Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, "მთავარი არხი" და კომპანია "იფსოსი" შეთანხმებულად მანიპულირებდნენ კვლევებით


"გაყალბება გვაქვს ყოველ ჯერზე, შესაბამისად, ეს არის შეთანხმებული მოქმედება, გადაბრალება კიდევ მეტად დიდი სკანდალია, როცა ცდილობს მთავარი არხი, იფსოსს გადააბრალოს", - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი "მთავარი არხის" მხრიდან Ipsos-თან თანამშრომლობას გაწყვეტის ფაქტს. ის ამბობს, რომ "მთავარი არხი" და "იფსოსი" არ არის "ერთმანეთისგან გამიჯნული ორი კომპანია".

პაპუაშვილი ხაზს უსვამს იმ ფაქტორსაც, რომ საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის საველე კვლევებს საქართველოში კომპანია BCG [ბიზნეს საკონსულტაციო ჯგუფი] ატარებს, რომელიც დაკავშირებულია წარსულში ცესკოს თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილთან. თარხნიშვილი დღეს "ევროპული საქართველოს" წევრია.

"ეს რამე გამონაკლისი კი არ არის? აქამდეც ამას ვამბობდით, რომ ხდებოდა კვლევების მანიპულირება, თუმცა ამის მტკიცება შეგვეძლო მხოლოდ ირიბად არჩევნების შედეგებისა და კვლევის შედეგების შედარებით და, რა თქმა უნდა, როცა არის საშუალოდ 10%-იანი სხვაობა, ეს სხვა არაფერია, თუ არა მანიპულაცია. თუმცა ჩვენ გუშინ მოგვეცა შესაძლებლობა, პირდაპირ ფაქტები გვენახა. აღმოჩნდა, რომ მანიპულაციის კვალი წაშლილი არ იყო. შესაბამისად, ეს გადაბრალება ზედმეტია", - ამბობს შალვა პაპუაშვილი.

"მთავარი არხის" დირექტორმა, ნიკა გვარამიამ დღეს თქვა, რომ ხელშეკრულების პირობების უხეშად დარღვევის გამო არხი წყვეტს ურთიერთობას საერთაშორისო კვლევით ორგანიზაცია "იფსოსთან", რომელიც ტელევიზიის დაკვეთით ატარებდა საზოგადოებრივი აზრის კვლევებს და ეგზიტპოლებს და დავას ყოფილ პარტნიორთან საარბიტრაჟო წესით გააგრძელებს მიღებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

27 ოქტომბერს "მთავარმა არხმა" მისი დაკვეთით შესრულებული IPSOS-ის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა არჩევნების მეორე ტურებში ხმების მოსალოდნელი განაწილების შესახებ. 28 ოქტომბერს მმართველი პარტიის პრესმდივანმა, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ეთერში გასული შედეგები განსხვავდება კვლევითი კომპანიის უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებული მონაცემებისგან და "მთავარი არხი" კვლევებით მანიპულირებაში დაადანაშაულა.

არხის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ 28 ოქტომბერს თქვა, რომ საქმე გვაქვს "სამწუხარო გაუგებრობასთან" და პარტნიორი კომპანიისგან ელიან ახსნა-განმარტებას მომხდარის შესახებ.

კვლევის შედეგებს შორის განსხვავებაა ზუგდიდის შემთხვევაში. "მთავარმა არხმა" თქვა, რომ ზუგდიდში ანზორ მელია იგებდა არჩევნებს, კვლევის მიხედვით, საიტზე გამოქვეყნებული მონაცემებით კი, მის მეტოქეს მმართველი პარტიიდან, მამუკა წოწორიას აქვს უპირატესობა.

30 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის ეგზიტპოლს არ აკეთებს "ფორმულა." იმ შემთხვევაში თუკი მთავარი არხი ვერ იპოვის ახალ კომპანიას ეგზითპოლების ჩასატარებლად, მეორე ტურის ეგზითპოლებს გააკეთებს მხოლოდ ტელეკომპანია იმედი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG