Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმში მიმდინარეობს ორი პარალელური აქცია


ვეტერანების მიერ ორგანიზებული აქცია სოხუმის თეატრთან. 2021 წლის 4 ნოემბერი
ვეტერანების მიერ ორგანიზებული აქცია სოხუმის თეატრთან. 2021 წლის 4 ნოემბერი

სოხუმის დრამატულ თეატრთან მიმდინარებს აქცია, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შს-თა მინისტრ დმიტრი დბარის გადადგომის მოთხოვნით. აქციის ორგანიზატორია „აფხაზი ხალხის 1992-1993 წლების სამამულო ომის ვეტერანთა გაერთიანებული საბჭო“.

მიტინგი მიმდინარეობს მიუხედავად სოხუმის ადგილობრივი ადმინისტრაციის გაფრთხილებისა, რომ კორონავირუსის ეპიდემიის გამო, მასობრივი შეკრებები აკრძალულია. ორგანიზატორებმა არ გაითვალისწინეს არც აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას თხოვნა, აქციისგან თავი შეეკავებინათ შესაძლო ექსცესების თავიდან ასაცილებლად.

ვეტერანების მიერ ორგანიზებული აქციის პარალელურად, სოხუმის თეატრიდან რამდენიმე ათეულ მეტრში მდებარე „პრეზიდენტის ადმინისტრაციის“ შენობასთან მიმდინარეობს ასლან ბჟანიას მხარდამჭერთა მიტინგი.

ასლან ბჟანიას მხარდამჭერთა აქცია სოხუმში. 2021 წლის 4 ნოემბერი
ასლან ბჟანიას მხარდამჭერთა აქცია სოხუმში. 2021 წლის 4 ნოემბერი

ოკუპირებულ აფხაზეთში თვეზე მეტია გრძელდება ვეტერანთა გაერთიანების დაპირისპირება ადგილობრივ შსს-სთან. 30 სექტემბერს, როცა აფხაზეთში აღნიშნავდნენ 90-იანი წლების შეიარაღებულ კონფლიქტში „გამარჯვების დღეს“, დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატმა, გარი კოკაიამ სანაპიროზე, პისტოლეტიდან ჰაერში რამდენჯერმე ისროლა. სროლის დროს ახლომდებარე რესტორანში იმყოფებოდნენ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია და მისი „კოლეგა“ საქართველოს მეორე ოკუპირებული რეგიონიდან, ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან, ანატოლი ბიბილოვი.

როგორც სოხუმიდან იუწყებოდნენ, კოკაია არ დაემორჩილა ადგილზე მისული, დე ფაქტო შსს-ს თანამშრომლების და უწყების ხელმძღვანელის, დმიტრი დბარის მოთხოვნას, იარაღის ჩაბარების შესახებ. კოკაიას მხარდასაჭერად კონფლიქტში ჩაერთნენ მისი თანასოფლელი ვეტერანები სოფელ აძუბჟადან. ვრცელდებოდა ცნობები, რომ კონფლიქტის დროს ე.წ. შსს-ს შენობას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა დე ფაქტო პარლამენტის წევრმა, ალმასხან არძინბამ. 30 ოქტომბერს მომხდარი დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დაშავდა. ვეტერანთა გაერთიანებამ სამართალდამცავები დაადანაშაულა მათი წევრების სასტიკად ცემაში.

1 ოქტომბერს სოხუმში გაიმართა კოკაიას თანასოფლელების და ვეტერანების საპროტესტო აქცია, დე ფაქტო შს-თა მინისტრ დმიტრი დბარის გადადგომის მოთხოვნით. 3 ოქტომბერს, დბარს უფლებამოსილება შეუჩერეს ინციდენტის გამოძიების დასრულებამდე, თუმცა ვეტერანებმა საპროტესტო აქცია 4 ოქტომბერსაც გააგრძელეს.

11 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ დე ფაქტო შსს-ს რამდენიმე მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორმა, ადგურ აგრბამ განაცხადა, რომ დანაშაულის ნიშნები იკვეთება დეპუტატების, კოკაიას და არძინბას ქმედებაშიც. რაც შეეხება დბარს, გამოძიებამ მის ქმედებებში დანაშაულის ნიშნები ვერ აღმოაჩინა. 2 ნოემბერს, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ დმიტრი დბარი დე ფაქტო შს-თა მინისტრის თანამდებობაზე დააბრუნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG