Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: დღეს საზოგადოება უფრო მზად არის ცვლილებებისთვის, ვიდრე "ვარდების რევოლუციის" წინ


რუსთავის ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ადვოკატების დახმარებით კვლავ მიმართავს მოქალაქეებს და ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. მან 30 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს რევოლუცია უწოდა.

მიხეილ სააკაშვილმა მოქალაქეებს თავისი ხედვა გაუმხილა.

"ჩემი დაკვირვებითა და გამოცდილებით მინდა გითხრათ, რომ დღეს საზოგადოება ბევრად უფრო მზად არის ძირეული ცვლილებებისთვის, ვიდრე "ვარდების რევოლუციის" წინ. ბევრად უფრო წინ წასულია, ინფორმირებულია და რაც მთავარია, ერთიანია, ვიდრე მაშინ.

ჩვენმა მოქალაქეებმა 30-ში უკვე მოახდინეს საარჩევნო რევოლუცია, ახლა ამ საარჩევნო რევოლუციის განვითარებისა და რიგგარეშე არჩევნებში გადაზრდის დროა. მთლიანად მხარს ვუჭერ გამარჯვებული მერების და სხვა ლიდერებისგან შექმნილი კოალიციის პოზიციას, რომ ერთდროულად გაიმართოს აქციები ბევრ ადგილას...

რატომ არის აქციები მნიშვნელოვანი ბევრ ადგილას ერთდროულად?! იმიტომ, რომ ივანიშვილს ჰყავს ძალიან ცოტა ბოლომდე ლოიალური საპოლიციო შენაერთები და მათ დაატარებს წინ და უკან. ამგვარად მოუხდება ძალების დაფანტვა და ვერ შეძლებს საქართველოს მოქალაქეების და ქართველი ხალხის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვას", - წერია სააკაშვილის მიმართვაში.

3 ნოემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სოციალური ქსელებითა თუ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მოქალაქეთა ნაწილი ისეთი ტიპის ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უწყება რევოლუციისკენ მოწოდებად აღიქვამს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ მსგავსი მოწოდება, შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაული იყოს, რომელიც 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ხვალ, 6 ნოემბერს, თბილისში "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით აქცია იმართება. აქციის ერთ-ერთი მოთხოვნა სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავების მომენტიდან, 1 ოქტომბრიდან გადაიყვანეს. ამ დროიდან მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. როგორც ადვოკატები და მისი პირადი ექიმი აღნიშნავენ, შიმშილობის გამო მისი მდგომარეობა მძიმდება. მათი მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ. ამას ხელისუფლება არ თანხმდება და აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მას სათანადოდ უმკურნალებენ გლდანის პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში.

XS
SM
MD
LG