უბნებში ამომრჩეველთა აღრიცხვა, სავარაუდო მოსყიდვა, სააგიტაციო მასალების უკანონო განთავსება, ამომრჩეველთა პირადი მონაცემების მონიშვნა, დამკვირვებლების უფლების შეზღუდვა - „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) ანგარიში (16:00 საათის მდგომარეობით) ათობით ფაქტს აერთიანებს.
ანგარიშის თანახმად, ორგანიზაციის დამკვირვებლებმა აღრიცხეს შემდეგი ფაქტები:
- 25 საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე შეინიშნებოდა პირთა საეჭვო შეკრება; აქედან: 12 უბანზე შეკრებილები იყვნენ უბნიდან 100-მეტრამდე რადიუსში, 7 უბანზე - შეკრება 100-მეტრიანი რადიუსის გარეთ, ხოლო 6 უბანზე - როგორც 100-მედტრიან რადიუსში, ასევე ასევე გარეთაც;
- 7 უბანზე ამომრჩეველთა სახელობითი აღრიცხვა მიმდინარეობდა;
- 1 უბანთან გამოვლინდა ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევა. ზეწოლისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტები გამოვლინდა 3 უბანზე;
- ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა დაფიქსირდა 2 უბნის გარე პერიმეტრზე;
- 2 უბნის შემთხვევაში გამოვლინდა კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25-მეტრიან რადიუსში სააგიტაციო მასალის განთავსების ფაქტი;
- 2 უბანზე შეინიშნებოდა ამომრჩეველთა ორგანიზებული და არაერთჯერადი ორგანიზებული ტრანსპორტირება ხმის მისაცემად;
- 2 უბანზე შეინიშნებოდა კომისიის წევრების საეჭვო კომუნიკაცია უბნის გარეთ მყოფ პირებთან.
ანგარიშში აღწერილია სავარაუდო დარღვევების ათობით ფაქტი. ერთ-ერთი შემთხვევის თანახმად, ქუთაისის #5 საარჩევნო უბანთან დაუდგენელმა პირებმა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ, მას შემდეგ, რაც დამკვირვებელმა მიმდებარე ტერიტორიაზე დააფიქსირა ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი.
ფოთის საარჩევნო ოლქის #7 საარჩევნო უბანზე ნაკადის მარეგულირებელი კომისიის წევრი ამომრჩეველთა შემოწმებას ახდენდა საარჩევნო უბნის შესასვლელიდან 20-მეტრის დაშორებულ ტერიტორიაზე, „რის გამოც მარკირების შემოწმების პროცესზე დაკვირვება პრობლემური იყო“.
ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #16 საარჩევნო კომისიის რეგისტრატორი კომისიის წევრი სამაგიდო სიის მიღმა აღრიცხავდა ამომრჩევლის ვინაობას, „რაც მონაცემების უკანონო დამუშავებაა“.
ასევე, მაგალითად:
- რუსთავის საარჩევნო ოლქის #47-ე საარჩევნო უბანზე დაახლოებით 11:20 საათზე შევიდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, რომელმაც რეგისტრატორ კომისიის წევრებს წინ დაუდო სიები და მოსთხოვა მოენიშნათ იმ ამომრჩევლების რიგითი ნომრები, რომლებიც უკვე გამოცხადდნენ არჩევნებზე. „აღნიშნულთან დაკავშირებით კომისიის თავმჯდომარეს რეაგირება არ მოუხდენია“;
- ბათუმის საარჩევნო ოლქის #49 საარჩევნო უბანზე ა(ა)იპ „სოციალური გარემოს“ დამკვირვებელი დგას ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის გვერდით, ტელეფონის კამერის გამოყენებით აფიქსირებს მოსულ ამომრჩეველს და აფერხებს მათ - „კომისიის მოწოდებას, შეწყვიტოს ამომრჩეველთა აღრიცხვა, იგი არ ემორჩილება“;
- საბურთალოს საარჩევნო ოლქის #8 საუბნო საარჩევნო კომისიის რეგისტრატორმა კენჭისყრაში მონაწილეობა მიაღებინა სხვა უბნის სპეციალურ სიაში მყოფ ამომრჩეველს;
- ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #74 საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის დაბრუნების შემდეგ აღმოჩნდა, რომ კომისიის წევრებმა სამით ნაკლები ბიულეტენი და კონვერტი დააბრუნეს - „კერძოდ, უბნის დატოვებამდე მათ გადაეცათ 40 საარჩევნო ბიულეტენი და ამდენივე სპეციალური კონვერტი. გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში იყო 35 ამომრჩევლის ხელმოწერა. კომისიის წევრებმა უკან დააბრუნეს მხოლოდ ორი სპეციალური კონვერტი და ბიულეტენი. მათ არ დაუბრუნებიათ დარჩენილი 3 სპეციალური კონვერტი და ბიულეტენი“.
- საბურთალოს საარჩევნო ოლქის #45 საარჩევნო უბნის შენობიდან 25 მეტრამდე მანძილზე გამოკრულია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო პლაკატი;
- ფოთის საარჩევნო ოლქის #28 საარჩევნო უბანთან, 25 მეტრის ფარგლებში, განთავსებულია “ქართული ოცნების” ფოთის მერობის კანდიდატის, ბექა ვაჭარაძის საარჩევნო პლაკატი.
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში შეტანილია 33 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიებში - 17 საჩივარი. 18 შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში.