Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კელი დეგნანის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას ყურადღებით აკვირდებიან


საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი, მედიასთან საუბარში გამოეხმაურა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხს, ელჩის სიტყვებით, ყურადღებით აკვირდებიან მის მდგომარეობას.

რასაკვირველია, ყველას გვაშფოთებს ბატონი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. როდესაც საკითხი ეხება ადამიანის ჯანმრთელობას, ძალიან მნიშვნელოვანია კვალიფიციური სპეციალისტების მეთვალყურეობა და მოხარულები ვართ, რომ არსებობს მულტიდისციპლინური ჯგუფი, რომელიც თვალყურს ადევნებს მის მდგომარეობას, ჩვენც ყურადღებით ვაკვირდებით მის მდგომარეობას“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამედიცინო მომსახურებასა და ანალიზებზე უარს ამბობს, ამის შესახებ უკრაინელმა ექიმმა, რადის დეპუტატმა მაქსიმ პერებიინისმა განუცხადა მედიას, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი მოინახულა რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შვილის მონახულების შემდეგ მედიას უთხრა, რომ ყოფილი პრეზიდენტი უარს ამბობს რეანიმობილსა და სამედიცინო დახმარების მიღებაზე. ეს გადაწყვეტილება სააკაშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც ადვოკატებთან კომუნიკაცია შეეზღუდა.

სააკაშვილის ადვოკატებმა დღეს გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ციხის ადმინისტრაციამ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის ოთახში პატიმარსა და მნახველს შორის ბარიერი მთლიანად ამოაშენა, რითაც პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება წაერთვათ. ასევე ოთახი, სადაც სააკაშვილი ადვოკატებს ხვდება, კამერებით აღჭურვეს, რაც დაცული კომუნიკაციის შესაძლებლობას გამორიცხავს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. დაკავების შემდეგ სააკაშვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

ადვოკატები მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოითხოვენ მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში მის გადაყვანას, სადაც შესაძლებელი იქნება მუდმივი და სრულფასოვანი ზრუნვა მის ჯანმრთელობაზე. იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია მოხდება გლდანში, პენიტენციური სისტემის საავადმყოფოში. მიხეილ სააკაშვილი ამ დაწესებულებაში გადაყვანაზე უარს ამბობს, მისი უფბედამცველები და სახალხო დამცველი მიიჩნევენ, რომ ამ კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება ვერ იქნება უზრუნველყოფილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. 2018 წელს, სააკაშვილი საქართველოში დაუსწრებლად გაასამართლეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე. მიხეილ სააკაშვილი ყველას საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს, პოლიციამ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG