Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მაშინ მთელი ოპოზიცია დასაჭერი ყოფილა" - ვის (არ) აშინებს სიტყვა რევოლუცია?


საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ, 31 ოქტომბერი, 2021 წელი
საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ, 31 ოქტომბერი, 2021 წელი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, უნებლიედ, სიტყვა რევოლუციის პოპულარობის გაზრდის მიზეზი გახდა, მას შემდეგ, რაც 3 ნოემბერს, სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა.

საზოგადოების ნაწილმა სუს-ის განცხადება-გაფრთხილებას, სოციალურ ქსელებში, სატელევიზიო ეთერებსა თუ საპროტესტო გამოსვლებში, რევოლუციაზე საჯარო მსჯელობით უპასუხა. უფლებადამცველებმა და იურისტებმა სუს-ის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევისა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხე დაინახეს.

თავის მხრივ, სუსმა განმარტა, რომ "ხელისუფლების დამხობის" მუხლით გამოძიება გრძელდება და უწყების მოწოდებები გაუაზრებელი დანაშაულის ჩადენისგან მოქალაქეების დაზღვევას ემსახურებოდა. გამოძიების დაწყების შესახებ 29 ოქტომბერს, არჩევნების წინა საღამოს გახდა ცნობილი, როდესაც სუს-მა, როგორც მტკიცებულება, აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა.

  • რას ნიშნავს რევოლუცია და დასჯადია თუ არა რევოლუციისკენ მოწოდებები საქართველოს კანონმდებლობით?
  • უნდა დაისვას თუ არა ტოლობის ნიშანი „რევოლუციისკენ“ და „ხელისუფლების დამხობისკენ“ მოწოდებებს შორის?
  • რა ეტაპზეა სუს-ში დაწყებული გამოძიება „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების წინააღმდეგ?

რა თქვა სუს-მა და რას ნიშნავს რევოლუცია?

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის უცხო სიტყვათა ლექსიკონის მიხედვით, ფრანგულ სიტყვაში „რევოლუცია“ იგულისხმება, მაგალითად - „ძირფესვიანი გადატრიალება საწარმოო ძალთა და წარმოებრივ ურთიერთობათა გარდაქმნა“, „ძველი, დრომოჭმული წყობილების ძალით დამხობა და ახალი, პროგრესული წყობილების დამყარება“ თუ „მოწინავე საზოგადოებრივი კლასის მიერ სახელმწიფო ხელისუფლების დაპყრობა“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 3 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში კი, სიტყვა რევოლუცია მხოლოდ ხელისუფლების ძალადობრივ დამხობასთან იგივდება, ამავე ტექსტში ნახსენები სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად.

კერძოდ, განცხადებაში წერია:

  • „ბოლო დროს სოციალურ ქსელებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სხვადასხვა პირის მიერ ვრცელდება დანაშაულის ნიშნების შემცველი შინაარსის საჯარო განცხადებები და მოქალაქეები განზრახ თუ გაუცნობიერებლად პირდაპირ მოუწოდებენ თანამოაზრეებს რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ, მათ შორის ძალადობრივი გზებით“.
  • „მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, ან/და ასეთი მოწოდების შემცველი მასალის გავრცელება, აგრეთვე ამავე მიზნით შეიარაღებისაკენ მოწოდება, წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლით და ისჯება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით“.

სუსი კონკრეტულ მაგალითებს არ ასახელებს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში სიტყვა რევოლუცია ნახსენები საერთოდ არ არის. იურისტების განმარტებებით, სუბიექტური აღქმების საკითხია სიტყვის შინაარსობრივი გაგებაც და ამდენად - რევოლუციის იდეის მხარდაჭერა დანაშაულად ვერ ჩაითვლება. ამასთან, იურისტები აცხადებენ, რომ ძალადობის გარეშე დანაშაულად ვერც მხოლოდ ხელისუფლების შეცვლისკენ მოწოდებები ჩაითვლება.

„კანონი არ განმარტავს - თუ რას ნიშნავს სიტყვა დამხობა. თუ მე, მაგალითად, ვინმეს მოვუწოდებ, რომ ეს ხელისუფლება უნდა შევცვალოთ ანდა დავამხოთ - შესაძლოა, მე მშვიდობიანი ფორმებით შეცვლასაც ვგულისხმობდე ... თუ ჩვენ ძალადობას გამოვრიცხავთ და ვიტყვით, რომ ნებისმიერი ფორმით, ანუ ზოგადად ხელისუფლების შეცვლისკენ მოწოდება არის დასჯადი, მაშინ მთელი ოპოზიცია დასაჭერი ყოფილა.

ოპოზიცია მეტს არაფერს აკეთებს, თუ არა იმას, რომ მოვიდეს ხელისუფლებაში წინა ხელისუფლების შეცვლით... ჩემს ქმედებას რევოლუცია რომ ვუწოდო, ეს აპრიორი ძალადობას არ ნიშნავს. შესაძლოა, ვიღაცისთვის რევოლუცია ძალადობასთან ასოცირდება, მაგრამ მე ეს მშვიდობიანი ფორმებით გავაკეთო“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი, ნიკა სიმონიშვილი.

მისი განმარტებით, „ნებისმიერი პროტესტი, რომელიც მშვიდობიანი ფორმით კეთდება, კონსტიტუციურ-სამართლებრივ ჩარჩოებში ჯდება“ და სუს-ის „პოლიტიზებული“ განცხადება სამოქალაქო პროტესტის ფარგლებში გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების წინააღმდეგ არის მიმართული:

„როცა ასეთი განცხადებები კეთდება, ადამიანებმა შეიძლება თავი შეიკავონ არა მხოლოდ საკუთარი აზრის გამოთქმისგან, არამედ პროტესტში მონაწილეობის მიღებისგანაც. ირღვევა ადამიანის უფლება, რომ შეკრებით გამოხატოს თავისი აზრი...

კანონის განსხვავებული ინტერპრეტირება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს ეწინააღმდეგება. ეს არ უწყობს ხელს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას - მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც პოლიტიზებულია პირველ რიგში, ის სტრუქტურები, რომლებმაც საქმის შესაბამისი კვალიფიკაცია უნდა მოახდინონ“.

შესაძლოა თუ არა უწყებაში დაიბარონ პოლიტიკოსები, რომლებიც მშვიდობიანი გზებით რევოლუციის საჭიროებაზე ლაპარაკობენ?

ამ შინაარსის შეკითხვა „რუსთავი 2“-ის ეთერში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილესთან, ბაჩა მგელაძესთან ინტერვიუში დაისვა.

პასუხში რესპონდენტს „რევოლუცია“ აღარ უხსენებია:

„რა თქმა უნდა, თუ განცხადებაში, რომელიც არის საჯაროდ გაკეთებული და შეიცავს საჯარო მოწოდებას წყობილების ძალადობრივი დამხობისაკენ და შეინიშნება სისხლის სამართლებრივი ნიშნები, კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოახდენს შესაბამის რეაგირებას“.

მგელაძე ასევე ამბობს, რომ სუს-ის 3 ნოემბრის განცხადება გამიზნული იყო „მოქალაქეების ინფორმირებისთვის, რათა ისინი თვითნებურად, გაუთვითცნობიერებლად არ გახდნენ სისხლის სამართლის დევნის ობიექტი“.

რევოლუცია სააკაშვილის წერილებში და არა მხოლოდ

სიტყვა რევოლუცია ბოლო დღეებში არაერთხელ ახსენა მოშიმშილე პატიმარმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რუსთავის ციხიდან გამოგზავნილ წერილებში.

  • „ბოლოს და ბოლოს, ასეთი რევოლუციების იდეა შვა საქართველომ ჩვენი თაობის დროს და ნუთუ ჩვენ ვერ შევძლებთ იმას, რაშიც ადრე სხვები გვბაძავდნენ და გამოუვიდათ კიდეც“. (1 ნოემბერი)
  • „30-ში [30 ოქტომბერი, არჩევნების მეორე ტური] საქართველოში საარჩევნო რევოლუცია მოხდა - ხალხმა საარჩევნო ყუთებთან ავტორიტარიზმი დაამარცხა. ახლა წინ პოსტსაარჩევნო რევოლუცია გვაქვს, რომელიც საარჩევნო რევოლუციის შედეგებს გააფორმებს! (2 ნოემბერი)

ხოლო უკვე სუს-ის განცხადების კვალდაკვალ, 4 ნოემბერს სააკაშვილი თავის წერილში წერს, რომ იმ „რეჟიმს სიმტკიცის მარაგი მთლიანად ამოწურული აქვს“, რომელსაც „სიტყვა რევოლუციაზე აკანკალებს“.

ექსპერტების ნაწილი აღნიშნავს, რომ მშვიდობიანი რევოლუცია სასურველი არ არის საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და ბევრად აჯობებს, რომ ყველაფერი გეგმური არჩევნების გზით ხდებოდეს, თუმცა იქვე ამბობენ, რომ საზოგადოებას პროტესტის გამოხატვის უფლება ყოველთვის აქვს.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და მის მიმართ ლოიალურად განწყობილი ექსპერტები ფიქრობენ, რომ შექმნილი ვითარება თანდათან 2003 წლის მშვიდობიანი „ვარდების რევოლუციის“ წინა პერიოდს ემსგავსება.

მათი განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მიხეილ სააკაშვილის შესახებ გოკა გაბაშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილის ერთმა ფრაგმენტმა, სადაც პარლამენტის ყოფილი წევრი "მაიდანს" ახსენებს .

„არანაირი ფარული გეგმა. სრულიად ღიად გეგმის შესახებ, რა მიმაჩნია სწორად როცა საარჩევნო გზით ვერ ტეხავ სიტუაციას, მეტი ხარ მაგრამ ვერ ტეხავ, მოსყიდვის და ამომრჩევლის დატერორების გამო, უნდა წახვიდე პირდაპირი დემოკრატიის გზით - უნდა იმოქმედოს მოედანმა ( მაიდანი - ნუ გეშინიათ ამ სიტყვის. ბელორუსიზაციას ჯობია)!

მიზანია ხელისუფლებისთვის მართვის სადავეების წართმევა - პარალიზება ქუჩის გზით. სწრაფი და მოკლე გზაა? არა. დისკომფორტს და შუბლი შუბლზე მიბჯენით ბრძოლას გულისხმობს? კი. მშვიდობიანი პროტესტის 1500 მეტი მეთოდი არსებობს არსენალში და ყველა გამოსაყენებელია“ - წერს გაბაშვილი წერილში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა.

გაბაშვილი 4 ნოემბერს პარლამენტში არ შეუშვეს. დაცვის სამსახურის თანამშრომელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ "ამჟამად მოქმედი შეზღუდული წესებით" შენობაში უშვებენ მხოლოდ ჟურნალისტებსა და იქ დასაქმებულ ადამიანებს.

წამყვანის მიერ „მშვიდობიანი რევოლუციის“ ხანგრძლივი აქციებით მიღწევის შესაძლებლობაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ხანგრძლივი აქციები შესაძლებელია, მაგრამ ხელისუფლებას „მნიშვნელოვნად მეტი მხარდამჭერი ჰყავს“.

„საზოგადოებაზეა ბევრი რამ დამოკიდებული და სახელმწიფო სტრუქტურებზე, რომლებმაც არ უნდა დაუშვან ამ პროცესის განვითარება. არც დაუშვებენ“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მიხეილ სააკაშვილისა და ოპოზიციის ჩანაფიქრზე - ხელისუფლება რევოლუციური სცენარით შეცვალოს, უკვე წლებია ლაპარაკობენ „ქართული ოცნების“ ლიდერები და რამდენიმე თვის წინ, თანმონაწილეობაში მათივე გუნდის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარიაც დაადანაშაულეს.

პარტიამ „საქართველოსთვის“ ბრალდებების შესწავლის მოთხოვნით მთავარ პროკურატურასაც მიმართა, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია და ამ ეტაპამდე არავინ იცის, მაგალითად, უკავშირდება თუ არა ექსპრემერსაც ის გამოძიება, რომლის მიმდინარეობაც სუს-მა საზოგადოებას 29 ოქტომბერს ამცნო.

რა ვიცით სუს-ის გამოძიების შესახებ?

29 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე საათით ადრე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაცხადა, რომ იძიებს სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტს, სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით:

  • შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად;
  • დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე;

მტკიცებულებების სახით გამოქვეყნდა 6-წუთიანი აუდიოჩანაწერი, რომელიც სუს-ის მიხედვით, პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში მიმდინარე საუბრის ერთი ფრაგმენტია, ხოლო მთლიანი ჩანაწერის ქრონომეტრაჟი 2 საათს შეადგენს. 30 საქმე ძირითადად ისევ "ნაციონალურ მოძრაობას" შეეხება.

საქმეზე დაკავებული არავინ არის. სამი პირი, რომლებსაც ამ ეტაპზე მოწმის სტატუსი აქვთ, მაგისტრი მოსამართლის წინაშე 2 ნოემბერს გამოკითხეს. გამოკითხვის შემდეგ კი, გზაში, ისინი გაჩხრიკეს და მობილური ტელეფონები ჩამოართვეს. სუს-ის განცხადებით, ყველაფერი სასამართლოს ნებართვით მოხდა, "გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში".

სუსი აცხადებს, რომ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერში ნათლად გამოჩნდა „თუ როგორ საუბრობდნენ ცალკეული პირები დესტრუქციული ძალების მობილიზებაზე, ავტომანქანებით გზების ჩახერგვაზე, სახელმწიფო უწყებების ბლოკირებასა და შტურმზე და უფრო მეტიც, იმაზე, რომ სასურველი შედეგის მიღწევა სისხლის დაღვრის გარეშე შეუძლებელია“.

თუმცა, გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერის შინაარსი, უტყუარად არ ადასტურებს სახელმწიფო გადატრიალების გეგმის არსებობას. საუბარი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ შემდგომ ქმედებებთან დაკავშირებით, გეგმები შეუთანხმებელია და მოსაუბრეთა ვერსიებს მხარდაჭერა არა აქვს პარტიაში.

  • "დაუდგენელ პირად" მოხსენიებული ქალი ერთ ადგილას ჩანაწერში ამბობს - "თუ გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში, რას ვაკეთებთ? შტურმი მაშინ, აბა, სხვა რა? შტურმის გარეშე გამოსავალი არაა".
  • თუმცა შემდეგ, საუბრიდან აღიქმება იმგვარად, რომ თანამოსაუბრეები მას არ უჭერენ მხარს და ეუბნებიან, რომ ციხის შტურმი სისხლისღვრას გამოიწვევს; ასევე - ამას ქვეყნის არევა მოჰყვება, ავაზაკების თარეში დაიწყება... მხედრიონი მონაგონი იქნება.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ბესიკ წერედიანი, რომელიც აუდიოჩანაწერის მთავარი მოქმედი პირია, აცხადებს, რომ ჩანაწერი რამდენიმე განსხვავებული კონტექსტის მქონე დიალოგის ფრაგმენტების კომპილაციაა.

ამ ჩანაწერში წერედიანი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება არჩევნების გზით არ წავა და "ჩვენ მაინც მაიდანი მოგვიწევს ბოლოს“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG