Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელი იურისტი აცხადებს, რომ სააკაშვილთან შესახვედრად საქართველოში არ შეუშვეს


ფოტო არქივიდან: მიხეილ სააკაშვილი კიევში. 2020 წლის აპრილი
ფოტო არქივიდან: მიხეილ სააკაშვილი კიევში. 2020 წლის აპრილი

უკრაინელი იურისტი ევგენ გრუშოვეცი აცხადებს, რომ მიზეზის აუხსნელად არ შეუშვეს საქართველოში, სადაც მიხეილ სააკაშვილს უნდა შეხვედროდა. გრუშოვეცმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ქართული სტუმართმოყვარეობა საკუთარ მაგალითზე იგრძნო.

უკრაინელი იურისტის თანახმად, თბილისის აეროპორტში არ შეუშვეს, თვითმფრინავში პასპორტი ჩამოართვეს და „დეპორტირებული მგზავრი“ უწოდეს.

ტელეკომპანია "მთავარი არხის" თანახმად, გრუშოვეცი მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატია და მესამე პრეზიდენტის საქმეში ჩართვას გეგმავდა, თუმცა, დღეს დილით უკრაინაში დააბრუნეს.

რადიო თავისუფლება მომხდარზე შსს-ს კომენტარს ელოდება.

ამჟამად საქართველოში იმყოფება უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა, რომელიც რუსთავის მე-12 დაწესებულებაში შეხვდება მიხეილ სააკაშვილს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. 2018 წელს, სააკაშვილი საქართველოში დაუსწრებლად გაასამართლეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე. მიხეილ სააკაშვილი ყველას საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და საპატიმროში შიმშილობა აქვს გამოცხადებული.

ადვოკატები მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოითხოვენ სამოქალაქო კლინიკაში მის გადაყვანას, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაცია მოხდება გლდანში, პენიტენციური სისტემის საავადმყოფოში. მიხეილ სააკაშვილი ამ დაწესებულებაში გადაყვანაზე უარს ამბობს.

ადვოკატები იუსტიციის სამინისტროს ადანაშაულებენ კონსილიუმის რეკომენდაციების შეუსრულებლობაში, რასაც უარყოფს მინისტრი რატი ბრეგაძე. მისი განცხადებით, კონსილიუმის დასკვნაში, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციას ეხება, საუბარია მულტიპროფილიან კლინიკაზე, რაც ავტომატურად სამოქალაქო კლინიკას არ ნიშნავს.

20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს, პოლიციამ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.

XS
SM
MD
LG