Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

EU-ის ელჩის შემდეგ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრების დანიშვნას აშშ-ის საელჩოც აკრიტიკებს


ევროკავშირის ელჩის შემდეგ საქართველოში აშშ-ის საელჩოც აკრიტიკებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის დანიშვნას. საელჩო ამ პროცესს აფასებს როგორც გაუმჭვირვალეს და ნაჩქარევს უწოდებს.

"შეერთებული შტატები დიდი ხანია ესწრაფვის კვალიფიციური და საქმისადმი ერთგული მოსამართლეთა კორპუსის ჩამოყალიბებას და, ამავდროულად, მოუწოდებს რეფორმების განხორციელებისკენ, რომელიც იმ მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების შესაძლებლობას გააჩენს, რომლებიც ძირს უთხრიან სასამართლო სისტემის ლეგიტიმურობას...

სასამართლო სისტემის ლიდერები ამტკიცებენ, რომ სასამართლო სისტემას უსამართლოდ აკრიტიკებენ გამჭვირვალე და დამსახურებაზე დაფუძნებული დანიშვნების, დაწინაურების ან ცვლილების არარსებობის გამო. თუმცა, როდესაც მოსამართლეთა კონფერენცია ნაჩქარევად იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს კონკურსისა და გამჭვირვალობის გარეშე, იგი წარმოაჩენს, რომ არ სურს რეფორმების განხორციელება, რომელმაც უნდა გაზარდოს გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და საზოგადოების ნდობა დანიშვნების პროცესის, კანდიდატებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ. სასამართლო სისტემის ბევრი კვალიფიციური პროფესიონალი წევრი, რომელიც დახურული სისტემის გამო გამოთიშულია ამ პროცესიდან, უკეთესს იმსახურებს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

საელჩო საქართველოს ახსენებს, რომ ეთიკური სასამართლო სისტემა ქვეყნის კანონის უზენაესობასთან შესაბამისობის ხერხემალია:

"ნდობა დამოუკიდებელი და პროფესიონალი სასამართლო სისტემის მიმართ, რომელიც ხალხს ემსახურება, უაღრესად მნიშვნელოვანია სტაბილური ზრდისა და ქართული და უცხოური ბიზნესინვესტიციების მოსაზიდად. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს იმ რეფორმების მხარდაჭერას, რომელიც გაზრდის ანგარიშვალდებულებას, პროფესიონალიზმსა და გამჭვირვალობას და დაეხმარება საქართველოს, მიიღოს ისეთი მართლმსაჯულების სისტემა, რომელსაც ქართველი ხალხი იმსახურებს და რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მიერ არჩეული ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე".

31 ოქტომბერს, საქართველოში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების მეორე დღეს, მოსამართლეთა კონფერენცია გაიმართა. ამ კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრი, პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი აირჩეს. მათ თამარ ონიანი და თეა ლეონიძე ჩაანაცვლეს, რომლებმაც ეს თანამდებობა დატოვეს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვანი როლის მატარებელი უწყებაა. საბჭო ნიშნავს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეებს უვადოდ, ასევე პარლამენტს წარუდგენს უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნ კანდიდატთა სიას.

ამ პროცესს გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი სპეციალური განცხადებით. ის ამ დანიშვნებს ბოლო ოთხ თვეში უკან გადადგმულ მეხუთე ნაბიჯს უწოდებს.

"დანიშვნები იყო ნაჩქარევი, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული. შესაბამისად, ისინი ეწინააღმდეგება საქართველოს ვალდებულებებს, რომლებიც მიზნად ისახავს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების, ხარისხისა და ამ სისტემისადმი ნდობის გაზრდას, ევროკავშირი - საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად", - აღნიშნულია განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG