Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი შამბა: „მოდით, გავანადგუროთ ხელისუფლება, მოვაწყოთ ანარქია!“


სერგეი შამბა აქციის მონაწილეებს ესაუბრება. სოხუმი, 4 ოქტომბერი, 2021 წ.
სერგეი შამბა აქციის მონაწილეებს ესაუბრება. სოხუმი, 4 ოქტომბერი, 2021 წ.

4 ოქტომბერს მღელვარების მორიგმა ტალღამ გადაუარა სოხუმს, სადაც დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის წინ შეკრებილმა რამდენიმე ასეულმა ადამიანმა „აფხაზი ხალხის სამამულო ომის“ ვეტერანების ცემის ფაქტი გააპროტესტა და თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მომიტინგეებთან შეხვედრა მოითხოვა.

თუმცა, ბჟანიას ნაცვლად, აქციის მონაწილეებთან უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბა და ვიცე-პრეზიდენტი, ბადრა გუნბა გავიდნენ.

ვეტერანთა გაერთიანება „არუაამ“ სოხუმის ცენტრში ხალხი იმ დროს შეკრიბა, როცა დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტი ე.წ. გამარჯვების დღის აღნიშვნისას მომხდარ ინციდენტზე მსჯელობდა.

„არუაას“ თავმჯდომარის, ტიმურ გულიას თქმით, 30 სექტემბრის შუაღამისას, გამარჯვების დღის აღნიშვნისას, სოხუმის სანაპიროზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში რამდენიმე გასროლის გამო, პოლიციელებმა სასტიკად სცემეს 1992-1993 წლების სამამულო ომის ვეტერანებს, ომის ინვალიდებსა და პარლამენტის წევრ ჰარი კოკაიას, რომელიც ვეტერანებთან ერთად აღნიშნავდა დღესასწაულს.

„არანაირი ბრალდება მათთვის არ წაუყენებიათ, არც პოლიციის განყოფილებაში გადაუყვანიათ და არც დაკავების ოქმი შეუდგენიათ. უბრალოდ მიაყენეს სხეულის მძიმე დაზიანებები და დატოვეს ქუჩაში“, - თქვა ტიმურ გულიამ 3 ოქტომბერს სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე.

დეპუტატის, ომის ვეტერანებისა და ინვალიდების ცემამ საზოგადოება აღაშფოთა, რის გამოც თანამდებობიდან გადადგა თვითაღიარებული რესპუბლიკის შს მინისტრი, 37 წლის დმიტრი დბარი, რომელიც, თვითმხილველების თქმით, პირადად მონაწილეობდა 30 სექტემბრის ინციდენტში.

დმიტრი დბარი, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი შს მინისტრი
დმიტრი დბარი, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი შს მინისტრი

ჰარი კოკაიას გარდა, როგორც დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატმა გივი კვარჩიამ თქვა, სასტიკად არიან ნაცემი სოფელ აძიუბჟის მკვიდრი ომის ვეტერანები, რომლებმაც „გამარჯვების დღეს“ მასთან ერთად გაისროლეს ჰაერში.

„დასახიჩრებული არიან აფხაზეთის სამამულო ომის ინვალიდები, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ. საუბარია 7 ადამიანზე. ერთ მათგანს ცხვირი აქვს მოტეხილი, ვიღაცას ტვინის შერყევა აქვს, სახე კი სხვადასხვა ადგილას აქვთ გაკერილი. ვიმეორებ: ვეტერანები, რომლებიც იქ იყვნენ, შეშფოთებულნი არიან მორალური ანგარიშსწორებით, მათთვის ეს პირველ რიგში მორალური განადგურება იყო. ისინი საუბრობენ ინციდენტის მიზეზებზე, რა შეიძლება ყოფილიყო ნამდვილი მიზეზი. ლოგიკურად, ფიქრობენ, რომ ამის მიზეზია ჰარი კოკაის პოლიტიკური შეხედულებები, რომლებიც ხშირად არ ემთხვევა ხელისუფლების ოფიციალურ პოზიციას, მათ შორის, ელექტროენერგეტიკისა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებში“.

ჰარი კოკაია კი ამბობს, რომ აღიარებს თავის წილ დანაშაულს, თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან და მზად არის აიღოს პასუხისმგებლობა მომხდარზე, თუმცა, ამავე დროს, გმობს სამართალდამცავი სტრუქტურების ძალადობას ვეტერანებზე:

„უპირველეს ყოვლისა, მინდა ბოდიში მოვიხადო. არ უნდა მოვქცეულიყავი ასე, ასევე, არ უნდა დამერღვია დეპუტატის ეთიკა, მაგრამ ჩემი საქციელი დანაშაულად უნდა ჩაითვალოს. შეიძლება ავყევი ემოციებსა და გრძნობებს, რადგან ვიყავი უფროს და ჩემთვის ძალიან პატივსაცემ ვეტერანებს შორის. ვიმეორებ, ჰაერში გასროლის გამო მზად ვარ სრულად ვიკისრო პასუხისმგებლობა. არ ვაპირებ ვისარგებლო საპარლამენტო იმუნიტეტით. ვთანამშრომლობ საგამოძიებო ორგანოებსა და პროკურატურასთან, ვაძლევ ჩვენებებს. ასე რომ, ჩემი მხრიდან გამოძიებას არანაირი დაბრკოლება არ ექმნება. რაც შეეხება ვეტერანებს, მინდა ვთქვა, რომ მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ისინი უბრალოდ დაჯაბნეს, რადგან ფიზიკურად აღარ არიან ისეთი ძლიერები, როგორებიც იყვნენ ოცდაათი წლის წინ, როცა იარაღი აიღეს თავიანთი ქვეყნის დასაცავად”.

ჰარი კოკაია
ჰარი კოკაია

კოკაიამ კოლეგა დეპუტატებს მოუწოდა, მიიღონ სამართლიანი გადაწყვეტილება და დაიცვან ვეტერანები, თუმცა, როგორც გაირკვა, ჯერჯერობით სისხლის სამართლის საქმეც კი არ აღძრულა იმ თანამდებობის პირების მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ ვეტერანთა ცემაში.

„ჩემი აზრით, არა მხოლოდ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას, არამედ აღკვეთის ღონისძიება უნდა გამოიყენონ იმათ მიმართ, ვინც ვეტერანებს ცემაში მიიღო მონაწილეობა. რასაკვირველია, პროკურატურამ უნდა გაარკვიოს დეტალები, მაგრამ ყველა დეპუტატმა უნდა გამოხატოს თავისი დამოკიდებულება სამართალდამცავი ორგანოების ამგვარი ქმედებების მიმართ. ჩვენ უნდა აღვკვეთოთ ძალადობა სამართალდამცავ სისტემაში, ძალადობა ყველა მოქალაქეზე და არა მხოლოდ ვეტერანებზე. უბრალოდ, ისე მოხდა, რომ გამარჯვების დღეს ვეტერანებს, რომლებიც ზეიმის შემდეგ შინ მშვიდობიანად ბრუნდებოდნენ, სასტიკად სცემეს“, - განაცხადა დეპუტატმა გივი კვარჩიამ დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

გივი კვარჩია
გივი კვარჩია

აფხაზეთის მოსახლეობა არა უბრალოდ პოლიციის მაღალი თანამდებობის პირების თავნებობამ, არამედ ომის ვეტერანებზე ძალადობამ აღაშფოთა.

„დავუშვათ მართლაც გაიგეს სროლის ხმები, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს და თვითონაც იქვე, მახლობლად იმყოფებოდა, მაგრამ არასოდეს ყოფილა ჩვენს ისტორიაში და ვიმედოვნებ, რომ არც აღარასდროს განმეორდება, რომ ომის ვეტერანებს, მიუხედავად ჭაღარისა, დაუნდობლად სცემეს, დააგდეს მიწაზე და ფეხებით შედგნენ. თუ ჩვენი თუნდაც ერთი კოლეგა მიიჩნევს, რომ ეს დასაშვებია, მაშინ რა მორალზე შეიძლება საუბარი? რა უნდა ვუთხრათ ჩვენს შვილებს, რომლებიც გვინდა, რომ პატრიოტული სულისკვეთებით და ვეტერანებისადმი პატივისცემით აღიზარდონ? ცალკე ამბავია, ვინ ჩაიდინა ეს? ქვეყნის გმირების შვილებმა, რომელთა მშობლებს, სერგეი დბარს და ვალერი ჩაჩხალიას, ჩვენს თანამებრძოლებს, კარგად ვიცნობდი“, - თქვა დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატმა დმიტრი არძინბამ.

დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორმა ადგურ აგრბამ თქვა, რომ საკმარისი მტკიცებულებები ჯერ არ შეგროვებულა და, შესაბამისად, სამართლებრივი შეფასებები ნაადრევია:

„სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ხუთი, თხუთმეტი და სამოცი დღე. ჯერ არ შემიძლია, შევაფასო პოლიციის თანამშრომლების, ომის ვეტერანთა და პარლამენტის წევრების ქმედებები, ვფიქრობ, რომ ეს მიზანშეწონილი არ იქნება იმის გათვალისწინებით, რომ ყველა მტკიცებულება ჯერ არ არის შეგროვებული და სრული შემოწმება არ ჩატარებულა. მესამე დღეა, სწორედ ამ შემოწმებით ვართ დაკავებული, მნიშვნელოვანი სამუშაოა შესრულებული. რაც დღეს შემატყობინეს, ომის ყველა ვეტერანი ჯერ არ არის დაკითხული, გარკვეული მიზეზებისა და გარემოებების გამო. შინაგან საქმეთა მინისტრიც ჯერ არ არის დაკითხული. არიან სხვა მოწმეებიც, რომლებიც, გამოძიების თანახმად, უნდა დაკითხონ. ვფიქრობ, რომ ისინი მოგვცემენ საჭირო მტკიცებულებებს, რათა შემდგომში დავეყრდნოთ მათ და მივცეთ შეფასება”.

ადგურ აგრბა
ადგურ აგრბა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დეპუტატებმა გენერალურ პროკურორს დაავალეს, ორ კვირაში წარმოადგინოს გამოძიების წინასწარი შედეგები, თუმცა პარლამენტის წინ შეკრებილმა ადამიანებმა კანონის დაუყოვნებელი აღსრულება, უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ბოდიშის მოხდა და თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის მისვლა მოითხოვეს.

„სოფელმა აძიუბჟამ, რომლის მცხოვრებლებიც არიან ნაცემი ვეტერანები, მხარი დაუჭირა ასლან ბჟანიას პრეზიდენტად არჩევას. მისი მხარდამჭერები აქ ვიდექით და ვყვიროდით: „რაულ (ხაჯიმბა), მშიშარა, გამოდი!“, ახლა გამოვიდეს თვითონ ასლან ბჟანია და უთხრას აძიუბჟელებს, რომ პატივს სცემს და უყვარს ისინი, მეტი ჩვენ არაფერი გვინდა! მიდით, დაუძახეთ! მე, როგორც ცალკეული ადამიანი, შეიძლება ოპოზიციაში ვიყო, მაგრამ აძიუბჟელები არავის ოპოზიციაში არ არიან. ასე რომ, გამოვიდეს ამ ხალხთან!“

ხალხთან ასლან ბჟანია არ გასულა. მის ნაცვლად აქციის მონაწილეებს უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბა და ვიცე-პრეზიდენტი, ბადრა გუნბა შეხვდნენ.

„არავინ ამართლებს იმას, რაც მოხდა, მაგრამ ყველანი უნდა დავრჩეთ კანონის ფარგლებში, რათა ჩვენი სახელმწიფო არ ვაქციოთ სამარცხვინო ქვეყნად“, - განაცხადა სერგეი შამბამ, რომელსაც აქციის მონაწილეები საუბარს არ აცლიდნენ, რის გამოც იგი იძულებული გახდა, ემოციურად მიემართა შეკრებილებისათვის:

„მაშინ მოდით და გავანადგუროთ ეს ხელისუფლება, მოვაწყოთ ანარქია!"

დღის ბოლოს ასლან ბჟანია შეხვდა სოფელ აძუიბჟის წარმომადგენლებს, რომლებმაც კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ განუკითხაობა იყო 7 ადამიანის უმოწყალო ცემა და მათი ქუჩაში მიტოვება.

პასუხად ბჟანიამ განაცხადა, რომ სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ, აწარმოებენ წინასწარ გამოძიებას და აგროვებენ ჩვენებებს. ბჟანიამ ასევე აღნიშნა, რომ, როგორც სახელმწიფოს მეთაურმა, უნდა მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები, რადგან საუბარია არა მხოლოდ ადამიანებზე, არამედ მთლიანად სახელმწიფო ინსტიტუტებზე.

ასლან ბჟანია
ასლან ბჟანია

„პოლიცია უნდა აღვზარდოთ, თავიდან უნდა შევქმნათ. ცოტა ხნის წინ შემთხვევა გვქონდა გაგრაში, კრიმინალური პოლიციის უფროსს სცემეს. თუ არ გვეყოლება პოლიცია და პროკურატურა, თუ ისინი ვერ იმუშავებენ, მაშინ არც სახელმწიფო გვექნება“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG