Accessibility links

site logo site logo

“არჩევნები დამთავრდება და დედა არა გვყავს” - რა ფული გაკეთდა “ქართული ოცნების” აქციაზე?


გადავსებულ რუსთაველზე ქართული ოცნება ოპონენტებს ძალას აჩვენებს. ოცამდე ადამიანს სულ რამდენიმე საათი აქვს იმისთვის, რომ ოჯახისთვის ფული იშოვოს.  

“აქ რაც საქართველოს დროშები იყიდება, სულ ყველა ჩინეთშია გამოშვებული” - მითხრა ჭაღარა ქალმა. ცალ ხელში საქართველოს და ევროკავშირის დროშები ეჭირა. მეორეში პლასტმასის დუდუკები. დაბალი ქალია, წელში ყოჩაღად გამართული. დიდი ხუთჯვრიანი დროშა მხრებზე სუპერგმირის მოსასხამივით ჩამოეკიდა.

მთლად კარგ ხასიათზე ვერ იყო - თითქმის ორი საათია ქუჩაშია, და ოცი ლარის ძლივს ივაჭრა.

"გალერეა" თბილისის წინ ვიდექით... შვიდი დაიწყო, “ქართული ოცნება” ეს-ესაა მხარდამჭერებს დაემშვიდობა. ლაღი მუსიკის თანხლებით, ხალხის უზარმაზარი ნაკადი სწრაფად წამოვიდა ჩვენკენ. ვცდილობდი გამომეცნო რამდენი ადამიანი შეიკრიბა. სანამ მელიქიშვილიდან თავისუფლების მოედნამდე ჩამოვიდოდი, 100-ზე მეტი ავტობუსი და სულ ცოტა, 400 “მარშრუტკა” დავითვალე. მერე თვლა ამერია.

-ეს დროშა რა ღირს?

-ორი ლარი.

პირბადეში და პომპონიან ქუდში შეფუთულმა ტიპმა გამყიდველ ქალს ევროკავშირის დროშა გამოართვა და დაჟინებით მიაშტერდა.

-ქართული ოცნების დროშა გაქვს?

-არა.

-აბა რად მინდა ეს ამერიკის დროშა!

“ქართული ოცნების” დროშები უნდათ, მაგრამ არავინ ყიდის - ამიხსნა ქალმა - წეღან უფასოდ დაარიგეს და ეტყობა ყველას არ შეხვდა”. ამ დროს ჯერ არ ვიცოდი, რომ ჩვენგან რვაას მეტრში, ოპერის მოპირდაპირე მხარეს, ვიღაც კაცი ოცნების გრძელტარიან დროშებს ხუთ ლარად ყიდდა.

სახელი ცოცხალი თავით არ მითხრა. ოპოზიციის ბოლო აქციაზე ათჯერ მეტი უვაჭრია, საქართველოს დროშები სულ ამოყიდულა, მაგრამ ამას კამერის წინ ვერ იტყვის. არ უნდა, “მერე კუდები გამოაბან”. ბოლოს შევთანხმდით, რომ პირობითად მარიამს დავარქმევდი.

62 წლის მარიამი 25 წელია თბილისის ცირკში დამლაგებლია. ამ საქმის ყველაზე ნათელი მხარე ცხოველებთან ახლოს ყოფნაა, თუმცა ამდენი წელი გავიდა და მაიმუნები მაინც ვერ შეიყვარა. განსაკუთრებით, მაკაკები.

”ფეხბურთის, რაგბის და მიტინგების დროს” ვაჭრობა მისთვის მეორე სამსახურია, თუმცა მის გარდა “ქართული ოცნების” აქციაზე დროშებს ახლა სხვებიც ყიდიან.

- რამდენნი არიან?

- სადღაც ოცი.

“ეხლა დამრთეს რამოდენიმე ხანია ნება. მაქამდე, საღამოს, ვირს რო დაარბენიებენ, ესე დამარბენინებდნენ, ხელს არ მადებინებდნენ, არ მამუშავებდნენ. ეხლა არჩევნები რომ არის, არ გვეუბნებიან არაფერს, და არჩევნები დამთავრდება და დედა არა გვყავს” - ანჟელა ჯოჯუა იქვე იდგა.

მის წინ, ხელნაკეთ დახლზე (“გასაშლელი კვადრატი მეტრა მეტრაზე”) ყველაფერი ეტევა:დროშები, დუდუკები, “აბადოკები”, დრაკულას და ბეტმენის ნიღბები. და ცალკე დახლზე - მოზარდების საყვარელი სათამაშო, ნერვების დამაწყნარებელი “popit-ები”, რომელსაც თავად გამყიდველები “თოფითებს” ეძახიან.

ანჟელა დასავლეთ საქართველოდანაა, მაგრამ იქ ვერ ჩერდება, ასთმა აქვს. 28 წელია, თბილისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ქირის ფული ნავაჭრით უნდა გადაიხადოს. მაგრამ დღეს თითქმის ყველაფერი, რაც “აპტავიკებისგან” იყიდა, მათ შორის 200-ზე მეტი საქართველოს დროშა, ვერ გაასაღა.

“ფეის მასკ?” - სანამ ველაპარაკებოდი, ვიღაც უცხოელმა მისგან პირბადე იყიდა. ცოტა ხანში ხუჭუჭათმიანმა ბიჭმაც აიღო ერთ “თოფითი”.

“აი კედელზე რომ ადიხარ, დეიდა, ხომ იცი? ასე დავსდევთ ჩვენ ყველა პრაზდნიკებს - მიხსნის ანჟელა- მაგალითად, გურჯაანქალაქობაა, ჭიათურობაა, გორობაა, ზესტაფონობაა, აი მაგეებს დავატარებთ და დავდივართ”

სადღაც 20 წუთი ვილაპარაკეთ და ამ ხნის განმავლობაში რუსთაველის გამზირი თითქმის დაიცალა. ეკრანების, ხელოვნური განათებების და ბლომად დაყრილი ქაღალდის ჭიქების გარდა, ვეღარაფერი მიგახვედრებდათ, რომ ახლახან ხელისუფლებამ ათიათასობით მხარდამჭერი შეკრიბა ერთი ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც თითქმის 4 კვირაა შიმშილობს.

ანჟელამ მითხრა, რომ არალეგალურად ვაჭრობს და სულ მალე, შემოსავალი ექნება თუ არა, მთლიანად ზედამხედველობის სამსახურის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული. მაგრამ თან სჯეროდა - დრაკულას და ბეტმენის ნიღბების გაყიდვას აუცილებლად მოასწრებს, რადგან არჩევნების მომდევნო დღეს ჰელოუინი უწევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG