Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იზა ჩირგაძის ადგილსამყოფელი ცნობილია - ადვოკატი ამბობს, რომ ის შესაძლოა ზეწოლის მსხვერპლი იყოს


ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრ იზა ჩირგაძეს, რომელმაც ღიად ილაპარაკა არჩევნების გაყალბებაზე, “ფორმულამ” ერთ-ერთ სოფელში მიაკვლია. ქალი აქ, სავარაუდოდ, ოჯახთან ერთად არის და სახლი, რომელშიც ის მეუღლესთან და 3 შვილთან ერთად იმყოფება, მათი ოჯახის ახლო ნათესავს ეკუთვნის.

ადვოკატი, რომელიც შეთანხმების მიუხედავად, ვერ ახერხებს მასთან კომუნიკაციას, მიიჩნევს, რომ მხოლოდ იმის ცოდნა, სად იმყოფება ახლა ქალი, რომელიც ზეწოლაზე საუბრობდა, არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ის უსაფრთხოდაა. ანა ჩაფიძე, "სამართლიანი არჩევნებიდან", რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ახალგაზრდა ქალის უსაფრთხოების დადგენა სამართალდამცველების საქმეა. ადვოკატი თვლის, რომ მნიშვნელოვანია გამოძების დაწყებაც იმ სავარაუდო დანაშაულის ფაქტზე, რაზეც ჩირგაძემ 1 ნოემბერს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

იზა ჩირგაძე 1 ნოემბერს გამართული ბრიფინგის შემდეგ აღარ პასუხობს სატელეფონო ზარებს და აღარ არის აქტიური სოციალურ ქსელებში. დაკეტილია მისი ბინა ქუთაისში.

თავად მისი მდგომარეობა, სადაც არის წასული, შეიძლება ვთქვათ, რომ იმ ადგილას არის უსაფრთხო, თუმცა მიზეზი, რის გამოც დატოვა საცხოვრებელი ადგილი, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ, სავარაუდოდ, არის ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი. დიდი ალბათობით, მან საცხოვრებელი სახლი ზეწოლის გამო დატოვა და მისი ქცევა მიანიშნებს იმაზე, რომ არ უნდა კონტაქტი. ახლა პოლიციამ უნდა შეაფასოს, რამდენად არის დაცული მისი უსაფრთხოება”, - ამბობს ადვოკატი ანა ჩაფიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დრომდე არ გვპასუხობენ კითხვაზე, დაიწყო თუ არა გამოძიება ჩირგაძის მიერ ბრიფინგზე გაჟღერებულ შესაძლო დანაშაულის ფაქტზე. ფაქტის შესახებ ინფორმირებულია სახალხო დამცველი.

იზა ჩირგაძემ 1 ნოემბერს, "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ოფისში ქუთაისის მერობის კანდიდატთან, ხატია დეკანოიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე მოყვა, როგორ აიძულებდა მმართველი პარტია არჩევნების გაყალბებას. მან თქვა, რომ მას უკავშირდებოდნენ "ქართული ოცნებიდან" და მისგან ითხოვდნენ უბანზე არარეგისტრირებული ამომრჩევლისთვის ხმის მიცემის უფლება მიეცა. ქალმა ასევე თქვა, რომ ამავე პარტიის წარმომადგენლები ცდილობდნენ მისთვის ხელი შეეშალათ, როცა ის "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მიდიოდა და შესთავაზეს "უყიდდნენ ყველაფერს, რაც მას სჭირდებოდა". მმართველ პარტიაში ეს ინფორმაცია უარყვეს.

იზა ჩირგაძესთან დაკავშირებას ამ ბრიფინგის შემდეგ უშედეგოდ ცდილობენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც. ისინი ამბობენ, რომ ბრიფინგის შემდეგ ქალი თავისი სურვილის შესაბამისად მიიყვანეს ქუთაისში, მის კუთვნილ ბინაში, სადაც ქმართან და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა და მას შემდეგ მასთან კომუნიკაციას ვეღარ ახერხებენ.

XS
SM
MD
LG