Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ბოტკოველი: თელავში ოპოზიციის მხარდამჭერებს „პირადობებს“ ართმევენ და აშინებენ


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თელავის მერობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი "ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლის დაშინებასა და ზეწოლაში ადანაშაულებს.

როგორც ბოტკოველი ამბობს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ოპოზიციის მხარდამჭერ ამომრჩეველთა ნაწილს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ პირადობის მოწმობები ჩამოართვეს. მერობის კანდიდატმა მაგალითისთვის დაასახელა რამდენიმე სოფელი, მათ შორის, აკურა და კურდღელაური.

ბოტკოველის თანახმად, ამომრჩეველთა ნაწილს პირადობის მოწმობების ჩამორთმევის სანაცვლოდ თანხა გადაუხადეს.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მხარდამჭერი, რომელსაც პირადობის მოწმობა არ ექნება, ხვალ არჩევნებზე ვერ მივა. ერთ პირადობის მოწმობაში 50 ლარს იხდიან, ხოლო ვინც უარს ამბობს პირადობის მოწმობის გადაცემაზე, მათ ემუქრებიან სოციალური დახმარების მოხსნით, ან აშინებენ, რომ მათ ახლობლებსა და ნათესავებს სამსახურიდან გაუშვებენ“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.

მან საზოგადოებას იმ საჯარო მოხელეების ფოტოები უჩვენა, რომლებიც, მისი მტკიცებით, ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს სხვადასხვა ფორმით ემუქრებიან.

ბოტკოველის თქმით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან თელავში ჩასული არიან საჯარო მოხელეები, მათ შორის, დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და სიღნაღის საკრებულოს წევრი მალხაზ ხუციშვილი, რომლებიც პირადად აშანტაჟებენ ამომრჩევლებს.

დედოფლისწყაროს მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა რადიო თავისუფლების სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. სიღნაღის საკრებულოს წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე მალხაზ ხუციშვილმა დაგვიდასტურა, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ თელავში იმყოფება და "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს ლევან ანდრიაშვილს ეხმარება.

მე ბევრი ნათესავი მყავს თელავში და ჩემს საახლობლოს ვეუბნები, რომ მხარი დაუჭირონ ლევანს. სულ ესაა ჩემი დახმარება. რა, არ შეიძლება, ამას რომ ვაკეთებ?“

გიორგი ბოტკოველის ბრიფინგს „ქართული ოცნების“ თელავის საარჩევნო შტაბში უპასუხეს. შტაბის ხელმძღვანელი პლატონ კალმახელიძე ოპოზიციის მერობის კანდიდატს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

თუკი არსებობს კონკრეტული ფაქტები, მან ეს უნდა დაასახელოს, სხვა შემთხვევაში მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის პროვოკაცია და დეზინფორმაცია. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ გვეხმარებიან სხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩვენივე გუნდის წევრები, ამაში რა პრობლემას ხედავენ? ვისაც სურვილი აქვს, ჩართულია საარჩევნო პროცესში, ოღონდ ისინი არავის არ აშინებენ. აქაც ვიტყვი იმას, რომ თუ ასეთი რამ (დაშინება) არსებობს, კონკრეტული ფაქტები უნდა გასაჯაროვდეს“, - განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება. 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 თვითმმართველ თემში მერებს აირჩევენ, ხოლო 24 საარჩევნო ოლქში საკრებულოს მაჟორიტარ წევრებს. მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 088 722-ია.

მეორე ტურში გადავიდნენ მერობის კანდიდატები, რომლებმაც 2 ოქტომბერს ვერ მიიღეს პირველივე ტურში გასამარჯვებლად საჭირო, ხმების 50%-ზე მეტი და მაჟორიტარი კანდიდატები, რომლებსაც გასამარჯვებლად უნდა გადაელახათ 40%-იანი ბარიერი. მეორე ტურში გასამარჯვებლად კანდიდატებს სჭირდებათ ხმების უბრალო უმრავლესობა.

XS
SM
MD
LG