Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის მეორე საარჩევნო უბნიდან სამი ორგანიზაციის დამკვირვებლები გააძევეს


ზუგდიდის #2 უბნის კომისიის თავმჯდომარე, მარიანა კვარაცხელია რადიო თავისუფლებასთან აცხადებს, რომ ორი დამკვირვებელი - მამუკა შალამბერიძე ორგანიზაციიდან „მწვანე დედამიწა” და ალექსანდრე ნინუა „აჭარის განვითარების ცენტრიდან”, ერთმანეთში დაპირისპირებისა და კომისიის მუშაობაში ხელის შეშლის გამო გააძევეს.

„კომისიის წევრებთან ძალიან ახლოს იდგა ერთი დამკვირვებელი (ალექსანდრე ნინუა), რომელიც კომისიის წევრებს მუშაობაში უშლიდა ხელს; მეორე დამკვირვებელმა უთხრა - ცოტა მოშორებით დადექიო. ამან გამოიწვია დაპირისპირება. ერთი ძალიან ყვიროდა. შეწუხდნენ კომისიის წევრები და კომისიის წევრების უმრავლესობასთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება მათი გაძევების შესახებ”, - განაცხადა მარიანა კვარაცხელიამ.

თავის მხრივ, ერთ-ერთი გაძევებული, ალექსანდრე ნინუა ამბობს, რომ ის უბანში აკვირდებოდა საარჩევნო პროცესს და წესებს იცავდა; თუმცა ადასტურებს, რომ დაპირისპირება ერთ-ერთ დამკვირვებელთან ჰქონდა, რასაც პროვოკაციად მიიჩნევს.

„პროვოკაცია მოხდა და გამომაგდეს. არ უნდათ ბევრი დამკვირვებელი. თავიანთ ნებაზე უნდათ ყველაფერი გააკეთონ. უკან დაიხიეო. მეტი უკან არ იყო ადგილი. მივმართე კომისიის თავმჯდომარეს. მან რეაგირება არ მოახდინა. მერე ორივე გამოგვაგდეს, ხელს გვიშლითო“, - აღნიშნა ალექსანდრე ნინუამ.

კომისიის თავმჯდომარემ უბნიდან კიდევ ერთი დამკვირვებელი, „ახალგაზრდა თაობის” წარმომადგენელი ნინო გოგიბერიძე გააძევა. კომისიის თავმჯდომარის მტკიცებით, ის უბანზე ვიდეოგადაღებას უწყვეტად აწარმოებდა, რისი უფლებაც არ ჰქონდა და რამდენჯერმე გაფრთხილების მიუხედავად, გადაღების პროცესი არ შეწყვიტა.

XS
SM
MD
LG