ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში 2396 ბიულეტენი გაბათილდა. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ლარინა ლალიაშვილის ინფორმაციით, მეორე ტურში ხმა მისცა 69 871-მა ამომრჩეველმა, მათგან 34 925-მა „ქართული ოცნების“ კანდიდატს, იოსებ ხახალეიშვილს და 32 703-მა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ხატია დეკანოიძეს. ხახალეიშვილმა დეკანოიძეზე 2222 ხმით მეტი მიიღო.
საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, პირველ ტურში, რომელიც 2 ოქტომბერს ჩატარდა, გაბათილდა 7255 ბიულეტენი, მათგან 3074 მერობის კანდიდატის ასარჩევი, ხოლო დანარჩენი - საკრებულოს წევრების. პირველ ტურში დეკანოიძეს ხახალეიშვილზე 1232-ით მეტი ხმა ჰქონდა, თუმცა, პირველივე ტურში გასამარჯვებლად საჭირო, ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. პირველი ტურის შემდეგ, ზოგიერთ უბანზე ხმების გადათვლის შედეგად იყო შემთხვევები, როცა ბიულეტენები არასწორად გაბათილებული აღმოჩნდა, თუმცა, საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებდნენ, რომ ამას საერთო შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.
საარჩევნო კოდექსით, ბიულეტენი ბათილად მიიჩნევა, თუ დამოწმებული არ არის ამომრჩეველთა რეგისტრატორის ხელმოწერითა და სპეციალური ბეჭდით, შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა, სპეციალურ კონვერტში აღმოჩნდა დადგენილ რაოდენობაზე მეტი საარჩევნო ბიულეტენი, სპეციალური კონვერტი არ არის დადგენილი ნიმუშის, ბიულეტენი საარჩევნო ყუთში აღმოჩნდა სპეციალური კონვერტის გარეშე და ბიულეტენი განკუთვნილი იყო სხვა საარჩევნო უბნისთვის.
30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დასრულების შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ქუთაისში გაბათილებული ბიულეტენების დიდი ნაწილი ოპოზიციის მხარდამჭერთა ხმებია.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა დღეს, 31 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ სხვადასხვა ოლქში ბიულეტენების გაბათილების საკითხს დღის განმავლობაში შეისწავლიან: „არ ვფიქრობ, რომ იქ ნამდვილად რაღაც გადაჭარბებულ შემთხვევებთან გვაქვს საქმე, თუმცა, დეტალურად ჩვენ გავეცნობით, ასევე, მოვახდენთ ანალიზს შესაბამისი რაოდენობის სხვა წლებთან მიმართებაში, პირველ ტურთან მიმართებაში და ამის შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას შესაბამისი ანალიზის განხორციელების შემდეგ მოგახსენებთ“.
კალანდარიშვილის განმარტებით, საარჩევნო პროცედურების თანახმად, კონკრეტული ბიულეტენის ბათილად მიჩნევა-არმიჩნევის საკითხს საუბნო საარჩევნო კომისია წყვეტს და თუ დადასტურდება კომისიის არასწორი გადაწყვეტილების რომელიმე შემთხვევა, არსებობს რეაგირების სამართლებრივი გზები ზემდგომი კომისიების მხრიდან. ცესკოს თავმჯდომარემ მოუწოდა ყველა დაინტერესებულ მხარეს, ვისაც კითხვის ნიშნები აქვს, სამართლებრივი გზებით ისარგებლოს.
დაწერეთ კომენტარი