Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენგურთან ე.წ. საზღვარი ისევ ნაწილობრივ ჩაკეტეს


ენგურის ხიდი
ენგურის ხიდი

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დღეს, 28 ოქტომბრის დილიდან ცალმხრივად დაკეტა დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ენგურის ხიდი. ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე არ უშვებენ, ხოლო მათ, ვინც ამჟამად ამ ტერიტორიაზეა, შეუძლიათ სამეგრელოს რეგიონიდან აფხაზეთში დაბრუნდნენ.

„აფხაზეთიდან ზუგდიდში არავინ გვიშვებს. დღეს დილიდან ჩაიკეტა. მიზეზი არავინ იცის. გუშინ ჩვეულებრივად იყო ორივე მხრიდან მოძრაობა და ამ გადაწყვეტილებას დღეს არ ველოდით“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ოკუპირებული გალის მცხოვრებმა ნანი ბასარიამ.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ენგურთან ე.წ. საზღვარი ცალმხრივად დაკეტა 2 ოქტომბერსაც, როცა საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდა, თუმცა, ინფორმაცია ამის შესახებ არ გაუვრცელებია. გალში რადიო თავისუფლების წყაროების ცნობით, შეზღუდვა მეორე დღეს მოიხსნა.

ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას ინფორმაცია, 28 ოქტომბრიდან ენგურის ხიდის დაკეტვის შესახებ, ჯერჯერობით არც ახლა გაუვრცელებია. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადების მიხედვით კი, შეზღუდვა მოქმედებს 30 ოქტომბრის ჩათვლით. ამ დღეს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურია.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, 28-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით, ოკუპირებული აფხაზეთიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ტერიტორიისკენ გადაადგილება უკანონოდ შეიზღუდა ყველასთვის, გარდა სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პირებისა: „მსგავსი უკანონო გადაწყვეტილებები ხშირად უკავშირდება სხვადასხვა გამოგონილ მიზეზს. მათ შორის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. უსაფრთხოების უზრუნველყოფას“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებითვე, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გამო, ცენტრალური ხელისუფლების მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

XS
SM
MD
LG