Accessibility links

site logo site logo

სააკაშვილი ივანიშვილს მიმართავს


ფოტო არქივიდან: ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი. 2012 წლის 9 ოქტომბერი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა მიმართვა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილისადმი, რომელსაც ოპოზიცია ქვეყნის არაფორმალურ მმართველად მიიჩნევს.

„მივმართავ ივანიშვილს - ფანჯრები ამომიგმანე და გამიშავე, ტელეფონი გადამიჭერი, სასამართლოში კი არა, ჩვეულებრივ საავადმყოფოში გეშინია ჩემი გადაყვანა. შენ რომ მართლა რამე გამბედაობა გქონდეს, ამ შენს ფასიან მიტინგზე გამიყვანდი და იქ გამიმართავდი დებატებს, შენივე მოყვანილი ხალხის წინაშე“, - ნათქვამია სააკაშვილის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.

დღეს, 27 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილია "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა შეკრება. აქციას, რომლის გამოც მოქალაქეები რეგიონებიდან დედაქალაქში ავტოკოლონებით, ორგანიზებულად მიდიან, „ქართული ოცნება“ უწოდებს წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეხვედრას, 30 ოქტომბერს დანიშნული, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ. ოპოზიცია მმართველი პარტიის აქციას მიიჩნევს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ თბილისში, თავისუფლების მოედანზე 14 ოქტომბერს გამართული ხალხმრავალი შეკრების კონტრაქციად. "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქციის მოთხოვნა იყო მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.

რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. ადვოკატები ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაცია მოხდება გლდანში, პენიტენციური სისტემის საავადმყოფოში. სააკაშვილი ამ დაწესებულებაში გადაყვანაზე უარს ამბობს.

ადვოკატები იუსტიციის სამინისტროს ადანაშაულებენ კონსილიუმის რეკომენდაციების შეუსრულებლობაში, რასაც უარყოფს მინისტრი რატი ბრეგაძე. მისი განცხადებით, კონსილიუმის დასკვნაში, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციას ეხება, საუბარია მულტიპროფილიან კლინიკაზე, რაც ავტომატურად სამოქალაქო კლინიკას არ ნიშნავს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. 2018 წელს, სააკაშვილი საქართველოში დაუსწრებლად გაასამართლეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე. მიხეილ სააკაშვილი ყველას საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს, პოლიციამ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG