Accessibility links

site logo site logo

ბათუმის მერობის კანდიდატი მისი საწინააღმდეგო პლაკატების გაკვრაში "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებს


ბათუმის მერობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი კირთაძე მის წინააღმდეგ პლაკატების გაკვრაში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს ადანაშაულებს.

ბათუმში მერის არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე, ქალაქის ქუჩებში გაჩნდა პლაკატები გიორგი კირთაძის ფოტოებით და წარწერებით: „გიორგი კირთაძე გამყიდველია“, „72 ქონება, მათ შორის იუნკერების საფლავი ერთ ლარად გაასხვისა“.

კირთაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მის წინააღმდეგ სააგიტაციო მასალის გამოქვეყნების მასშტაბური აქცია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, არჩილ ჩიქოვანისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, ირაკლი ჭეიშვილის დავალებით მომზადდა:

„გუშინ, ღამის პირველ საათზე დამირეკეს მოქალაქეებმა, რომ ასეთი შინაარსის პლაკატები გააკრეს ბათუმის ავტოსადგურთან და ისიც მითხრეს, რომ ხალხი გაყარეს, პლაკატები კი ჩამოხიეს. ამის შემდეგ კი ეს აქცია მთელ ქალაქში გაგრძელდა. პირდაპირ მითხრეს, რომ „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოში არჩეული დეპუტატები პირადად აკრავდნენ ამ პლაკატებს. დოლიძე და სირაბიძე იყვნენ მათ შორის“.

დღეს, 29 ოქტომბერს პლაკატები გააკრეს მემედ აბაშიძის ქუჩაზე, საარჩევნო პლაკატებისთვის დამონტაჟებულ სპეციალურ სტენდზე. პარტია „ქართულ ოცნებაში“ კირთაძის ბრალდებაზე კომენტარის შესახებ უარს ამბობენ პარტიის ოფისში 16:30 საათზე დანიშნულ ბრიფინგამდე.

გიორგი კირთაძე, რომელიც ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე იყო 2008-2012 წლებში, პლაკატების მეშვეობით გამოთქმულ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს: „თურმე, ერთ ლარად გამიყიდია იუნკერთა საფლავი. ჯერ ერთი, ეს არა იუნკერების, არამედ გენერალ მაზნიაშვილის რეგულარული მებრძოლების საფლავია. გასხვისება კი იგეგმებოდა არა ამ საფლავის, არამედ მიმდებარე ტერიტორიის, თუმცა, მაშინ ბათუმელთა დიდმა ნაწილმა ეს გადაწყვეტილება გააპროტესტა. ამიტომ ჩვენი ხელისუფლების დროს შევცვალეთ გადაწყვეტილება და მიწის ნაკვეთი საინვესტიციო პროექტად აღარ განვიხილეთ“.

2021 წლის, 26 ოქტომბერს ბათუმში, ქალაქის დამცველთა საფლავთან გაიმართა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა აქცია, რომლის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობა“ დაადანაშაულეს მისი მმართველობის დროს იუნკერთა საფლავის გასხვისების მცდელობაში.

30 ოქტომბერს, ბათუმის მერის არჩევნების მეორე ტურში კენჭს იყრიან "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გიორგი კირთაძე და "ქართული ოცნების" კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი. 2 ოქტომბერს ჩატარებულ პირველ ტურში კირთაძემ ჩიქოვანზე 667 ხმით მეტი მიიღო, თუმცა, გასამარჯვებლად საჭირო, ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG