Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირველი ნოემბრიდან საქართველოში AstraZeneca-თი ვაქცინაცია შეჩერდა


პირველი ნოემბრიდან, საქართველოში „ასტრაზენეკას“ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა შეჩერდა.

დღეიდან იმ პირებს, ვინც „ასტრაზენეკას“ პირველი დოზით აიცრა, ალტერნატიულ ვაქცინებს, “ფაიზერს“, „სინოფარმს“ ან „სინოვაკს“ შესთავაზებენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში შემოტანილ „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს ვადა გაუვიდა.

მისივე ინფორმაციით, ძირითადად აუთვისებელი დარჩა დონაციის გზით მიღებული "ასტრაზენეკას" დოზები. ერთ-ერთი ასეთი დონაცია ივლისში განხორციელდა. საქართველომ ლიეტუვასგან საჩუქრად მიიღო „ასტრაზენეკას“ 15 ათასი დოზა ვაქცინა.

როგორც გამყრელიძე განმარტავს, მომავალ კვირაში დაზუსტდება "ასტრაზენეკას" რამდენი დოზა დარჩა გამოუყენებელი. სავარაუდოდ, ლაპარაკი შეიძლება იყო 15 ათასამდე აუთვისებელ დოზაზე.

24 ოქტომბრის მონაცემებით, ბრიტანულ-შვედური კომპანიისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი ვექტორული ტიპის ვაქცინით, „ასტრაზენეკათი“, საქართველოში ერთი დოზით აიცრა 61 456 ადამიანი, მათგან მეორე დოზა მიიღო 58 689 ადამიანმა.

საქართველოში ყველაზე ცოტა ადამიანი სწორედ "ასტრაზენეკათია" აცრილი.

ვაქცინაციის პროცესი საქართველოში მიმდინარე წლის 15 მარტს, სწორედ „ასტრაზენეკათი“ დაიწყო. ამ ვაქცინით შესაძლებელი იყო 45 წლის და უფროსი ადამიანების ვაქცინაცია.

დღესდღეობით, ვაქცინაციის პროცესი ქვეყანაში ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს. 30 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში მხოლოდ 2711 ადამიანი აიცრა. 31 ოქტომბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 977 317 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 035 872 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 36.5 %; სრულად ვაქცინირებულია 939 711 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 32.9%.

ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, 2021 წლის ბოლოსთვის, საქარველოში მოზრდილი მოსახლეობის 60% უნდა ყოფილიყო სრულად ვაქცინირებული.

XS
SM
MD
LG