Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუს-ი: აქციების ორგანიზატორები გეგმავენ ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციას


საპროტესტო აქცია რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან, 2021 წელი
საპროტესტო აქცია რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან, 2021 წელი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, უწყება ფლობს ინფორმაციას, რომ 6 ნოემბრიდან დაგეგმილი აქციების ორგანიზატორები გეგმავენ ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობას და ასევე სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულების ბლოკირებას.

ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 6 ნოემბერს, თბილისსა და რუსთავის დაგეგმილი საპროტესტო აქციების დაწყებამდე გაიმართა.

ოპერატიული ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები გეგმავენ სახელმწიფო დაწესებულებების, კერძოდ - საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობების ბლოკირებას და პენიტენციურ დაწესებულებებთან მისასვლელი გზების გადაკეტვას, ამ დაწესებულებების ყოველდღიური სამუშაო რეჟიმის ხელშეშლის მიზნით.

სიტუაციის მაქსიმალური ესკალაციისა და სხვადასხვა პროვოკაციული ქმედებების ორგანიზების უზრუნველსაყოფად, აქციაში დაგეგმილია ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლების ჩართვა. ასევე, აქციის ორგანიზატორები აქტიურად განიხილავენ ძალოვანი სტრუქტურების ცალკეული თანამშრომლის გადაბირებისა და ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობასაც.

აღნიშნული ქმედებები, რომელთა მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა, იგეგმება მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში მის სანახავად შესულ პირთა მეშვეობით, აძლევს დირექტივებს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს." - განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ "კანონის საფუძველზე და კანონის შესაბამისად, მიიღებს ზომებს დანაშაულის პრევენციისა და აღკვეთისათვის, დამნაშავეები კი კანონის წინაშე უმკაცრესად აგებენ პასუხს.“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, 6 ნოემბერს, 17:00 საათზე, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, მასშტაბური აქცია გაიმართება.

„უნდა შევიკრიბოთ ძალიან ბევრნი და ეს აქცია იქნება პერმანენტული და მზარდი. ხვალიდან ვიწყებთ, დარჩენით. დროდადრო ჩვენ შემოგვიერთდება ყველა ჩვენი პატრიოტი თანამოქალაქე ყველა ჩვენი რეგიონიდან, ქალაქიდან და სოფლიდან. იქ ვიქნებით მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში“.

ენმ-ის "დესტრუქციული ქმედებების შემთხვევაში" სახელმწიფო უწყებების დაცვის შესახებ მზადყოფნას აცხადებს 5 ივლისის ძალადობრივი აქციების ორგანიზატორი, "ალტ-ინფო".

"ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით" ოპოზიციური ძალების "დესტუქციული ქმედებებისა" და "ოპოზიციური ლიდერების ლიკვიდაციის გეგმების" თაობაზე მრავალი განცხადება აქვს გაკეთებული საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც.

არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე, 29 ოქტომბერს გამართუ საგანგებო ბრიფინგზე, სუს-მა გამოაცხადა რომ დაწყებულია გამოძიებას ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე და გამოაქვეყნა, გამოძიების მტკიცებით, პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში მიმდინარე საუბრის 6-წუთიანი აუდიოჩანაწერი, როგორც მტკიცებულება, რომ "საქმის ფიგურანტები გეგმავენ გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს" რუსთავის ციხესთან "უკონტროლო სიტუაციისა" და "ქაოსის" შესაქმნელად.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე ცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. ის სამართალდამცავებმა 1 ოქტომბერს დააკავეს და ამ დროიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. სასამართლოს დანიშვნისა და მისი საქართველოში ჩამოსვლის საქმეზე დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით, მან შიმშილობა დაკავების დღესვე გამოაცხადა.

როგორც ადვოკატები და მისი პირადი ექიმი აღნიშნავენ, შიმშილობის გამო მისი მდგომარეობა მძიმდება. მათი მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ. ამას ხელისუფლება არ თანხმდება და აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მას სათანადოდ უმკურნალებენ გლდანის პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში.

მიხეილ სააკაშვილის 37-ე დღეა შიმშილობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG