Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთსა და უკრაინაში კორონავირუსის შემთხვევები კვლავ სწრაფად იზრდება


რუსეთის ხელისუფლების 28 ოქტომბრის ცნობით, წუხელ რეკორდულად გაიზარდა კორონავირუსის დაავადების შემთხვევები იმ ფონზე, როდესაც ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ქვეყანაში 11 დღე არასამუშაოდ არის გამოცხადებული.

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ოპერატიული შტაბის ცნობით, განვლილი დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 40096 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 1159 პაციენტი გარდაიცვალა.

მთლიანად ეპიდემიის განმავლობაში რუსეთში COVID-19-ისგან გარდაიცვალა 235 000 ადამიანი, რითაც რუსეთი მსოფლიოში მხოლოდ აშშ-ს, ბრაზილიასა და ინდოეთს ჩამორჩება. საშიში ეპიდემიური ვითარების გამო რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში შემოიღეს ნაწილობრივი მკაცრი კარანტინი, დაკეტილია ყველა მაღაზია, გარდა აფთიაქებისა და სუპერმარკეტებისა.

28 ოქტომბერს რეკორდულად იზრდება კორონავირუსით დაავადების შემთხვევები უკრაინაში, სადაც წუხელ 26071 დაინფიცირებული გამოვლინდა, რაც ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2 ათასით მეტია, ვიდრე იყო კვირის დასაწყისში. ხოლო ვირუსის ზემოქმედების შედეგად უკრაინაში განვლილი დღე-ღამის განმავლობაში 576 პაციენტი გარდაიცვალა.

ეპიდემიის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსის 2,85 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 66 204 პაციენტი გარდაიცვალა. დაავადებისა და სიკვდილიანობის შემთხვევები ოქტომბრის თვეში იზრდება მთელ აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც მთავრობები შექმნილი სიტუაციის გამომწვევად ვაქცინაციის დაბალ დონეს ასახელებენ.

XS
SM
MD
LG