Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარსელონის ქალაქის საბჭომ ვეტო დაადო რუსული „ერმიტაჟის“ ფილიალის პროექტს


"ერმიტაჟის" ფილიალის პროექტი.
"ერმიტაჟის" ფილიალის პროექტი.

ბარსელონის ქალაქის საბჭომ ვეტო დაადო რუსეთის მუზეუმ „ერმიტაჟის“ ფილიალის პროექტს. მუზეუმის წარმომადგენლები არ დათანხმდნენ ქალაქის მიერ შეთავაზებულ ფართობზე. ამის შესახებ იტყობინება კატალონიური გამოცემა ToT-ი. მერიაში მიაჩნიათ, რომ პროექტი წმინდად კომერციული ხასიათისაა და უსარგებლოა ქალაქისა და კულტურის განვითარებისთვის.

"ერმიტაჟის" ფილიალის გახსნის თაობაზე კატალონიის ხელისუფლებასთან შეთანხმება ჯერ კიდევ 2012 წელს იქნა მიღწეული. მაგრამ ბარსელონის მერიამ 9 წლის განმავლობაში არ გასცა მშენებლობის უფლება. ვარაუდობდნენ, რომ რუსული მუზეუმისთვის ახალი შენობა აიგებოდა 16,5 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე, საიდანაც საგამოფენო ფართობი 4 ათას კვადრატულ მეტრამდე იქნებოდა. დანარჩენი ფართობი რესტორნებსა და კაფეებს უნდა დათმობოდა.

ადგილობრივმა მოსახლეობამ და ქალაქის საბჭომ დაიწუნა პროექტის ადგილმდებარეობა. მუზეუმს შესთავაზეს ფართობი პორტის მახლობლად, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის კომპლექსთან.

მაისში ბარსელონის პორტის დირექტორთა საბჭომ მოიწონა ერმიტაჟის შენობის აგება თავის ტერიტორიაზე. ქალაქის საბჭო ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. კომპანიამ, რომელიც მუზეუმის პროექტზე მუშაობს, თავის მხრივ გაასაჩივრა ბარსელონის ქალაქის საბჭოს გადაწყვეტილება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG