Accessibility links

site logo site logo

მილიონი მწვანე ბარათი ათ წელიწადში - ქართველები ამერიკაზე ოცნებობენ


ამერიკაში წასასვლელად ერთ-ერთი ლეგალური გზა “მწვანე ბარათის” მოგებაა. მხოლოდ ბოლო 10 წელიწადში “მწვანე ბარათის” გათამაშებაში ბედი საქართველოდან თითქმის მილიონმა ადამიანმა სცადა.

“საქართველოში რომ ვყოფილიყავი, მე დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი, ეგ უეჭველად ვიცი” - ამბობს 46 წლის გიორგი სალუქვაძე.

2016 წელს ცოლთან და სამ შვილთან ერთად მწვანე ბარათი მოიგო. 2 წელიწადში ამერიკაში ჩავიდა და მალევე იშვიათი დიაგნოზი დაუსვეს - რბილი ქსოვილების კიბოს ერთ-ერთი სახეობა. დაზღვევამ ოპერაცია დაუფინანსა, სახელმწიფო კი დაეხმარა, სანამ რეაბილიტაციას გადიოდა.

“ჩემი ერთ-ერთი ოპერაცია დაჯდა 196 ათასი დოლარი. აქედან გადავიხადე 226 დოლარი მხოლოდ. ოპერაციის მერე, ორი თვე, მეტი, ვერაფერს ვერ ვაკეთებდი, ვერ ვმუშაობდი… მერე კოვიდი დაემთხვა და დახმარებებიც გაიცა - ყვება გიორგი - ონკოავადმყოფისთვის მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მდგომარეობა, განწყობა. იმდენად სტაბილური ამბავია აქ, რომ საქართველოში რო დავბრუნდე, ეგრე ვერ ვიქნები… ამერიკაში გაცილებით ნაკლები სანერვიულო მაქვს” .

ამერიკაში კი უკეთესია, მაგრამ შვილებისთვის ქართულ წიგნებს მაინც იწერს, რადგან არ უნდა, რომ საქართველოსთან დაკარგონ კავშირი.

გიორგი სალუქვაძე, მისი ცოლი ნონა კალანდაძე და სამი შვილი: სულხან-საბა, მარიამი და ოჯახის ყველაზე პატარა წევრი: ნაიმი. 2020 წლის 16 აგვისტო
გიორგი სალუქვაძე, მისი ცოლი ნონა კალანდაძე და სამი შვილი: სულხან-საბა, მარიამი და ოჯახის ყველაზე პატარა წევრი: ნაიმი. 2020 წლის 16 აგვისტო

გიორგი მზარეულია. საქართველოში ურიგო შემოსავალი არ ჰქონდა, თუმცა ამბობს, მივხვდი რომ ამაზე მეტს ვეღარ ვიშოვიდიო. ამერიკაში კი “თუ შრომობ, თუ არ გეზარება, ბევრ რაღაცას მიაღწევ”. დღეს ოჯახთან ერთად პენსილვანიის შტატში ცხოვრობს. მისი თქმით, ოჯახთან ერთად იპოვა ის, რაც საქართველოში ასე ძალიან აკლდა - სტაბილურობა, სიმშვიდე და იმედი.

ახლა საკუთარი რესტორანის გახსნაზე ოცნებობს.

რა არის “მწვანე ბარათი” ?

“მრავალფეროვნების ვიზა”, იგივე “მწვანე ბარათი”, (იგივე “გრინ კარტა”) საბუთია, რომელიც აშშ-ში “მუდმივი რეზიდენტის” სტატუსს გაძლევთ. ეს კი ლეგალურად ცხოვრების და მუშაობის უფლებას ნიშნავს. ამერიკაში ჩასვლიდან 5 წლის თავზე უკვე შეგეძლებათ მოქალაქეობაზეც შეიტანოთ განაცხადი.

50 ათასი “მწვანე ბარათი” 1990 წლიდან, ყოველწლიურად თამაშდება. ამ ხსნის განმავლობაში ლატარიაში მონაწილეობა მიიღო თითქმის 23-მა მილიონმა ადამიანმა.

საქართველოში მწვანე ბარათის მოგებულებს 2001 წლიდან აღირცხავენ. მხოლოდ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებმა თითქმის მილიონი აპლიკაცია შეავსეს. 2011-2021 წლებში მსურველთა რიცხვი თითქმის გასამმაგდა.

20 წელიწადში მწვანე ბარათი 16 ათასზე მეტ მოქალაქეს ერგო.

როგორია მოგების შანსი? დანამდვილებით ვერავინ გეტყვით.

მწვანე ბარათისთვის საბუთების მისაღებად დაახლოებით ერთთვიანი ფანჯარა ოქტომბერ-ნოემბერში იხსნება ხოლმე.

ლატარიაში მოგება ავტომატურად არ ნიშნავს ამერიკაში წასვლას. შემდეგ ეტაპზე უფრო ვრცელი აპლიკაციის შევსება და უამრავი საბუთების მომზადება მოგიწევთ. საელჩოში გასაუბრებამდე 330 დოლარი უნდა გადაიხადოთ. თუ აპლიკაცია ოჯახის წევრებთან ერთად შეავსეთ, მაშინ მათაც უნდა გადაიხადონ. ვიზა რომც არ მოგცენ, ამ თანხას უკან აღარ დაგიბრუნებენ.

თავად ლატარიაში მონაწილეობა უფასოა, მაგრამ ბევრს მაინც ურჩევნია, აპლიკაციის შევსება კომპანიას მიანდოს. ამ მომსახურებას ადამიანებს ტურისტული კომპანიები და სპეციალური სააგენტოები სთავაზობენ. მათი მომსახურება საშუალოდ 20-30 ლარი ღირს.

“3-ჯერ მეტი”

ნიკა გოგოლაძე ერთ-ერთი მათგანია. ამბობს, რომ მის ტურისტულ სააგენტოში ამდენი ადამიანი ჯერ არასდროს მისულა.

““2 თვის და 3 თვის ბავშვებით მოდიან ამ კორონას დროს, იმის გამო, რომ სურათი გადავუღოთ და დავარეგისტრიროთ…. წელს რაც ხდება, ესეთი რაღაც არ მომხდარა არც ერთ წელს. ყოველთვის არის ხოლმე ბოლო 2-3 დღე დატვირთვა და ძალიან ბევრი ხალხი რო ყველამ მოასწროს... ეს დატვირთვაა უკვე ბოლო 4-5 დღეა. [დედლაინამდე] 2 კვირით ადრე დაიწყო ის მუხტი, რაც იყო ადრე.” - ამბობს იგი.

მისი თქმით, კლიენტების რაოდენობა თითქმის 3-ჯერ გაეზარდა და ამ დროისთვის 3500-4000 კაცი დაარეგისტრირა. ოღონდ “1 კაცი რომ იგებს, იგებენ პარალელურად მისი ოჯახის წევრებიც. მაგ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, პერსონალურად უკვე 10 ათასზე მეტი ადამიანი გვაყს დარეგისტრირებული”.

“რადიო თავისუფლება” კიდევ სამ სხვადასხვა სააგენტოს დაუკავშირდა. სამივეში გვითხრეს, რომ წელსაც დაახლოებით იმდენივე კლიენტი ყავთ, რამდენიც შარშან, თუმცა როგორც წესი კლიენტების ურავლესობა აპლიკაციის შევსებების ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე მიდის. “ყოველთვის ასე ხდება” - ამბობს ერთ-ერთი სააგენტოს მენეჯერი.

წელს “მწვანე ბარათზე” რეგისტრაციის ბოლო თარიღი 9 ნოემბერია. გათამაშების შედეგები მომდევნო წლის მაისში გაირკვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG