Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის 43-ე უბანზე მინა ჩაამტვრიეს


ქუთაისში, 43-ე საარჩევნო უბანზე ფანჯარას ქვები ესროლეს - მომხდარის შესახებ ინფორმირებულია პოლიცია. კომისიის თავმჯდომარე, ირაკლი კინწურაშვილი ამბობს, რომ ქვის ფანჯრის შუშაზე მოხვედრის ხმა გაიგო და ამის შესახებ უბანთან მყოფი პოლიციის ეკიპაჟს მიაწოდა ინფორმაცია, თუმცა ფანჯრის შუშა ამ შემთხვევის შედეგად არ ჩატეხილა.

"გავიგონე "წკაპ", გაიხედა ქალბატონმა, გატეხილი და იყო და ეგრევე გავაგებინეთ ჩვენზე მომაგრებულ პატრულის ეკიპაჟს. კენჭის მოხვედრის ხმა იყო, მაგრამ ხომ უყურებთ, ეგ სამი-ოთხი წლის დაზიანებულია. მე მივიღე ის ზომა, რისი ვალდებულემაც მქონდა. ხმის მიცემის პროცესი არ შეჩერებულა. ვინ ესროლა, არ ვიცი - გავიხედეთ და გარეთ კაცი-შვილის ჭაჭანება არ იყო" - უთხრა ჟურნალისტებს ირაკლი კინწურაშვილმა, საუბნო კომისიის თავმჯდომარემ.

"ხმის მიცემა მიმდინარეობდა საკმაოდ მშვიდ ვითარებაში, გარედან მოხვდა ფანჯარას ქვები და გამოვიძახეთ პოლიცია, მეთვალყურეობა რომ გააძლიერონ. ახლა ხმის დათვლა დაიწყება და პროვოკაციებისგან რომ ვიყოთ დაცული, ვთხოვეთ პოლიციას" - ამბობს ცოტნე აბესაძე, დამკვირვებელი "ოლ მედიადან."

ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მერის ასარჩევად იმართება. ერთმანეთს მმართველი პარტიიდან იოსებ ხახალეიშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე უპირისპირდებიან.

XS
SM
MD
LG