Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Wizz Air-მა ქუთაისიდან რამდენიმე მიმართულებით ავიარეისები განაახლა


დაბალბიუჯეტიანმა უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air-მა განაახლა კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული პირდაპირი ავიარეისები ქუთაისიდან ვენის, ბერლინის და ბარსელონის მიმართულებით.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2 ნოემბრიდან განახლებული ვენის და ბერლინის პირველი რეისებით საერთო ჯამში, 600-მა ადამიანმა ისარგებლა. ქუთაისის აეროპორტიდან ვენაში და პირიქით, რეისები შესრულდება კვირაში ორჯერ, ხოლო ბერლინში ერთხელ.

აეროპორტების გაერთიანების განმარტებით, საქართველოს მოქალაქეებს ავსტრიაში გამგზავრება, მათ შორის ტურისტული მიზნით შეუძლიათ როგორც ამერიკული და ევროპული, ისე ჩინური ვაქცინებით აცრის შემთხვევაში. ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გარდა, საზღვარზე აუცილებელია ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR-ტესტის, ან ბოლო 48 საათში გაკეთებული ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა. გერმანიიის ტერიტორიაზე დაიშვება საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ჩატარებული აქვს ვაქცინაციის სრული კურსი. გერმანიაში დაშვებული ვაქცინებია: Pfizer, AstraZeneca, Moderna, J&J. ვაქცინის ბოლო დოზის გაკეთებიდან გასული უნდა იყოს 14 დღე.

Wizz Air-მა 31 ოქტომბრიდან განაახლა ქუთაისი-ბარესლონის ავიარეისიც, რომელიც კვირაში ერთხელ სრულდება. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს ესპანეთში ტურისტულად გამგზავრება შეუძლიათ საქართველოში ხელმისაწვდომი ნებისმიერი ვაქცინით ორჯერ აცრის შემთხვევაში. მათ საზღვარზე უნდა წარადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი(ე.წ. COVID-19 ბარათი, QR კოდით). ესპანეთში გამგზავრებამდე 48 საათით ადრე, აუცილებელია სამედიცინო კონტროლის ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის შევსება (www.spth.gob.es/create) და მიღებული QR-კოდის საზღვარზე წარდგენა.

XS
SM
MD
LG