Accessibility links

site logo site logo

რთული ეპიდსიტუაციის გამო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში არასამუშაო კვირა გამოცხადდა


1 ნოემბრიდან ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში არასამუშაო დღეები გამოცხადდა. დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განკარგულებით, 7 ნოემბრის ჩათვლით დასაქმებული პირები დაისვენებენ ისე, რომ მათ ხელფასი შეუნარჩუნდებათ. არასამუშაო დღეები გამოცხადდა რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის და ახალი კორონავირუსის შემდგომი გავრცელების პრევენციის მიზნით - ნათქვამია ბიბილოვის მიერ გამოცემულ განკარგულებაში, რომელსაც ოსური მედია ავრცელებს.

ოკუპირებულ რეგიონში არასამუშაო დღეებში დაწესებულია მთელი რიგი შეზღუდვები, გამონაკლისი იქნება დაწესებულებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ქალაქის ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებას და განსაკუთრებული დანიშნულების ობიექტები. არასამუშაო კვირაში იმუშავებს ე.წ. ეროვნული ბანკი და დე ფაქტო ფინანსთა სამინისტრო, ასევე დე ფაქტო რესპუბლიკის განსაკუთრებული მნიშვნელობის სხვა სამინისტროები და დეპარტამენტები, რომლებსაც განკარგულებით ევალებათ დაადგინონ იმ თანამშრომელთა რაოდენობა, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ ფუნქციონირებას.

სკოლის მოსწავლეები 1-დან 7 ნოემბრამდე დისტანციურ სწავლებაზე გადაიყვანეს, რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, გამოცხადებულია არდადეგები. დე ფაქტო რესპუბლიკაში შეჩერებულია სპორტული სკოლების, კულტურული განყოფილებების მუშაობა, აკრძალულია მასობრივი ღონისძიებები, ხოლო დახურულ სივრცეებში მოქმედებს პირბადეების ტარების სავალდებულო რეჟიმი.

ჯანდაცვის დაწესებულებები მოქალაქეებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევას არასამუშაო დღეებშიც გააგრძელებენ. ოკუპირებულ რეგიონში COVID-19-ის შემთხვევების ზრდა სექტემბრის ბოლოს დაიწყო.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 88 ახალი შემთხვევა გამოავლინეს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტო რესპუბლიკაში ინფიცირების 9 ათასამდე შემთხვევა გამოვლინდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG