Accessibility links

site logo site logo

სალომე ზურაბიშვილი: კიდევ უფრო ლამაზი დიპლომატია მინდა, კიდევ უფრო ეფექტური


საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, დიპლომატის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ელჩების საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან, ოკუპაციის და ყალბი ინფორმაციის გავრცელების პირობებში, დიპლომატთა ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ასოცირებული ქვეყანა ვართ იმ ევროპის, რომელზეც ოცნებობდა სულხან - საბა ორბელიანი და მის შემდეგ ბევრი დიდი ქართველი. ეს არის ყველა იმ ადამიანის ღვაწლის შედეგი - ახსენეთ, პირველი რესპუბლიკა, პირველი ელჩები, რომლებიც ბევრად უფრო რთულ პირობებში იბრძოდნენ იმავე მიზნისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, როგორც ერთ-ერთი მათი ნაწილი, როგორც დემოკრატიული ქვეყანა. ქვეყანა, რომელსაც აქვს უფლება, რომ იყოს სრულიად დამოუკიდებელი. დღესაც გვაქვს ეს გამოწვევა, დღესაც, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებიდან და სხვადასხვა გამოწვევებიდან გამომდინარე. ჩვენ დღესაც უნდა ვამტკიცებდეთ, რომ ვართ დამოუკიდებელი, გვაქვს უფლება, რომ ვიყოთ საერთაშორისო თანამეგობრობის სრული წევრი და რომ არავინ უნდა წყვეტდეს ჩვენს მაგივრად, რა არის ჩვენი გზა და ორიენტაცია“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი სიტყვებით, ეკონომიკა და ინვესტორების მოზიდვა არის მთავარი გამოწვევა და ამაშიც არის დიპლომატების მისია, იმის პარალელურად, რომ მათ უნდა გააცნონ საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს კულტურა, ენა იდენტობა და ისტორია.

ყველამ უნდა გაიგოს, რომ საქართველო არ არის ის ერთი პატარა ქვეყანა გადაკარგული და ეს არის ქვეყანა ძველი ცივილიზაციით და თავის მიმართ ძალიან სწორი გაგებით, თუ რას წარმოადგენს მსოფლიოსთვის. რომ მას შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს მსოფლიოში. ასე რომ, დღეს ჩვენს დიპლომატიას აქვს საბრძოლველი, იმიტომ, რომ ეს ბრძოლა არის და წინა ხაზზე დგას დიპლომატია ყველა კუთხით, ისინი უნდა იყვნენ ტექნიკოსები, ეკონომისტები, კულტურის მატარებლები, ისტორიკოსები, ენის მცოდნეები და ა.შ. ეს მრავალფეროვნება ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან ბევრს ვითხოვთ ჩვენი დიპლომატებისგან და ვიტყოდი, რომ კიდევ მეტსაც ვითხოვთ. ვიტყოდი, ერთი მხრივ, რომ, ეს სიტყვები წავართვა პოეტს, რომ - ხომ ლამაზია ჩემი ცოლი, მაგრამ მე კიდევ უფრო ლამაზი მინდა. კიდევ უფრო ლამაზი დიპლომატია მინდა, კიდევ უფრო ეფექტური, იმიტომ, რომ კიდევ ბევრი საქმეა, რომელსაც სჭირდება მეტი რესურსები, ბატონო პრემიერო“,- მიმართა სალომე ზურაშვილმა ირაკლი ღაბირაშვილს, რომელიც ასევე ესწრებოდა ღონიძიებას.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, სოციალური მედიის სამყაროში დიპლომატებს ასევე უწევთ მუშაობა ამ სივრცეში, ვინაიდან იქ შედის ყველაზე მეტი ცრუ ინფორმაცია და დიპლომატებს შეუძლიათ ყველაზე სწრაფად ამაზე პასუხის გაცემა.

მისი თქმით, საქართველოს სჭირდება მეტი საელჩო საზღვარგარეთ, სადაც დიპლომატებს კოლეგების მასპინძლობა, მათთვის საქართველოს კულტურის გაცნობა და დიასპორის თავმოყრა შეეძლებათ.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს, რომ სამინისტრო იყოს უფრო ღია ახალგაზრდებისთვის, ვინაიდან ქვეყანას სჭირდება მეტი დიპლომატი.

სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს, იყო პროფესიული - „დიპლომატის დღის“ შემოღების ინიციატორი.

ეს დღე ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის, დაბადების თარიღს უკავშირდება.

5 ნოემბერს, დიპლომატის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელმწიფო ცერემონიათა სასახლეში გაიმართა და მას ხელისუფლებისა და დიპლომატიური უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG