Accessibility links

site logo site logo

ბრეგაძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა" არის კლასიკურად არაფორმალური მმართველობის ნიმუში


რატი ბრეგაძე

#18 პენიტენციური დაწესებულების შესახებ დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემის დროს, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ილაპარაკა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ.

წამყვანი დაინტერესდა, რას იტყოდა მინისტრი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების განცხადებაზე, რომლის თანახმად, #18 დაწესებულებაში სანიტრებად დასაქმებულები არიან პატიმრები. იუსტიციის მინისტრი პასუხობს: „ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება პატიმარ სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, როგორც მე-18 დაწესებულებაში, ასევე იმ დაწესებულებაში, რომელშიც ის ამჟამად იმყოფება.

ამ ინფორმაციას აცხადებს „ნაციონალური მოძრაობა“ და ეს აუცილებლად უნდა ვთქვა: ეს არის ორგანიზაცია, რომელიც არის კლასიკურად არაფორმალური მმართველობის ნიმუში. ჰყავს ამ, ორგანიზაციას საკუთარი თავმჯდომარე, ეს არის ნიკანორ მელია. თუმცა ამ ორგანიზაციას რეალურად მართავს პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე და რომელსაც არ აქვს პოლიტიკური პარტიის წევრობის უფლება. დიახ, მიხეილ სააკაშვილს ვგულისხმობ. ის რა თქმა უნდა, ციხიდან გასცემს ბრძანებებს“.

იუსტიციის მინისტრს მიაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ხანდაზმულობის ვადა ამოწურულია.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 1 ოქტომბრის შემდეგ შიმშილობს, უარს აცხადებს გლდანის ციხის ტერიტორიაზე არსებულ კლინიკაში მკურნალობის მიღებაზე, მისი ინტერესების დამცველები და ექიმი კი ყოველდღიურად აფრთხილებენ მთავრობას, რომ მდგომარეობა მძიმდება და სააკაშვილი მრავალპროფილიან კლინიკაში საჭიროებს განთავსებას.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში სამედიცინო კონსილიუმის ყოფილი წევრი, ექიმი ზურაბ ფაღავა, ამბობს, რომ კონსილიუმი შეთანხმებული იყო, რომ საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია უნდა განხორციელებდეს "მრავალპროფილურ, მაღალი კვალიფიკაციის ე.წ. C კატეგორიის დაწესებულებაში". ზურაბ ფაღავამ სამედიცინო კონსილიუმის ჯგუფი ჯანმრთელობის მდგომარეობის არგუმენტით დატოვა.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG