Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილის თქმით, არ იყო გამორიცხული, რომ 2 ოქტომბერს ოპოზიციის აქციაზე გვარამია მოეკლათ


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" გეგმავდა, რომ 2 ოქტომბერს, მაშინ, როცა თვითმმართველობის არჩევნები იმართებოდა თავისივე თანაპარტიელები მოეკლათ. მან არ გამორიცხა, რომ ამ დღეს მოეკლათ "მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამიაც. შესაძლო მკვლელობებზე მან რამდენჯერმე ისაუბრა, თუმცა "იმედის" ეთერში ახლა უფრო მეტი თქვა.

მისი თქმით, 2 ოქტომბერს ჯერ კიდევ არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე "ნაციონალური მოძრაობა" გეგმავდა მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე გამოეყვანა და იქ გამოჩენილიყო ქვეყანაში ჩამოსული საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. ღარიბაშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც სააკაშვილი გამოჩნდებოდა, მის დასაკავებლად მივიდოდნენ სამართალდამცავები და დაიწყებოდა დაპირისპირება.

"პოლიციას მოუწევდა სპეცრაზმის, მათ შორის სპეციალური საშუალებების გამოყენება, ალბათ წყლის ჭავლის, გაზის და შიგნიდან რა ინფორმაციაც გვაქვს, აქ გათვლა იყო, რომ რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ოპოზიციონერი ლიდერის, არ მინდა გვარები ვთქვა, ზედმეტი სპეკულაცია რომ არ გამოგვივიდეს, მკვლელობა პირდაპირ, მისი პარტიის წევრების, 2-3 ადამიანის... იყო გეგმა, რომ აიღებდნენ ცესკოს შენობას, პარლამენტის შენობას, კანცელარიის შენობას და სრულ ქაოსში გაეხვეოდა ჩვენი ქვეყანა", - თქვა ღარიბაშვილმა.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის არჩევნებამადე გავრცელებული ინფორმაცია ნიკა გვარამიას შესაძლო ლიკვიდაციაზე, უკავშირდებოდა თუ მის მონაყოლს, ღარიბაშვილმა ასე უპასუხა:

"არა არის გამორიცხული, მე არ მინდა, უბრალოდ, გამოძიების დეტალებში შევიდე, ჩემი პრეროგატივა არ არის, მაგრამ ყველა სცენარი და ყველა ვერსია არის ლეგიტიმური", - თქვა ღარიბაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავიდა. როგორც მოგვიანებით პროკურატურის გავრცელებული განცხადებით გაირკვა, ის საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, თუმცა მისი დაკავება სამართალდამცავებმა მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ შეძლეს. სამართალდამცავებმა ის 1 ოქტომბერს საღამოს დააკავეს, მანამდე კი მმართველი პარტიის ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილი არათუ საქართველოში არ იყო, უკრაინის ტერიტორიაც კი არ ჰქონდა დატოვებული.

XS
SM
MD
LG