Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეკლესიის მხარდაჭერა ვაქცინაციის გაფართოებას სერიოზულად დაეხმარებოდა


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მაშინ, როცა აცრის გადაწყვეტილების მისაღებად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რელიგიური რწმენა და შეხედულებებია, ეკლესიის მხარდაჭერა იქნებოდა სერიოზული დახმარება ვაქცინაციის პროგრამის გასაფართოებლად.

„საქართველოს აქვს იმის გამოცდილება, რომ ეკლესიის მხარდაჭერით ძალიან სერიოზული გარდატეხა მოხდა მაგალითად, ტუბერკულოზის მართვის პროგრამაში, როდესაც იმ პირებს, ვისაც სჭირდებოდათ მხარდაჭერა, ხანგრძლივი მკურნალობა, წახალისება და რწმენა, ეკლესია დაეხმარა იმაში, რომ ეს რთული გზა გაევლო“, - განაცხადა გაბუნიამ დღეს, 4 ნოემბერს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოში ეპიდსიტუაციის გაუარესების ფონზე მკვეთრად შემცირებულია ვაქცინაციის ტემპი. ოქტომბერში აცრის ყოველდღიური მაჩვენებელი მხოლოდ ორჯერ იყო 9 ათასზე მეტი, ნოემბრის დასაწყისიდან კი - 4 ათასსაც ვერ აღწევს, მაშინ, როცა ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აუცილებლად მიიჩნევდნენ დღეში სულ მცირე 30 ათასი აცრის გაკეთებას.

3 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მდგომარეობას კატასტროფული უწოდა და განაცხადა, რომ ამაზე ყველა პასუხისმგებელია. მათ შორის, ზურაბიშვილმა ახსენა საპატრიარქო, "რომელიც მაინც თავს იკავებს კურთხევის მიცემისგან, რაც საშუალებას უტოვებს ცალკეულ სასულიერო პირებს, რომ იქადაგონ ანტივაქსერული პროპაგანდა".

საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური პოზიციაა, რომ "დიდად აფასებს იმ სიკეთეს, რაც ზოგადად, მედიცინას მოაქვს ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის, თუმცა, პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა“.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კოვიდით გარდაიცვალა კიდევ 53 ადამიანი. მედიკოსები ვაქცინაციას მიიჩნევენ როგორც ინფექციისგან თავის დაცვის, ასევე, დაავადების გამწვავების და ლეტალური შედეგის თავიდან აცილების ყველაზე ეფექტურ საშუალებად. კოვიდმა საქართველოში უკვე 10 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

საქართველოში ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტს დაიწყო. ამ დროისთვის სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 33.1%.

პირველ ეტაპზე, იმუნიზაციის მიზნის მისაღწევად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საჭიროდ მიიჩნევდა წლის ბოლომდე, მოზრდილი მოსახლეობის სულ მცირე 60%-ის აცრას. თუმცა, მოგვიანებით ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ რამდენჯერმე განაცხადა, რომ კორონავირუსის უფრო რთული და გადამდები "დელტა" ვარიანტის მასობრივად გავრცელების გამო, ეპიდემიის შესაჩერებლად საჭირო იყო სულ მცირე 80%-ის ვაქცინაცია.

XS
SM
MD
LG