Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში იმყოფებიან ამერიკული სამხედრო გემები


"პორტერი" ბათუმის პორტში. 2021 წლის 8 ნოემბერი

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში იმყოფებიან ამერიკული სამხედრო გემები „მაუნთ უიტნი" და „პორტერი“. მათი დახვედრის ოფიციალური ცერემონია დღეს, 8 ნოემბერს ბათუმის ნავსადგურში გაიმართა. პორტში შესვლამდე გაიმართა ამერიკული ხომალდების და საქართველოს სანაპირო დაცვის გემების ერთობლივი წვრთნა.

აშშ-ის მეექვსე ფლოტის ეს ხომალდები ბოლო წლებში, საქართველოს რამდენჯერმე სტუმრობდნენ. „მაუნთ უიტნი“ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ბოლოს 5 წლის წინ, 2016 წლის ოქტომბერში იმყოფებოდა, ხოლო „პორტერი“ 2020 წლის ივნისში. აშშ-ის მეექვსე ფლოტი, რომლის შემადგენლობაშიც ეს გემები არიან, იტალიაშია დისლოცირებული.

აშშ-ის საელჩოს თანახმად, სამეთაურო და მართვის ხომალდ „მაუნთ უიტნის“ და მართვადი სარაკეტო გამანადგურებლის, „პორტერის” ვიზიტი ხაზს უსვამს მნიშვნელოვან ურთიერთობას ნატოს მოკავშირეებსა და შავი ზღვის რეგიონის ძალზედ მნიშვნელოვან პარტნიორ საქართველოს შორის. საელჩოში აცხადებენ, რომ საქართველო მტკიცე და ერთგული პარტნიორია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების კუთხით.

„მაუნთ უიტნი" ბათუმის პორტში. 2021 წლის 8 ნოემბერი
„მაუნთ უიტნი" ბათუმის პორტში. 2021 წლის 8 ნოემბერი

საქართველოს შავი ზღვის რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი მოკავშირე და პარტნიორი უწოდა აშშ-ის მეექვსე ფლოტის მეთაურმა, ვიცე-ადმირალმა ჯინ ბლეკმა. მან ბათუმში, მედიასთან საუბრისას თქვა, რომ საქართველოს მნიშვნელობას ადასტურებს აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ამასწინანდელი ვიზიტიც.

საქართველოს ტერიტორიული წყლებიდან ამერიკული გემების გასვლამდე ჩატარდება მათი და საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდების მეორე ერთობლივი სწავლებაც. "გარდა იმისა, რომ ამ ვიზიტს აქვს დიდი მნიშვნელობა ქვეყნის მხარდაჭერისთვის, ჩვენთვის, სანაპირო დაცვისთვის აქვს დიდი პრაქტიკული დატვირთვა, რადგან ამ სწავლებებით ვზრდით თავსებადობას და ურთიერთქმედებას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან", - განაცხადა საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა რამაზ პაპიძემ.

აშშ-ის მეექვსე ფლოტის გემები ოპერაციების სამოქმედო არეალში მონაწილეობენ მრავალმხრივ მისიებში, ხელს უწყობენ ევროპაში საზღვაო უსაფრთხოების დაცვას და მხარს უჭერენ ნატოს ოპერაციებს და მისიებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG