Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიდერლანდის უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთს „იუკოსისთვის“ 50 მილიარდი დოლარის გადახდა ეკისრება


ნიდერლანდის უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა წინა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც კომპანია „იუკოსის“ აქციონერების სასარგებლოდ რუსეთს 50 მილიარდი დოლარის გადახდას ავალდებულებს. იუწყებიან, რომ საქმე ხელახალი განხილვისთვის გადაეგზავნა სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც ამ საქმეზე განმეორებითი გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს.

ნიდერლანდის უმაღლესმა სასამართლომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება პროცედურული საკითხებით ახსნა. ამასთან სასამართლო აღნიშნავს, რომ რუსეთის არგუმენტები, რომ ჰააგაში არასწორად იყო განმარტებული საერთაშორისო ვალდებულებები, უსაფუძვლოა, ისევე, როგორც მოსკოვის პოზიცია, რომ ნიდერლანდის სასამართლოებს არ გააჩნიათ იურისდიქცია ასეთ საკითხებში.

2020 წლის დეკემბერში მოსკოვის საკონსტიტუციო სასამართლომ ფაქტობრივად დაადგინა, რომ ქვეყანა არ არის ვალდებული გადაიხადოს ეს თანხა.

"იუკოსის" საქმე უკვე დიდი ხნის განმავლობაში განიხილება ნიდერლანდის სასამართლოში. 2020 წლის თებერვალში სააპელაციო სასამართლომ ერთხელ უკვე აღადგინა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ რუსეთისთვის დაკისრებული ვალდებულება, 50 მილიარდი დოლარის ოდენობის საკომპენსაციო თანხა გადაუხადოს რუსეთის ყოფილი ნავთობკომპანია „იუკოსის“ აქციონერებს.

18 თებერვლის გადაწყვეტილებამ გააუქმა 2016 წელს ჰააგის საოლქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომლითაც გაუქმებული იყო კომპენსაციის განკარგულება.

ჰააგის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის გადაწყვეტილება არ იყო სწორი. ამდენად, კვლავ ძალაში შევიდა საარბიტრაჟო სასამართლოს განაჩენი.

საარბიტრაჟო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსკოვმა 2003 წელს ხელში ჩაიგდო „იუკოსი“ კომპანიისთვის უზარმაზარი გადასახადების დაწესებით. ამავე დროს, პოლიტიკურ არენას ჩამოაშორეს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის აქტიური კრიტიკოსი, „იუკოსის“ ხელმძღვანელი მიხაილ ხოდორკოვსკი.

ხოდორკოვსკი 2003 წელს დააპატიმრეს. მან ათი წელი გაატარა ციხეში. მას მერე, რაც პუტინმა შეიწყალა, ხოდორკოვსკიმ რუსეთი დატოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG