Accessibility links

site logo site logo

თურქეთი სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ერევნიდან დადებით სიგნალებს ელის, ნაბიჯებს ბაქოსთან შეათანხმებს 


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ, CNN Türk-ის ეთერში 29 ოქტომბერს სომხეთ-თურქეთის მომავალ ურთიერთობებს შეეხო ფიზულისა და ზანგელანში თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ ტაიპ ერდოანთან ერთად ვიზიტის შემდეგ,

ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ ბოლო ვიზიტისას, თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვიჩთან, და სხვა პარტნიორებთან ერთად, მათ განიხილეს რეგიონული სტაბილურობისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფისკენ მიმართული ერთობლივი ნაბიჯები.

"ომი დასრულდა და ახლა, აზერბაიჯანის წინადადების თანახმად, მხარეებს შორის სამშვიდობო შეთანხმებას უნდა მოეწეროს ხელი. თუმცა აქამდე სომხეთის მხრიდან დადებითი პასუხი ამ საკითხთან დაკავშირებით არ გამოთქმულა", - ხაზი გაუსვა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ ანკარა მზად არის ამ საკითხის განსახილველად სამმხრივ ფორმატშიც - ანკარა-ბაქო-ერევანი.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის თანახმად, ამ დღეებში თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოანმა, ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე, ზანგელანში, თავის აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად, ხაზი გაუსვა, რომ სომხეთ-თურქეთის ურთიერობების ნორმალიზება დაკავშირებულია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული პრობლემების მოგვარებასთან.

მან განაცხადა, რომ ანკარის პოზიცია სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ უცვლელია: ერევანმა უნდა გამოავლინოს პოლიტიკური ნება და გადაწყვიტოს პრობლემები აზერბაიჯანთან. ამ კონტექსტში, ერდოანმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მხარეების მიერ სახელმწიფო საზღვრების დაზუსტება და ორმხრივი აღიარება.

"თუ სომხეთი გამოავლენს გულწრფელ ნებას აზერბაიჯანთან ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ, მაშინ თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების მოგვარებას არანაირი დაბრკოლება აღარ დარჩება", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG