Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედუარდ მარიკაშვილი სუს-ის განცხადებას რეპრესიების დაანონსებად აფასებს


"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ხელმღვანელი, ედუარდ მარიკაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას "რევოლუციის მოწოდებაზე", რეპრესიების დაანონსებად აფასებს. მისი თქმით, უსაფრთხოების სამსახურს უნდა ადამიანების განწყობებზე გავლენა ჰქონდეს და თვითცენზურა დააწესოს.

ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ რევოლუციაზე საუბარი დანაშაული ვერ იქნება, რადგან ეს პროცესი შეიძლება მოიცავდეს პოლიტიკურ ბრძოლას, რომელიც შეიძლება იყოს არაძალადობრივი - მშვიდობიანი.

"საზოგადოების ცალკეულ წევრებს შესაძლოა ჰქონდეთ მსგავსი მოსაზრება, თუმცა მათი ცალკეული განცხადებები დანაშაულის შემცველი ვერ იქნება. დღეს სუს-მა პირდაპირ დანაშაულად მიიჩნია რევოლუციაზე მხოლოდ ფეისბუკში საუბარი... [თუკი მყისიერი საფრთხე არსებობდა ვინმეს განცხადებაში] უკვე უნდა მოჰყოლოდა შედეგი - ასეთ განცხადებას ძალა უნდა ჰქონდეს [მასების მობილიზება უნდა შეეძლოს]", - უთხრა მარიკაშვილმა რადიო თავისულებას.

ედუარდ მარიკაშვილმა გაიხსენა საკონსტიტუციო სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომელშიც მსგავსი შემთხვევაა განხილული:

"საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ნამსჯელი, რა შეიძლება იყოს მყისიერი საფრთხე. იქ აღნიშნულია, რომ მათ შორის აქციებზე გაჟღერებულმა სიტყვამ, თუნდაც ხელისუფლების შეცვლაზე, შეიძლება არ შექმნას რეალური საფრთხე. ამ დროს ფასდება კონტექსტი - რამ შეიძლება მიმართოს ადამიანები ძალადობისკენ".

დღეს, 3 ნოემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსხურმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ სოციალური ქსელებითა თუ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მოქალაქეთა ნაწილი ისეთი ტიპის ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უწყება რევოლუციისკენ მოწოდებად აღიქვამს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ მსგავსი მოწოდება, შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაული იყოს, რომელიც 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

"ბოლო დროს სოციალურ ქსელებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სხვადასხვა პირის მიერ ვრცელდება დანაშაულის ნიშნების შემცველი შინაარსის საჯარო განცხადებები და მოქალაქეები განზრახ თუ გაუცნობიერებლად პირდაპირ მოუწოდებენ თანამოაზრეებს რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ, მათ შორის ძალადობრივი გზებით", - აცხადებენ სუს-ში.

მას შემდეგ, რაც 30 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგებით თითქმის ყველა ქალაქში გამარჯვებულად "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატები გამოცხადდნენ, მოქალაქეების ნაწილმა გააჟღერა მოსაზრება "მშვიდობიან რევოლუციაზე". ასევე ითქვა, რომ თუ რუსთავის ციხეში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ, ის უნდა გამოიხსნან.

XS
SM
MD
LG