Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჭყონდიდის მიტროპოლიტის მიერ განკვეთილები მონასტრიდან პოლიციის დახმარებით გააძევეს


ჭყონდიდის ეპარქიის სალხინოს მონასტრიდან პოლიციელებმა ძალით გაიყვანეს სასულიერო პირები, რომლებსაც ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ მღვდელმსახურება რამდენიმე ხნის წინ აუკრძალა და განკვეთა, „სამონაზვნო აღთქმის ყოველდღე დარღვევის" გამო. მათ 4 ნოემბერს ამოეწურათ მონასტერში ყოფნის ვადა, რომელიც საპატრიარქომ დაუწესა. განკვეთილები ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას მხარდამჭერები არიან.

განკვეთილი სასულიერო პირები, რომლებიც მიტროპოლიტ სტეფანეს გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევენ, მონასტრის დატოვებას ეწინააღმდეგებოდნენ. ადგილზე იმყოფებდნენ მათი მომხრეებიც. პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს 6 ადამიანი, მათ შორის 5 სასულიერო პირი.

ერთ-ერთმა განკვეთილმა, ბალდის მამათა მონასტრის ყოფილმა წინამძღვარმა, მიხეილ მდივანმა(ანთინოგენე) ჟურნალისტებს უთხრა, რომ დილაადრიან ტაძარში „ჩოხოსნებთან ერთად" მივიდა მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი და პოლიციის დახმარებით, სასულიერო პირები ძალის გამოყენებით გააძევეს.

დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში
please wait

No media source currently available

0:00 0:02:06 0:00

მიხეილ მდივანი(ანთინოგენე) აცხადებს, რომ სალხინოს მონასტერში მიტროპოლიტი სტეფანე წირვას ატარებს, განკვეთილ სასულიერო პირებს კი ეზოში შესვლის უფლებას პოლიცია არ აძლევს. მან მხარდამჭერ მრევლს მოუწოდა, ტაძართან მივიდნენ და პროტესტი გამოხატონ: „აქედან დაიწყება სულ სხვა მოქმედებები... აქედან ცოცხლებს ვერ გაგვიყვანენ“.

სალხინოს ტაძრის ეზოში არც ჟურნალისტებს უშვებენ.

ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება 2019 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ეპარქიის ყოფილი წინამძღვარი პეტრე ცაავა საპატრიარქომ მღვდელმთავრობიდან გაათავისუფლა. პეტრე ცაავას მხარდამჭერები უარს ამბობენ დაემორჩილონ საპატრიარქოს მიერ მივლენილ მიტროპოლიტ სტეფანეს, სანამ არ შესრულდება მათი მთავარი მოთხოვნა - საერთო კრებაზე განიხილონ პატრიარქის მიმართ პეტრე ცაავას ბრალდებები, ჰომოსექსუალური კავშირებისა და სექსუალური ძალადობის შესახებ. საპატრიარქო სინოდის სხდომაზე „ცრუ ბრალდების“ განხილვაზე უარს ამბობს და ყოფილი მიტროპოლიტის მხარდამჭერ ბერებს „ცრუ პეტრეს“ მომხრეებს უწოდებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG