Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ამ მოცემულობით არსად ჩვენ არ მიგვიღებენ


„გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურა გირჩი ჯაფარიძე ფეისბუკზე საჯარო პოსტს აქვეყნებს და წერს, საქართველოს მსხვილ ქალაქებში, მოქალაქეების უმრავლესობამ, მისი სიტყვებით, არსებულ სისტემას, ამჟამად მის მმართველ პარტიასა და ლიდერს უთხრა "არა" და ეს მოხდა „მიუხედავად შანტაჟისა, დაშინებისა, მოსყიდვისა, ქურდებისა, ეპისკოპოსებისა, სსიპ-ებისა, ააიპ-ებისა და ათასი ნაბიჭვრობისა“:

„ეს ნიშნავს რომ ჩვენ არ გვინდა ჭაობი, კორუფცია, სტაგნაცია, ვალები, უიმედობა, უპერსპექტივობა, მონობა... ღარიბაშვილობა. ეს ნიშნავს რომ არ გვინდა რუსეთი, მაგრამ გვაქვს ამ საკუთარი ნების პოლიტიკურად გაფორმების პრობლემა“, - წერს ზურა ჯაფარიძე.

პოლიტიკოსის შეფასებით, სისტემა, რომელსაც ხალხი დაუპირისპირდა, ბოროტი და თავისი არსით საბჭოთა სისტემაა, რომელიც ხალხის გადახდილი გადასახადებით, შვილების მიერ მომავალში (თუ დარჩა აქ რომელიმე) გასასტუმრებელი ვალებით, ინფლაციით და დღემდე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონებით აფინანსებს ხმების ყიდვას და ამით „უნარჩუნებს ძალაუფლებას ივანიშვილსა და მის ოცნებას".

ჯაფარიძის სიტყვებით, შედეგად დღეს საქართველოს ჰყავს არალეგიტიმური, უზურპატორი ხელისუფლება, ხოლო ამ მოცემულობით, წერს ზურა ჯაფარიძე, „განვითარებაზე ფიქრი ზღაპარია და ამ მოცემულობით არსად ჩვენ არ მიგვიღებენ“:

„ამ მოცემულობასთან შეუგუებლობა თავმოყვარეობის და ღირსების საკითხია. ჩემი აზრით მოსაფიქრებელია ბრძოლის ახალი, გზები და ფორმები. მაგრამ ეს ბრძოლა ვერ იქნება მარტო ჩემი, ჩემი პარტიის ან მარტო პარტიების ბრძოლა. თუ გესმის რას ვებრძვით, მაშინ ისიც უნდა გესმოდეს რომ ეს ყველას ბრძოლაა. ყველას მოგვიწევს ამაზე დროის და ენერგიის დახარჯვა“, - წერს "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG