Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უარი დახმარებაზე - უარი რეფორმებზე? - მწვავე გამოხმაურებები ევროპარლამენტარებისგან


ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე საქართველოს მთავრობის უარი ევროპარლამენტარების და დიპლომატების ნაწილმა დასავლეთზე ორიენტირებული რეფორმების გატარებაზე უარის ნიშნადაც ჩათვალა.

ერთ-ერთი ყველაზე მწვავე განცხადება ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა გააკეთა და ტვიტერზე დაწერა:

„სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა მემორანდუმში ჩამოთვლილი პირობები მეორე ტრანშის მისაღებად (75 მილიონი ევრო), მათ შორის, სასამართლო რეფორმა და ა.შ. თქვენ არ შეგიძლიათ უარყოთ ის, რისი უფლებამოსილებაც თქვენ არ გეკუთვნოდათ”.

რას ნიშნავს ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმა?

ვკითხეთ ვიოლა ფონ კრამონს, რომელმაც რადიო თავისუფლებას უპასუხა, რომ შუა კორონავირუსის კრიზისის დროს ევროკავშირმა შეიმუშავა აღმდგენი გეგმა არა მხოლოდ მისი წევრი სახელმწიფოების, არამედ მეზობელი ქვეყნების დასახმარებლადაც - ევროკავშირის მეზობლებისათვის, განსაკუთრებით კი, ბალკანეთის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის შეიქმნა ძალიან შეღავათიანი მაკრო-ფინანსური დახმარების პაკეტი.

ვიოლა ფონ კრამონი, ევროპარლამენტარი
ვიოლა ფონ კრამონი, ევროპარლამენტარი

მისი სიტყვებით, დახმარების რაოდენობა ქვეყნის სიდიდით განისაზღვრა და შესაბამისად, თუ ამ გეგმით საქართველოსთვის 150 მილიონი ევრო გამოიყო, გაცილებით დიდი უკრაინისა და მოლდოვისთვის დახმარების სახით განისაზღვრა 1,2 მილიარდი და 100 მილიონი ევრო.

მაგრამ ამ დახმარების მიღებას, როგორც ეს ევროკავშირსა და დახმარების მიმრებ ქვეყანას შორის გაფორმებული მემონანდუმით იყო განსაზღვრული, ჰქონდა დემოკრატიულობის პირობითობა:

„საქართველოს შემთხვევაში, სხვა საკითხებთან ერთად, მთავარი პირობა იყო სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და ხარისხის გაზრდა“, - გვეუბნება ვიოლა ფონ კრამონი.

მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობას არც უთქვამს უარი და არც შეეძლო ამ უარის თქმა მეორე ტრანშზე, 75 მილიონ ევროზე, რადგან ეს თანხა არ იქნებოდა მისთვის უზრუნველყოფილი იმიტომ, რომ საქართველოს მთავრობამ ვერ შეასრულა ურთიერთგაგების მემორანდუმში მითითებული პირობები:

„საქართველოს მთავრობამ ეს ძალიან კარგად იცოდა“.

ვიოლა ფონ კრამონი რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ ამ პირობების დაცვა გააძლიერებდა პირველ რიგში, საქართველოს სახელმწიფოებრიობას, მოიტანდა მისი ხალხის კეთილდღეობას და დააახლოვებდა მას ევროკავშირთან.

„ხოლო რაც შეეხება დახმარების ფინანსურ ნაწილს, ის საქართველოს მიეცა უაღრესად შეღავათიანი პირობით, პირველი ტრანშს, როგორც მე ვიცი, აქვს ჯამური უარუოფითი განაკვეთი, რაც დახმარების მომსახურებას ძალიან, ძალიან უადვილებს საქართველოს“, - გვეუბნება ევროპარლამენტარი.

ვიოლა ფონ კრამონი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ეს გადაწყვეტილება მიუთითებს უფრო ფართო პრობლემაზე, ვიდრე დახმარების მიღება-არმიღების საკითხია - ეს არის საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ან უსურვილობა ან უუნარობა სასამართლო სისტემის რეფორმირების კუთხით.

„ჩვენ ევროპარლამენტში, ისევე როგორც სხვა პარტნიორებმა ვაშინგტონიდან, ეუთოდან და ვენეციის კომისიიდამ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება სასამართლო რეფორმის გარეშე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შესახებ, ეწინააღმდეგება საქართველოს ხალხის ინტერესებს იცხოვროს სამართლიან და თავისუფალ ქვეყანაში“.

ევროპარლამენტარი ამბობს, რომ საქართველოს წინ ელის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ამ არჩევნების კონტექსტში „ქართული ოცნების“ და მისი ხელმძღვანელობის ნაბიჯები გასაგებია:

„სამწუხაროდ, როგორც ეს ხშირად ხდება საქართველოში, პოლიტიკურმა პარტიებმა მოკლევადიანი ეგოისტური მიღწევები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენეს“, - უთხრა ვიოლა ფონ კრამონმა რადიო თავისუფლებას.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელ ტვიტერზე აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელიც გამოეხმაურა. ის წერს, რომ „საქართველოს დასავლეთზე ორიენტირებული რეფორმებისგან აშორებს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება უარი თქვას ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილის აღებაზე“.

"რთულია იმის ყურება, რომ ეს გადაწყვეტილება სხვა არაფერია, თუ არა იმ სტრატეგიის ნაწილი, რომლის მიხედვითაც, საქართველო შორდება აუცილებელ, დასავლეთზე ორიენტირებულ რეფორმებს", - წერს კელი ტვიტერზე.

იან კელი, აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში
იან კელი, აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში

ტვიტერზევე ეხმაურება ღარიბაშვილის განცხადებებს NDI საქართველოს ყოფილი დირექტორი ლორა თორნტონი, რომელიც შენიშნავს:

ეს არჩევანი ბევრს ამბობს ... ფულსაც კი არ შეუძლია წაახალისოს საქართველო დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში?

ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ ევროკავშირის შიგნით ისინი ძალზედ შეშფოთებულები არიან, მაგრამ ასევე აღნიშნა:

„მე ვენდობი ქართველ ხალხს, რომელიც ძალზედ პროევროპულია. მთავრობა ვერ მისდევს თავისი ერის მიმართულებას, რომელიც მიიღწვის ევროკავშირისკენ“.

ანდრიუს კუბილიუსი, ევროპარლამენტის დეპუტატი
ანდრიუს კუბილიუსი, ევროპარლამენტის დეპუტატი

ანდრიუს კუბილიუსმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო "საკმაოდ უცნაური გადაწყვეტილება":

"ევროკავშირი არ იყო მზად საქართველოსთვის მიეცა ეს დახმარება იმ მარტივი მიზეზით, რომ ის არ ასრულებდა იმ პირობებს, რომლებიც მოჰყვებოდა ამ დახმარების პაკეტს. პრობლემა სწორედ ესაა, რომ მთავრობამ ამ პირობების შესრულება ვერ შეძლო და ეს ძალიან ცუდია, რადგან ეს ყველაფერი ქართველი ხალხის ცხოვრებას აზიანებს. ევროკავშირი რას მოითხოვდა? მოითხოვდა კანონის უზენაესობის ევროპულ სისტემას და სასამართლო სისტემის რეფორმას. ჩემთვის სწორედ ესაა მნიშვნელოვანი - მათი დეკლარირებული განცხადება, რომ ისინი არ არიან მზად ძალიან საჭირო რეფორმების გასატარებლად".

ნიშავს თუ არა ეს „არა“ დახმარებაზე გარკვეულწილად "არას" დასავლურ ღირებულებებზე? ვკითხეთ კუბილიუსს.

"რა არის დასავლური ღირებულები? მაგალითად ისევ და ისევ კანონის უზენაესობა ხომ? ეს ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია, რომელიც ყველა ქვეყანამ უნდა გადადგას თუ მას ევროკავშირში ინტეგრაცია სურს და როდესაც მთავრობა უარს ამბობს ასეთი რეფორმების გატარებაზე, ეს იმაზეც მეტყველებს, რომ ეს მთავრობა არ არის მზად იმ ნაბიჯების გადასადგმელად, რომელიც საჭიროა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისათვის. მთავრობის ეს გადაწყვეტილება აზიარებს ქართველი ხალხის ნამდვილ ოცნებას, ქვეყანა გახდეს ევროკავშირის ნაწილი".

რადიო თავისუფლება ასევე დაინტერესდა ევროპარლამენტარის მოსაზრებით, იქონიებს თუ არა ეს გავლენას მომავალში ურთიერთობებზე?

ანდრიუს კუბილიუსი გვეუბნება, რომ მომხდარი პრობლემას გააჩენს არა საქართველოსა და ევროკავშირს შორის, არამედ ამ მთავრობასა და ევროკავშირის ინსტიტურებს შორის, იმიტომ, რომ მათი ნდობა სულ უფრო უკან წავა ამ მთავრობის მიმართ. რაც უფრო ნაკლებ რეფორმას გაატარებს ეს მთავრობა, რასაც მისგან მოელის ევროკავშირი, მხარდაჭერაც სულ უფრო ნაკლები იქნება.

ანდრიუს კუბილისმა ასევე გვითხრა, რომ ევროპარლამენტარების ის ჯგუფი, ვისაც ნამდვილად აინტერესებს საქართველოს მომავალი ინიტეგრაცია ევროკავშირში, მთავრობის ამ გადაწყვეტილებით ძალიან უკმაყოფილოა.

უარი დახმარებაზე ანუ რა მოხდა მოკლედ

31 აგვისტოს, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა ჯულიენ კრამპმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა გაითვალისწინა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება მაკროფინანსური დახმარებაზე უარის თაობაზე და შედეგად, საქართველო ვეღარ მიიღებს მაკროფინანსური დახმარებას 75 მილიონ ევრო ოდენობით, რომელიც მისივე სიტყვებით უნდა მოხმარებოდა საქართველოს მოსახლეობის დახმარებას კოვიდპანდემიასთან გამკლავებაში და ზოგადად, „მოქალაქეების კეთილდღეობას“.

კრამპმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი“.

ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე კი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირისგან დახმარების მიღებაზე უარი განაცხადა და ამიზეზად საგარეო ვალის შემცირება დაასახელა. ხოლო საქართველოს მოსახლეობას შეახსენა, რომ „ეს არის სესხი, რომლის ნაწილიც 2020 წელს ავიღეთ და 75 მილიონის მეორე ნაწილი იყო სესხი, ეს არ იყო გრანტი და დახმარებაო“.

ევროკავშირისგან ამ დახმარების მიღებას ჰქონდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული მემორანდუმით გაწერილი წინაპირობები, რომელიც საქართველოს მთავრობას უნდა შეესრულებინა.

ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება იყო სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, რაც თავის თავში გულისხმობდა სისტემის გამჭვირვალობას, დამსახურებაზე დაფუძნებულ შერჩევის კრიტერიუმებს პირველადი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა დანიშვნისას და ა.შ.

მაგრამ სწორედ ამ მემორანდუმის გაფორმების შემდეგ მოხდა ის, რომ 12 ივლისს, პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 6 კანდიდატი დაამტკიცა. როგორც სამოქალაქო სექტორი, ისე დიპლომატები, საქართველოს პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ აერჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული მართლმსაჯულების რეფორმის გატარებამდე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნაზე ევროკომისიის განცხადებაც მალე გავრცელდა, სადაც ეწერა, რომ ამ ნაბიჯს, შესაძლოა, უარყოფითად ემოქმედა მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფაზე.

მერე კი მოხდა ის, რომ 28 ივლისს კი პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით ოპოზიციის ნაწილთან 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება.

ევროპარლამენტარების მწვავე გამოხმაურებებს 1 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილმაც უპასუხა და თქვა, რომ „ევროპარლამენტარი არ არის მისი უფროსი:

„ჩვენ უფროსი არის ქართველი ხალხი... არ მაინტერესებს, ვინ რა თქვა, მე ვეუბნები ჩვენს ხალხს, რომ ეს იყო სესხი და ჩვენ დამატებითი სესხის აღებაზე ვთქვით უარი", - თქვა ღარიბაშვილმა.

პრემიერი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე უარი საქართველოს ხელს არ შეუშლის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებაში. მისი თქმით, საქართველოში გრძელდება რეფორმები, რაც საჭიროა ამ პროცესისთვის.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG