Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპუაშვილის თქმით, სამართალდამცველთა მობილიზება უკავშირდება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას


შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის ეზოებში სამართალდამცველთა მობილიზება მიმდინარეობს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა, ჟურნალისტებს უთხრა, პოლიციის მობილიზება უკავშირდება ოპოზიციის მიერ დღეს, 8 ნოემბერს, დაგეგმილ აქციას.

„ზოგადად, რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგს, ვხედავთ, რომ ეს არის ისევ ის დესტრუქციული დღის წესრიგი, რომელიც მათ ჰქონდათ. მათ არ მოსწონთ, რომ ხალხი არ აძლევს დემოკრატიულ მანდატს. ეს არ მოეწონათ 2020 წლის არჩევნებში, არ მოეწონათ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში. ცდილობენ, რომ ხალხის გვერდის ავლით არიონ სიტუაცია და დაიბრუნონ ის ძალაუფლება, რომელიც მათ ჰქონდათ“, - თქვა დეპუტატმა.

პაპუაშვილის თქმით, მობილიზება არის იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოებრივი წესრიგი. პარლამენტის წევრი ძალის შესაძლო გამოყენების შესახებ შეკითხვას ასე პასუხობს: „რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეს არის იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოებრივი წესრიგი. ამიტომ, არავინ არაფერს არ აპირებს. ყველა აპირებს, რომ დაიცვას კანონი. საქმე იმაშია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიცვას კანონი“.

პაპუაშვილმა განმარტა, რომ საჯარო დაწესებულებების პიკეტირება წარმოადგენს კანონდარღვევას. „მე სწორად მიმაჩნია და ასევე მიაჩნია ჩვენს კანონსა და კონსტიტუციას, რომ აქცია უნდა იყოს მშვიდობიანი და არ უნდა ახდენდეს კანონის დარღვევას, მათ შორის, გავიგე, რომ პიკეტირებას გეგმავს ზოგიერთი პოლიტიკოსი. კიდევ ერთხელ დავძენ, რომ საჯარო დაწესებულების პიკეტირება, ეს გახლავთ კანონის დარღვევა“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

8 ნოემბრის საღამოს, თავისუფლების მოედანზე გაიმართება ოპოზიციის აქცია.

6 ნოემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, ხელისუფლებას რუსთავის ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის ულტიმატუმი წაუყენა. მან თქვა, რომ ამისთვის მთავრობას 24 საათი ჰქონდა. სააკაშვილი ამ დრომდე რჩება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამართალდამცავებმა ქვეყანაში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, 1 ოქტომბერს დააკავეს. სააკაშვილმა დაკავების მომენტიდან შიმშილობა გამოაცხადა.

XS
SM
MD
LG