხელეებმა, რომლებიც აქციაში იღებენ მონაწილეობას, შვებულება აიღეს.

აქციაზე დასასწრებად რამდენიმე ათასი მოქალაქეა მობილიზებული კახეთშიც.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მხოლოდ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან აქციას, სულ მცირე, 2000 ადამიანი დაესწრება. ადგილობრივები დედაქალაქში ორგანიზებულად, ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით წაიყვანეს.

აქციას ძირითადად ესწრებიან საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული საჯარო მოხელეები, მათ შორის, აიპ-ების თანამშრომლები, სკოლის პედაგოგები და დირექტორები, ბაგა-ბაღების მენეჯერები და აღმზრდელები. ისინი მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.

აქციის სხვა მონაწილეები კი ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ მხარს უჭერენ მმართველ გუნდს და სურვილი აქვთ, რომ „ქართული ოცნება“ დიდი ხნით დარჩეს ხელისუფლებაში.

მოქალაქეების ორგანიზებულად მგზავრობის პროცესში ჩართული იყვნენ მაღალი ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურია, მისი მოადგილე გიორგი ღამბაშიძე და საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ივანე ჩხეიძე. ისინი დილიდან იმყოფებოდნენ იმ ადგილებში, საიდანაც პარტიის მხარდამჭერების ავტომობილები თბილისის მიმართულებით გადიოდნენ. მედიასთან არცერთმა მათგანმა არ ისურვა კომენტარის გაკეთება.

სამეგრელოში ამბობენ, რომ თბილისში რეგიონიდან 10 ათასი ადამიანი მაინც გაემგზავრა. ავტობუსები და მიკროავტობუსები სამეგრელოს ქალაქებიდანაც დილიდან დაიძრა თბილისის მიმართულებით.

„ქართული ოცნების“ წევრმა, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე თაზო ფაცაციამ განაცხადა, რომ მხოლოდ ზუგდიდიდან 5 ათასამდე ადამიანი გაემგზავრა თბილისში. ფაცაცია დილიდან თვალყურს ადევნებდა მგზავრების შეკრების პროცესს, თავად კი, როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა, თბილისის შეკრებაზე არ წასულა.

„ყველა ის ადამიანი, ვისაც თავისუფლება უყვარს, მიემართება თბილისში, თავისუფლების მოედანზე ღირსების დასაცავად“, - განაცხადა თაზო ფაცაციამ.

საკრებულოს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის მასშტაბით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 47% მიიღო, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველმა მეორე მოქალაქემ მისცა ხმა ამ პარტიას და ამ მონაპოვარს დაცვა სჭირდება მეორე ტურში, რომელიც საბოლოო გამარჯვების დღე იქნება.

თბილისში დაგეგმილი აქციის პარალელურად ზუგდიდში დღეს ხალხმრავალ აქციას აანონსებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, სადაც პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას მოითხოვენ. როგორც პარტიის ზუგდიდის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ენმ-ის წევრმა, პარლამენტარმა ანა წითლიძემ განაცხადა, ეს იქნება მრავალათასიანი აქცია სახელწოდებით - „ბრძოლა გამარჯვებისთვის, ბრძოლა მიშას თავისუფლებისთვის“. აქცია ზუგდიდის მერიის წინ, 20:30 საათზეა დაგეგმილი.

თბილისში მმართველი პარტია აქციას დღის 5 საათზე დაიწყებს.

თბილისის ცენტრში შეზღუდვები დაწესდა. ავტოტრანსპორტისთვის დაიკეტა თავისუფლების მოედანი, რუსთაველის გამზირი და გამზირზე გამომავალი ქუჩები. თბილისის ცენტრალური გამზირისკენ მიმავალ არაერთ ქუჩაზე, სადაც ავტოტრანსპორტის მოძრაობა არ შეზღუდულა, შეუძლებელია სადგომებზე ავტომანქანების გაჩერება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG