Accessibility links

site logo site logo

ირაკლი ღარიბაშვილი: სამართალი ყველასთან მივა, არავის ვაპატიებთ ეკლესიის ლანძღვასა და შეურაცხყოფას


„ადრე თუ გვიან, სამართალი ყველასთან მივა და ჩვენ არავის ვაპატიებთ ჩვენი ხალხის ჩაგვრას, არავის ვაპატიებთ ჩვენი ტერიტორიების დაკარგვას, არავის ვაპატიებთ ჩვენი მიწის გაყიდვას, არავის ვაპატიებთ ჩვენი პატრიარქის, სასულიერო პირებისა და ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტის, მართლმადიდებლური ეკლესიის ლანძღვასა და შეურაცხყოფას“, - თქვა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მმართველი პარტიის მიერ თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას. პრემიერმა თქვა, რომ წარსულზე ლაპარაკი აღარავის უნდა და ხელისუფლებამ მომავალზე უნდა აიღოს სწორება, თუმცა, ამის მიუხედავად, ძირითადად წინა ხელისუფლებასა და 2012 წელს მოპოვებულ გამარჯვებაზე ილაპარაკა.

ღარიბაშვილის თქმით, „ისტორია საუკეთესო მასწავლებელია“ და წარსულში დაშვებული შეცდომები ხალხმა აღარ უნდა გამეოროს.

„დიახ, ჩვენ მომავალზე უნდა ავიღოთ სწორება, თუმცა, წარსულის გახსენება და შეხსენება ძალიან მნიშვნელოვანია. ისტორია ყველაზე კარგი მასწავლებელია და უნდა გვახსოვდეს საიდან მოვდივართ, რა გზა გამოვიარეთ და რომ აღარ უნდა დავუშვათ, აღარ უნდა გავიმეოროთ წარსულის შეცდომები, გამოუსწორებელი შეცდომები, სამოქალაქო ომი, ტერიტორიების დაკარგვა, ქვეყანაში კრიმინალური ბანდების თარეში, დიქტატორი სააკაშვილის მჩაგვრელი რეჟიმის მმართველობა.

ჩვენ ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ აღვადგინეთ სამართლიანობა, დავაკავეთ მჩაგვრელი და მოძალადე რეჟიმის მთავარი შემოქმედები, ახალაია, მერაბიშვილი, უგულავა, ციხის ჯალათები, მწამებლები და მკვლელები. სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი ჯალათი, მეგის ქარდავა, რამდენიმე კვირის წინ ჩამოვიყვანეთ უკრაინიდან საქართველოში. 1 ოქტომბერს კი თავად ამ სისხლიანი და მოძალადე რეჟიმის მთავარ შემოქმედს, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის მთქმელ, ქვეყნის მოღალატე და ხალხის მჩაგვრელ, საქართველოდან გაქცეულ და ახლახანს ლაჩრულად, ქურდულად შემოპარულ მიხეილ სააკაშვილს კუთვნილი ადგილი დიდი ხნით მივუჩინეთ ციხეში“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლის ბოლოს თქვა, რომ სურს დაპირისპირების დასრულება ამ ქვეყანაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG