Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის და ბელარუსის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს „სამოკავშირეო სახელმწიფოს საინტეგრაციო დეკრეტს“


ბელარუსის პრეზიდენტი, ალიაქსანდრ ლუკაშენკა და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი. 2018 წელი.
ბელარუსის პრეზიდენტი, ალიაქსანდრ ლუკაშენკა და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი. 2018 წელი.

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, 4 ნოემბერს, რუსეთისა და ბელარუსის „სამოკავშირეო სახელმწიფოს“ უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, რომელიც ვირტუალურად გაიმართა, ხელი მოაწერეს „სამოკავშირეო სახელმწიფოს საინტეგრაციო დეკრეტს“.

დოკუმენტით დამტკიცდა 28 ე.წ. სამოკავშირეო პროგრამა, რომლებიც სექტემბერში მიიღეს.

დოკუმენტში მთავარი ყურადღება ეთმობა ეკონომიკურ თემებს, ასევე საერთო პოლიტიკას დაბეგვრის სფეროში, საბანკო საქმეში, მრეწველობაში, სოფლის მეურნეობას და ენერგეტიკაში.

მოსკოვმა და მინსკმა „სამოკავშირეო სახელმწიფოს შესახებ“ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს 1999 წელს და მას მერე იმართება მოლაპარაკება.

პროექტი დიდი ნაბიჯი შეიძლება გამხდარიყო ორი ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური სტრუქტურების გაერთიანების გზაზე, მაგრამ, ამავე დროს, მან შეიძლება სუვერენიტეტი დააკარგვინოს ბელარუსს, რის წინააღმდეგ ლუკაშენკა წლების განმავალობაში იბრძვის.

ავტორიტარი ლიდერი სულ იფრო მეტად მოექცა იზოლაციაში 2020 წლის არჩევნების შემდეგ დაწყებული საპროტესტო გამოსვლების და რეჟიმის მიერ მათი სასტიკად ჩახშობის შემდეგ, რამაც ის დაახლოვა რუსეთთან, რომელიც მას ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერას უწევს.

4 ნოემბერს ვირტუალური შეხვედრისას პუტინმა პირობა დადო, რომ კვლავაც მხარში დაუდგება ბელარუსს.

„ჩვენ ერთად აღვუდგებით წინ ჩვენი ქვეყნების საშინაო საქმეებში ყოველგვარ ჩარევას. რუსეთი, ცხადია, გააგრძელებს ძმური ბელარუსი ხალხის დახმარებას“,- თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

ლუკაშენკამ მადლობა გადაუხადა პუტინს მხარდაჭერისთვის.

„არნახული ზეწოლა გარედან ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის სიმტკიცის სერიოზული გამოცდა იყო. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გამოცდა ჩავაბარეთ“.

დევნილობაში მყოფმა სვეტლანა ციხანოუსკაიამ, ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, განაცხადა, რომ ლუკაშენკას არ აქვს უფლებამოსილება, ხელი მოაწეროს ამგვარ დოკუმენტებს ..."2020 წელს ჩვენმა ხალხმა უარი უთხრა ლუკაშენკას ხელი მოაწეროს რამეს მათი სახელით,“- დაწერა მან ტვიტერში.

ამასთან, რუსეთმა და ბელარუსმა დაამტკიცეს ერთობლივი განახლებული სამხედრო დოქტრინა და „სამოკავშირეო სახელმწიფოს“ საიმიგრაციო პოლიტიკის კონცეფცია. დოკუმენტებს ხელი მოაწერეს რუსეთის სახელმწიფო დღესასწაულის, „სახალხო ერთობის“, დღეს. პუტინი ხელმოწერის დროს იმყოფებოდა მოსკოვის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლში.

ორ ქვეყანას შორის ინტეგრაციის გაღრმავების საკითხებზე მოლაპარაკება დასასრულ ფაზაში შევიდა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკამ, შარშან ზაფხულსა და შემოდგომაზე, მოახერხა თავისი ხელისუფლების წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ჩახშობა.

სამოკავშირეო პროგრამაში არ შეუტანიათ ინიციატივები, რომლებიც ეხებოდა ხელისუფლების სამოკავშირეო ზენაციონალური სტრუქტურების შექმნას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG