Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მონიკა ვიტის უდაბნო


წითელი უდაბნო (1964. იტალია. რეჟისორი მიქელანჯელო ანტონიონი)

90 წლის გახდა იტალიური კინოს ხატი, მიქელანჯელო ანტონიონის ხატი - მონიკა ვიტი. 1970 წელს საბჭოთა კინოგაქირავებამ ანტონიონის ფილმი „დაბნელება“ აქაურ ეკრანებზე საჩვენებლად მხოლოდ იმიტომ შეისყიდა, რომ დიდმა რეჟისორმა უზბეკეთში ფილმის გადაღების სურვილი გამოთქვა. პროექტი ჩაიშალა. სამაგიეროდ ქვეყანამ გაიცნო ანტონიონი და მისი მუზა მონიკა ვიტი. ეს აბსოლუტურად განსხვავებული კინო იყო. ინგმარ ბერგმანის „მარწყვის მდელოს“ თუ არ ჩავთვლით, არაფერი მსგავსი აქ არ უჩვენებიათ.

დღეს მსოფლიოში ალბათ არ არსებობს კინოს მოყვარული, თანაც ყველა თაობის კინოს მოყვარული, ანტონიონისა და მონიკა ვიტის სახელგანთქმული ტეტრალოგიის ერთი ფილმი მაინც რომ არ ჰქონდეს ნანახი - „თავგადასავალი“, „ღამე“, „დაბნელება“, „წითელი უდაბნო“. ოთხივე შედევრია! არა და არ ძველდება. მართლა ყველაფერი დაძველდა ცოტათი, დიდი რეჟისორების კლასიკურ სურათებსაც დაედოთ მტვერი. ანტონიონი ისევ თანამედროვეა. მონიკა ვიტი კი განსახიერება იმისა, თუ როგორი უნდა იყოს მსახიობი კინოში. რატომ არ ძველდება? იმიტომ, რომ თავიდანვე იდუმალებით იყო სავსე, შენიღბულ ვნებას ატარებდა, არ იხსნებოდა ბოლომდე და სწორედ მაყურებელს აძლევდა საშუალებას, დაენახა ეს პერსონაჟები სრულიად განსხვავებული რაკურსიდან, ეროტიკული მუხტი არ აკლდა, მაგრამ მეტისმეტად ახლოს არავის უშვებდა. არადა, იცით, რას წერდნენ მასზე თავიდან? „ტიპაჟი“, „ნატურა“, „ერთი ფერი ანტონიონის პალიტრაში“... არ სჯეროდათ, რომ მსახიობს შეუძლია უარი თქვას იმაზე, რასაც ჩვენ „თამაშს“ და „გარდასახვას“ ვუწოდებთ, იქცეს რეჟისორის ერთგვარ მედიუმად და, ამავე დროს, მთლიანად შეცვალოს წარმოდგენა კინოზე. ისინი ცოტათი დაძველდნენ - კამერის წინ რომ თამაშობდნენ, მონიკა კი, მსახიობი, რომელიც ანტონიონის ფილმებში თითქმის არაფერს აკეთებდა კამერის წინ, გარდა იმისა, რომ უყურებდა და აკვირდებოდა, ძალიან ნელა დადიოდა, იშვიათად იღიმებოდა, ისტორიაში შევიდა როგორც მსახიობი-ლეგენდა, როგორც ეგზისტენციალური მითის სიმბოლო.

„წითელ უდაბნოს“, ტეტრალოგიის უკანასკნელ სურათს არაკომუნიკაბელურობის თემაზე (მონიკამ მოგვიანებით ანტონიონის კიდევ ერთ, დაუფასებელ შედევრში, „ობერვალდის საიდუმლოში“ ითამაშა), ზოგჯერ „მონიკა ვიტის ფილმს“ უწოდებენ. მართლაც, მიუხედავად იმისა, რომ აქ რეჟისორმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პლასტიკური თხრობის თვალსაზრისით ბადალი არ ჰყავს მსოფლიო კინოში, „წითელი უდაბნო“ მაინც მსახიობის ბენეფისია - მთელი ფილმი, სურათის რეალურად შეღებილი გარემოც, მე ვიტყოდი, „ბრუტალური პეიზაჟები“ (გადაღებული გენიალური ოპერატორის კარლო დი პალმას მიერ), რომელთა დავიწყება შეუძლებელია - მთავარი გმირის, ჯულიანას მზერის ანარეკლია.

ამ ინდუსტრიულ სივრცეში დრო გაყინულია. ქარხნის მილებიდან გამოსული შხამი, რომელიც ღრუბლებს უერთდება, ჩიტებს ხოცავს. დაუმატეთ ამას გამხმარი ფოთლები, დამწვარი ბალახი, დაბინძურებული მდინარე, ნაცრისფერი ზღვა და აუცილებლად იფიქრებთ, რომ უყურებთ მშრომელებისგან თითქმის დაცარიელებულ ტექნოკრატიულ სამყაროს წარღვნის შემდეგ, სადაც ასფალტმა და ბეტონის საფარმა მთლიანად ჩაყლაპა ცოცხალი არსებები, სადაც ადამიანებს კონტაქტი აღარ შეუძლიათ. ასე ხედავს გარემოს ჯულიანა, რომლის ფსიქიკაში ავტოკატასტროფის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა - ხსოვნის და შეგრძნების უნარი დაკარგა. იგი თითქოს დროისა და სივრცის მიღმა აღმოჩნდა, ამიტომაც კიდევ უფრო მოიცვა შიშმა და უიმედობამ - აღარ აკმაყოფილებს ადამიანებთან კონტაქტი, თვით შვილიც კი... აუცილებლად დააკვირდით, როგორ აცვია - ჩამოშვებული და მაგრად შეკრული პალტოები, შიშის და გაუჩინარების სურვილის გამომხატველი სამოსი, რომელიც თითქოს ეხმარება, თავს უშველოს, ჩაიკეტოს შხამიანი ყვითელი კვამლისგან და, რაც მთავარია, ადამიანებისგან, მათი უხამსობისა და ცარიელი მზერისგან.

„წითელი უდაბნო“ ანტონიონის ყველაზე პესიმისტური ფილმია, ყველაზე მეტადაა სავსე შიშის ინტონაციებით. მის ერთდროულად ლამაზ და თანაც დამთრგუნველ საერთო ხედებში განსაკუთრებით კარგად ჩანს, რაოდენ უმწეოა ადამიანი თანამედროვე გარემოში, როცა მას ვერავინ უგებს. მალევიჩის „კვადრატებს“ თუ გავიხსენებთ და მათ „დრამატურგიულ როლს“ ფერწერაში, შეიძლება ითქვას, რომ მიქელანჯელო ანტონიონის ეს ფილმი „წითელი კვადრატია“ კინოს ისტორიაში, ერთიანი სისხლიანი ლაქაა, რომელიც რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის დასასრულს გამოხატავს. ანტონიონი ღებავს ქუჩებს, ხეებს, ფოთლებს... მთლიანად ყვითელ ნისლში აქცევს კადრს. კამერას თითქოს აღარ უნდა, ემსახურებოდეს რეალობას, იყოს მისი ცივი და ჩაურეველი ამსახველი. თუ ვლაპარაკობთ იტალიური ნეორეალიზმის და საერთოდ, რეალიზმის დასასრულზე კინოში, პირველ რიგში სწორედ „წითელი უდაბნო“ უნდა გავიხსენოთ - ფილმი ქალზე, რომელიც ისე არ ხედავს, როგორც ვხედავთ ჩვენ.

„მიწიერი“ სურვილების დაკარგვა ჯულიანაში აძლიერებს სულ სხვა გრძნობებს - ის უფრო დაკვირვებული ხდება. მაგრამ თუკი თუნდაც ანტონიონის „დაბნელებაში“ მონიკა ვიტის პერსონაჟის დაკვირვებული და მგრძნობიარე თვალი ყოფითი რეალობის მიღმა სამყაროს ჭვრეტას იწყებს, „წითელ უდაბნოში“ ეს მიღმა სამყარო უკვე ერთ, დიდ შეღებილ კედლად იქცევა, ანდა უდაბნოდ, რომელშიც სულიერება აღარ არსებობს - უბრალოდ მექანიკურად გადაადგილდებიან ადამიანები. ერთადერთი, სრულიად მოულოდნელი ეპიზოდი, ამოვარდნილი ფილმის სტილიდან, არის ზღაპარი, რომელსაც ჯულიანა თავის შვილს უყვება - ბუნება, კრისტალურად სუფთა ზღვა მკვეთრად, ყოველგვარი რბილი გადასვლების გარეშე შემოიჭრება ნისლიან, გაყინულ ურბანულ რეალობაში. ესაა „ჩადგმული კინო“, იმ წამის გამომხატველი, როცა ჯულიანას უბრუნდება ნორმალური აღქმა და, რაც მთავარია, დედობრივი გრძნობა.

„ნელ-ნელა, სულ უფრო იშვიათად ხვდება, სად არის, ვინ არის... ვინ ვართ ჩვენ, ვინც მას სიყვარულით ვუვლით“, - უთქვამს მონიკა ვიტის მეუღლეს რობერტო რუსოს. მსახიობს 2011 წელს ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. „წითელი უდაბნოს“ ჯულიანა ხელახლა გაცოცხლდა მის ბიოგრაფიაში. ანტონიონის ფილმში ისე ითამაშა, თითქოს ცხოვრობდა თავის როლში. დღეს კი, აღარ თამაშობს - უკვე რეალურად იქცა ჯულიანად.

ერთხელ, როცა ანტონიონისთან განსახიერებული როლები გაახსენეს, მონიკა ვიტიმ აღნიშნა: „მსახიობს იმდენი სახე უნდა ჰქონდეს, რამდენი გმირიც განასახიერა. ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი სახე მქონდეს და იმედი მაქვს, რომ ოდესმე სათვალავი ამერევა“. 90 წლის გახდა და არსებითად ერთი სახე დარჩა - ჯულიანა მიქელანჯელო ანტონიონის ფილმში „წითელი უდაბნო“.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG