Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ატყუებენ საქართველოს მოსახლეობას


ავტორი: მზია ჯღარკავა

მსურს თქვენი ყურადღება მივაპყრო ერთ ფაქტს. საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობას უბრალოდ არ სჯერა, რომ ქვეყანას შეუძლია საკუთარ მოქალაქეებს სათანადო საარსებო პირობები შეუქმნას, სადაც არ იქნება სიღარიბე, შიმშილი და უსახლკარობა, სადაც დასაქმებული მიიღებს ღირსეული ცხოვრებისათვის საკმარისს გასამრჯელოს, პენსიონერს საკუთარი პენსია ეყოფა ნორმალური ცხოვრებისათვის, სადაც უმუშევარს ექნება ყოველთვიური ფულადი დახმარება, რომლითაც თავისუფლად უზრუნველყოფს საკუთარ თავსა და ოჯახს. ასეთ განწყობები მოსალოდნელზე უფრო მეტი აღმოჩნდა მოსახლეობაში. საზოგადოებაში ეს განწყობები კი შედეგია იმისა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის შემდეგაც, მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. არაერთი ხელისუფლება გამოვიცვალეთ და ხსნა არსად იყო. მნიშვნელოვანია სხვა ფაქტორებიც. გახსოვთ ალბათ, საბჭოთა კავშირიდან საქართველოს გამოყოფის მცდელობის დროს ხორციელდებოდა ხალხის ფსიქოლოგიური დამუშავება: დამოუკიდებლად საქართველო ვერ იარსებებს, არ აქვს ამის რესურსიო. ამას ემატება ხელისუფლებაში მოკალათებული ზოგი პოლიტიკოსისა თუ პოლიტიკური ძალის მიერ გავრცელებული დემაგოგიაც. მაგალითად, წინასაარჩევნოდ მქონდა დაპირებები, რომ გამარჯვების შემთხვევაში, 100 მილიონით გავზრდიდი ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსებას. 100 მილიონით, მობინადრეებისაგან თანადაფინანსების მოთხოვნის გარეშე, დავაფინანსებდი ავარიული სახლების შეკეთებას, რათა ხალხი იძულებული არ ყოფილყო, უსახსრობის გამო, ეცხოვრა ავარიულ ბინებში. გამოვყოფდი 100 მილიონს უმუშევრებისათვის მცირეგრანტიან სესხებს, რათა მათ შეძლებოდათ წამოეწყოთ მიკრობიზნესი. გავაუქმებდი კორუფციულ ტენდერებს, შევამცირებდი ბიუროკრატიასა და მასთან დაკავშირებულ ხარჯებს და დავზოგავდი ასე მინიმუმ 200 -300 მილიონ ლარს, რომელსაც მივმართავდი ზემოთხსენებული პროექტების დასაფინანსებლად და აი, აქ ამუშავდა სახელისუფლებო დემაგოგია: ეგ რომ შესაძლებელი იყოს, ამდენი თანხის დაზოგვა რომ იყოს ადვილი, განა ჩვენ არ გავაკეთებდითო. სად არის ამდენი 100 მილიონიო. მოვიყვან ამ ბოლო დროს გახმაურებულ მხოლოდ ერთ ფაქტს. გახსოვთ წინასაარჩევნოდ მერიამ ჩაატარა ტენდერი, სადაც ერთ-ერთი კომპანიის სასარგებლოდ, ქალაქის ბიუჯეტი 100 მილიონზე მეტი ლარით დააზარალა მერიამ. ასეთი რამდენი ტენდერი და ასობით მილიონი ლარია გაფლანგული ეს კიდევ კარგად დასათვლელია. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ თავად გადახედონ აუდიტის სამსახურის დასკვნებს თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შესწავლილი მონაცემებს. ნათელია, რომ ბიუროკრატია ბიუჯეტის თანხების თითქმის 50-70%-ს საკუთარ მაღალ ხელფასებში, პრემიებსა თუ დანამატებში ხარჯავს, ბოლო მოდელის ავტომანქანების შეძენაზე და მათ საწვავზე, ოფისების კეთილმოწყობაზე და ა. შ. ამ მშიერ და გაღატაკებულ ქვეყანაში, სადაც საქსტატმაც კი დააფიქსირა, რომ მოსახლეობის 60%-ზე მეტი ღარიბ-ღატაკი და უმუშევარია, ასეთი ფლანგვა ბიუჯეტისა უბრალოდ არაადამიანობაცაა, რომ აღარაფერი ვთქვათ დანაშაულზე.

სწორი პოლიტიკის გატარებით, ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული რეფორმის შედეგად, თუნდაც ბიუჯეტის დღევანდელი მდგომარეობითაც კი, შესაძლებელია მოსახლეობის ცხოვრების დონის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება. ხელისუფლებაში მოკალათებულ პარტიებს არ აწყობთ ეს სიმართლე, რადგან მერე ვეღარ განკარგავენ ხალხის ფულს, იგივე ბიუჯეტის თანხებს, საკუთარი პირადი კეთილდღეობის მისაღწევად და ამიტომაც აწყობთ ცრუ პროპაგანდა იმის თაობაზე, რომ მოსახლეობის სიღარიბე და გაჭირვება ეს ხელისუფლების ბრალი კი არ არის, არამედ უბრალოდ საქართველოა ღარიბი ქვეყანა.

ხალხმა უნდა იცოდეს, რომ საქართველოს თავისუფლად შეუძლია უზრუნველყოს თავისი მოსახლეობა ღირსეული ცხოვრებით. ჩვენზე პატარა, ჩვენზე პატარა რესურსების მქონე ქვეყნებმა შეძლეს ის, რომ ყველაზე მდიდარი ქვეყნების ათეულშიც კი არიან. მაგალითად, ლუქსემბურგი ევროპის ყველაზე პატარა ქვეყანაა, მაგრამ იგი მსოფლიოს მდიდარი ქვეყნების ჩამონათვალშია. ნავთობი და გაზი იქაც იმპორტირებულია. პოსტსაბჭოთა სივრციდან ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმატებაც კარგი მაგალითია იმისათვის, რომ ხალხი აღარ წამოეგოს ცრუ პროპაგანდას იმის თაობაზე, რომ დამოუკიდებლად საქართველოს თურმე არ შეუძლია არსებობა. გავიმეორებ და ვიტყვი, რომ საქართველოს მოსახლეობას შეუძლია იმაზე უკეთესად იცხოვროს, ვიდრე ევროპის ზოგიერთი ქვეყნის მოსახლეობა ცხოვრობს. ამისათვის კი საჭიროა მხოლოდ ერთი რამ: ამომრჩევლებმა გააკეთონ სწორი არჩევანი! ნუ იქნებით საკუთარი თავის მტრები და ნუ იქნებით ისევ იმ პოლიტიკოსების იმედზე, რომლებიც ამდენი წელია მუდმივად ტრიალებენ ხელისუფლებაში და რომლებმაც გაგაღატაკეს, ბანკის ვალებში ჩაგფლეს და ყოველგვარი საარსებო საშუალების გარეშე დაგტოვეს თქვენ! ბოლოს და ბოლოს განა შეიძლება იმას მისცე ისევ ხმა, ვინც არაერთხელ მოგატყუა და არ დაუჯერო იმას, ვინც უკეთესს ცხოვრებას გთავაზობს?! სად არის აქ საღი აზრი?! ზოგი მეუბნება, დღევანდელი კვერცხი გვირჩევნია, ხვალინდელ ქათამსაო ანუ დღევანდელი 50 ლარი ხვალინდელ ღირსეულ ცხოვრებას, რომელსაც ზუსტად ეს 50 ლარიანის დამრიგებლები გართმევენ თქვენ?! ხალხო, დაფიქრდით ! ნუ შეგეშინდებათ იმის, რომ არჩევნებს მაინც აყალბებენ და რა აზრი აქვს ჩემს ხმასო. თუ არჩევნებზე მივა ბევრი ხალხი და ერთი და იგივე კანდიდატს ან პარტიას მისცემს ხმას, მაშინ გაყალბებაც კი ვერ შეცვლის თქვენს არჩევანს! იბრძოლეთ თქვენი და თქვენი შვილების ღირსეული ცხოვრებისათვის!

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG