Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საშუალო სტატისტიკური ქართველი


ავტორი: დავით გვრიტიშვილი

რახან ამ თემით დაინტერესდით და ამ ტექსტს კითხულობთ, სავარაუდოა, რომ სათაურის წაკითხვისთანავე თქვენში ტრიალებდა აბსტრაქტული აზრები: როგორია საშუალო სტატისტიკური ქართველი? კარგი მოქეიფე? კარგი მსმელი? კუდაბზიკა? ამბიციური? ზარმაცი? ერთგული? თუ, აი, როგორი?

დიდხანს ვფიქრობდი როგორ წარმომედგინა თქვენთვის საშუალო სტატისტიკური ქართველი და მომივიდა აზრად, ამეღო პროტოტიპი და დამეხასიათებინა ერთი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული საქართველოს მოქალაქე.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ გიორგი ბერიძეს, დაიბადა 2002 წელს, შესაბამისად, 19 წლისაა, არის სტუდენტი ბათუმიდან და ცხოვრობს თბილისში. სიმაღლე 177სმ, გარეგნობა - დამაკმაყოფილებელი. უყვარს ანიმეს ყურება, მეგობრებთან ერთად პარკში ყოფნა და ფილმების ღამისთევით ყურება. არის სრულიად აპოლიტიკური, მაგრამ მაინც პოლიტიკის მეცნიერებებზე სწავლობს, რატომ თვითონაც არ იცის. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ნორმალური შედეგები აჩვენა და ამ ფაკულტეტზე მოხვდა, პრინციპში მნიშვნელობაც არ ჰქონდა რომელ ფაკულტეტზე ისწავლიდა. სწავლით ალაგ-ალაგ, პერიოდულად სწავლობს და აქტიურობს ხოლმე ლექციებზე, დიდად არ იკლავს თავს მეცადინეობით და შრომით. ენები იცის, ანიმეებით იაპონური ისწავლა, „FRIENDS”-ით სალაპარაკო ინგლისური ვისწავლეო, როგორც თვითონ ამბობს ხოლმე. მოკლედ, საინტერესო ტიპაჟია, უბრალოდ არასწორ ადგილას დაიბადა.

ჩემი ინტერესის საგანია, რა მომავალი აქვს რიგით საშუალო სტატისტიკურ გიორგის ამ ქვეყანაში? ჯერჯერობით ის მარტოხელა ემიგრანტი დედის გამოგზავნილი თანხებით ცხოვრობს. სულზე მოუსწრო დოლარის კურსის ზრდამ, თორემ ადრე იმ თვიურად გამოგზავნილ 400$-ში 600 ლარზე ცოტა მეტი თანხა გამოსდიოდა, ახლა კიდევ 1250 ლარად ახურდავებს, რაც ცოტა არაა, მაგრამ ამ თანხით რამდენ საქმეს გასწვდეს უკვე ვეღარ წარმოუდგენია. 72 წლის ბებოს პენსია კი აქვს, მაგრამ ბებოს პენსია თუ 2013 წელს 86$-ის მყიდველუნარიანობა ჰქონდა, დღეს 73$-მდე დაეცა, არადა პროდუქტებზე ფასებმა კატასტროფულად იმატა, 50 თეთრიანი პური 1 ლარი ღირს, 2 ლარიანი წიწიბურა 5 ლარი, 13 ლარიანი საქონლის ხორცი 18-19 ლარი, 2 ლარიანი საწვავი 3.25 ლარი(რომელიც ყველაფერზე ზრდის ავტომატურად ხარჯებს, რადგან ლოჯისტიკისთვის აუცილებელი რესურსია) და ა.შ., სია დაუსრულებელია.

თვითონ გიორგი რას აპირებს? აპირებს, რომ დაამთავროს უნივერსიტეტი, თუ შეძლო თავისი ინგლისურის ცოდნით გაცვლით პროგრამაზე წასვლა, ხომ კარგი, თუ არა და არც მაგის გამო ინერვიულებს დიდად. უნდა, რომ ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ მაგისტრატურაზეც ისწავლოს, ოცნებობს მაღალშემოსავლიან სამსახურზე და დაახლოებით 5000 ლარიან ხელფასზე, რატომაც არა, აქვს ამბიცია, რომ ქვეყნის დასაქმებულთა კატასტროფულ 0.5%-იან მაჩვენებელში მისი შემოსავლებიც აისახოს.

ამ ყველაფერზე ოცნებობს, მაგრამ თვითონაც კარგად იცის, რომ სწავლის დასრულების შემდეგ ან კურიერად მოუწევს მუშაობა ან ერთ-ერთ ჰიპერმარკეტში გროშებზე კონსულტანტად მუშაობა, ან კიდევ მთლად საშინელი, რომელიმე განთქმულ კომპანიაში „ანაზღაურებად“ ექვსთვიან ან ერთწლიან სტაჟირებაზე და საკითხავია იმ დამამცირებელ „ანაზღაურებას“ რამდენად აიღებს. პირველ ორ ვარიანტს არც განიხილავს, კურიერად და კონსულტანტად მუშაობას დედამისი უკრძალავს ვიდეოზარით, ეუბნება, აქ მე აბა რისთვის ვარო და მესამე ვარიანტი კიდევ დიდად არ ხიბლავს, ეზარება ამდენ ხანს გაურკვევლად მუშაობა, მისი შტატში აყვანა ხომ სათუოა.

რა ქნას გიორგიმ, ცოლის მოყვანას ჯერ არ აპირებს 32-33 წლამდე, არადა ჯარის საკითხიც აწუხებს. რაღაც ორგანიზაციებში სასულიერო პირად გაფორმება მოძღვარმა აუკრძალა, ცოდვააო, ღმერთი არ გაპატიებსო. არადა 2-3 წელიწადში შეახსნებენ თავს კომისრები, ხომ ხართ მზად სამშობლოსთვის უდარაჯოთ სახელმწიფო სტრუქტურების შენობებსო, რაც ძალიან ეზარება გიორგის. მოკლედ, ამ საკითხსაც უნდა მიხედოს.

ამდენი პრობლემის მიუხედავად გიორგის მთავარი პრობლემა მაინც დედის ემიგრანტობაა, ის ვერ უმკლავდება ამდენ პრობლემას, ჯერ ახალგაზრდაა და ამდენი საფიქრალისგან მეგობრებთან ერთად განიქარვებს ხოლმე საღამოობით. პრინციპში, შეიძლება ითქვას რომ ღამის ცხოვრება მისი აპოთეოზია და მის გარეშე უკვე ვეღარც იარსებებს. სახლში ბებო ელოდება, უკვე ანადუღარი წყლით, რომ ავახშმოს, ახალგაზდრობის ისტორიები მოუყვეს და ტკბილად დაიძინონ.

ასე გაგრძელდება წლობით, დაუსრულებლად.

გიორგი საშუალო სტატისტიკური ქართველია.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG