Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ სააკაშვილის კიდევ ერთი ტყუილი გამოაშკარავდა


„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტის საპატიმროში შიმშილობას.

ის წერს, რომ მისი შიმშილობის 37-ე დღეს გაირკვა, რომ ყოფილი პრეზიდენტის „შიმშილობა მორიგი ფეიკია“.

„კიდევ ერთი ტყუილი გამოაშკარავდა! ალბათ იშვიათად თუ გახსენდებათ ფეიკშიმშილობა და ესეც სხვა ტყუილების მთავარი შემკვეთის შესრულებით ვნახეთ. ვამბობდი და მოსალოდნელიც იყო... თუმცა გასაკვირიც არ არის მათგან, ვინც ტერიტორიების 20% რუსეთს ჩააბარა, შემდეგ რეზოლუციას მხარი დაუჭირა, სადაც ქართველი სამხედროები დაადანაშაულა ომის დაწყებაში და რუსულ იარლიყს სხვას აწებებს! მათგან, ვისი ფასადური "აღმშენებლობაც" ისეთივე სიყალბე იყო, როგორც მათი ტელევიზიების დღევანდელი "ნიუსების" 99%!.. რამდენიმე დღის წინ ვთქვი, ორმოცდამეერთე დღეს ველოდები, როცა სააკაშვილი (ორმოცდღიანი "შიმშილობის" ფონზე) ისევ ჯანმრთელად იქნება და სასაცილო მდომარეობაში აღმოჩნდება-მეთქი. ეს ნათქვამიც გააყალბეს, სიკვდილს ელოდებიანო, - მათი გონება სხვანაირად ვეღარ მუშაობს... ორმოცდამეერთე არა, მაგრამ ოცდამეჩვიდმეტე დღეს გაირკვა, რომ შიმშილობაც კი მორიგი დადგმული ფეიკია! ტყუილებს და ბოროტებასაც თავი რომ დავანებოთ, უმძიმესი სანახავია და თანამედროვე სამყაროში მხოლოდ პუტინის და კიმ ჩენ ინის შემთხვევაში თუ გაახსენდება ვინმეს ლიდერის (თუ ბელადის) მიმართ ასეთი ფანატიზმი, ლექსების მიძღვნა, გაბზარული, ტირილნარევი ხმა თუ მონოლოგები და ათასი სხვა მესიანისტური დითირამბი!“, - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

5 ნოემბერს, ტელეკომპანია რუსთავი2-ის ეთერში ილაპარაკა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ #12 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის საკვები რაციონის შესახებ. როგორც ის აცხადებს, მიხეილ სააკაშვილი აგრძელებს სხვადასხვა სახის ფაფებისა და ნატურალური წვენების მიღებას.

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადების შესახებ დასმულ შეკითხვას 5 ნოემბერსვე უპასუხა მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ:

„მე არ მინახავს მისი ფაფის ჭამა, - აღნიშნა ყიფშიძემ და განაგრძო, - მე არ ვიცი, რა უნდა ვუპასუხო იუსტიციის მინისტრს. მე არ მინახავს ფაფა. ჰკითხეთ ბადრაგს, ჰკითხეთ ციხის ექიმებს, ჰკითხეთ ექთნებს, იქ ბევრი ხალხია. ყველგან კამერებია“.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე ცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. ის სამართალდამცავებმა 1 ოქტომბერს დააკავეს და ამ დროიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. სასამართლოს დანიშვნისა და მისი საქართველოში ჩამოსვლის საქმეზე დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით, მან შიმშილობა დაკავების დღესვე გამოაცხადა.

როგორც ადვოკატები და მისი პირადი ექიმი აღნიშნავენ, შიმშილობის გამო მისი მდგომარეობა მძიმდება. მათი მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ. ამას ხელისუფლება არ თანხმდება და აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მას სათანადოდ უმკურნალებენ გლდანის პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში.

მიხეილ სააკაშვილის 37-ე დღეა შიმშილობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG