Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატორი შაჰინი: რუსეთსა და დასავლეთს შორის კონკურენციის ცხელი წერტილი შავი ზღვაა


„რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე დიდი თავდაცვა, შავი ზღვის რეგიონში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებია”, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, დემოკრატმა ჯინ შაჰინმა განაცხადა 27 ოქტომბერს, სენატში გამართულ მოსმენაზე. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა იმსჯელა, როგორი უნდა იყოს აშშ-ის პოლიტიკა შავი ზღვის რეგიონის მიმართ.

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, სენატორი შაჰინი მიიჩნევს, რომ მოლდოვამ, უკრაინამ და საქართველომ რუსეთის ბოროტი აქტივობებისთვის წიანაღმდეგობის გაწევა უნდა გააგრძელონ დემოკრატიული რეფორმების გამყარებით, რათა ასახონ ხალხის ნება და დააახლოვონ ტრანსატლანტიკურ საზოგადოებასთან.

სენატორის შეფასებით, ტრანსატლანტიკური გაფართოების თვალსაზრისით, რუსეთსა და დასავლეთს შორის კონკურენციის ცხელი წერტილი შავი ზღვაა. ჯინ შაჰინის განცხადებით, რეგიონში რუსეთის აგრესიული ქმედებები მიზნად ისახავს ნატოს გაფართოების შეჩერებას და შავ ზღვაზე კონტროლის გაზრდას.

„რეგიონში კონტროლის გასაძლიერებლად და სამხრეთ საზღვრებში ნატოს წარმომადგენლობის თავიდან ასაცილებლად, რუსეთს აქვს ომისა და არალეგალური ტაქტიკის, აგრესიის გამოყენების ისტორია. 2008 წელს, რუსეთმა ომი დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ და არალეგალურად წაართვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები. 2014 წელს, რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია, გააღვივა სეპარატისტული აჯანყება დონბასის რეგიონში. ეს არის კონფლიქტი, რომელიც გრძელდება და ყოველდღიურად უდანაშაულო უკრაინელების სიცოცხლეს იწირავს“, - განაცხადა შაჰინმა.

სენატორის თანახმად, რუსეთი კვლავ მზად არის ნატოს გაფართოების შესაჩერებლად და შავ ზღვაზე კონტროლის გასაძლიერებლად გამოიყენოს ეკონომიკური, სამხედრო და პოლიტიკური ძალა. ჯინ შაჰინის თქმით, რუსეთის ბოროტი ზრახვების მაგალითები ნათლად დაინახა უკრაინასა და საქართველოში ბოლო ვიზიტებისას. სენატორები შაჰინი, პორტმანი და მერფი უკრაინას და საქართველოს ივნისში სტუმრობდნენ.

ჯინ შაჰინის განცხადებით, „სამხრეთ ოსეთთან“ იხილეს რუსეთის მიერ წარმოებული ბორდერიზაცია და საქართველოს წინააღმდეგ მტრული ქმედებები და აგრესია, რომლის დაგმობა უნდა გაგრძელდეს. ამერიკელი სენატორის თქმით, ძალიან აფასებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობას.

საკომიტეტო მოსმენისას შაჰინმა ილაპარაკა საქართველოში, უკრაინასა და რუმინეთში აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ამასწინანდელ ვიზიტზეც. სენატორის შეფასებით, ეს იყო რუსეთის მიერ შავი ზღვის გაკონტროლების მცდელობის წინააღმდეგ მიდგომის შეცვლის მისასასალმებელი ნიშანი.

სენატორი ჯინ შაჰინი ასევე, მიიჩნევს, რომ შავი ზღვის საკითხებზე ნატოს პასუხი მეტ კოორდინაციასა და პოლიტიკურ ერთიანობას მოითხოვს, რადგან რუსეთის აგრესიასთან ბრძოლის გასაღები ტრანსატლანტიკური ურთიერთობებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG