Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დმიტრი გორდონი საქართველოში ჩამოსვლის აკრძალვას სააკაშვილთან შეხვედრის განზრახვას უკავშირებს


საქართველოში არ შემოუშვეს უკრაინელი ჟურნალისტი დმიტრი გორდონი. ამის შესახებ გორდონი სოციალურ ქსელში წერს. ჟურნალისტის მიერ ტელეგრამ-არხზე, 27 ოქტომბრის 14:40 საათზე გამოქვეყნებული შეტყობინებით, თბილისში ერთი საათის წინ ჩაფრინდა, მთელი ამ ხნის განმავლობაში საპასპორტო კონტროლისას პასპორტში შტამპს ელოდებოდა და ეს წუთია ოფიციალურად განუცხადეს, რომ საქართველოში შესვლა აკრძალული აქვს. გორდონის ინფორმაციით, მიზეზი არ დაუსახელეს.

უკრაინელი ჟურნალისტი მომხდარს უკავშირებს იმ ფაქტს, რომ 26 ოქტომბერს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა თხოვნით, ორგანიზება გაეწია მის მიერ რუსთავის საპატიმროში მიხეილ სააკაშვილის მონახულებისთვის. გორდონი აცხადებს, რომ ყველაფერი, რაც მოხდა, არის საერთაშორისო სკანდალი და სირცხვილი საქართველოს ხელისუფლებისთვის.

მოგვიანებით, გორდონმა ტელეარხ „უკრაინა 24“-ს განუცხადა, რომ საქართველოში გაემგზავრა ორი მიზნით - სააკაშვილთან შესახვედრად და „დმიტრი გორდონის აკადემიის“ გამსვლელი სხდომის ჩასატარებლად. ჟურნალისტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მან საგანმანათლებლო ონლაინ-აკადემია 2021 წლის მაისში შექმნა.

გორდონმა „უკრაინა 24“-ს უთხრა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეშინია საჯაროობის და სააკაშვილთან მისი შეხვედრის. ჟურნალისტის ინფორმაციით, თბილისის აეროპორტის დირექტორის მოადგილემ განუცხადა, რომ მისთვის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის მიზეზი 10 დღეში განემარტება უკრაინის საელჩოს. „ჩემი დეპორტაცია არასდროს არსაიდან მომხდარა, მით უმეტეს მოძმე საქართველოდან, რომლის მეგობარი ვარ ძალიან ბევრი წელია“, - აცხადებს გორდონი.

ჟურნალისტმა 1 ოქტომბერს, საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების შემდეგ გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, რომელშიც სააკაშვილს უწოდა "გამოჩენილი ადამიანი და რეფორმატორი" და პრეზიდენტ ზელენსკის მოუწოდა, ხელი შეუწყოს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას.

დმიტრი გორდონამდე, უკრაინელმა იურისტმა ევგენ გრუშოვეცმა განაცხადა, რომ მიზეზის აუხსნელად არ შეუშვეს საქართველოში, სადაც მიხეილ სააკაშვილს უნდა შეხვედროდა.

საქართველოს შსს ამ დრომდე არ აკეთებს კომენტარს ჯერ გრუშოვეცის, შემდეგ კი გორდონისთვის ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვის შესახებ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. 2018 წელს, სააკაშვილი საქართველოში დაუსწრებლად გაასამართლეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე. მიხეილ სააკაშვილი ყველას საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და საპატიმროში შიმშილობა აქვს გამოცხადებული.

20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს, პოლიციამ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.

XS
SM
MD
LG