Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი სააკაშვილზე: არ იცოდა, რუსთავიდან გლდანში თუ გადაჰყავდათ, ეგონა სამოქალაქო კლინიკაში მიჰყავდათ


ომბუდსმენმა სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მედიას უთხრა, რომ სააკაშვილი რუსთავიდან თბილისში, გლდანის მე-18 დაწესებულებაში ისე გადაიყვანეს, რომ მას ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.
ომბუდსმენმა სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მედიას უთხრა, რომ სააკაშვილი რუსთავიდან თბილისში, გლდანის მე-18 დაწესებულებაში ისე გადაიყვანეს, რომ მას ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ გლდანის მე-18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მოინახულა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, რომელიც აქ 8 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში ისე გადაიყვანეს, რომ ოჯახი და ადვოკატები ამის შესახებ, სავარაუდოდ, ინფორმირებულები არ იყვნენ. ომბუდსმენმა სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მედიას უთხრა, რომ სააკაშვილი რუსთავიდან თბილისში, გლდანის მე-18 დაწესებულებაში ისე გადაიყვანეს, რომ მას ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და გადაყვანისას იცოდა, რომ სამოქალაქო კლინიკაში მიჰყავდათ. ნინო ლომჯარიას თქმით, არ არსებობს არც შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც რუსთავის მე-12 დაწესებულებას უნდა ეწარმოებინა პატიმრის მიერ დაწესებულების დატოვებისას.

"სააკაშვილმა იცოდა, რომ გადაჰყავდათ სამოქალაქო კლინიკაში, დაემშვიდობა იქაურ ექიმებს, რასაც ექიმები ადასტურებენ. ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც პატიმარ საკაშვილს გააცნეს, სად გადაჰყავდათ, არ არსებობს. რაც მნიშვნელოვანია, მას სურდა კონსილიუმთან შეხვედრა, ელოდებოდა კონსილიუმთან შეხვედრას 3 საათზე, უთხრეს რომ [...], უარი უთხრეს ამაზე" - თქვა ნინო ლომჯარიამ.

დღეს შეკრებილი ექიმების კონსილიუმის ოქმში მართლაც არის მითითებული, რომ ექიმებს ფიზიკურად არ უნახავთ მიხეილ სააკაშვილი და მასზე მსჯელობისას პირადი ექიმის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას დაეყრდნენ. ექიმებს პენიტენციურმა სისტემამ, სავარაუდოდ, არ უთხრა ნამდვილი მიზეზი იმისა, რის გამო ვერ ნახეს მათ მიხეილ სააკაშვილი, ვინაიდან ოქმში აღნიშნულია, რომ თავად სააკაშვილმა არ ისურვა კონსილიუმის წევრებთან შეხვედრა.

"მას შემდეგ რაც შემოიყვანეს გლდანის ციხის ტერიტორიაზე, სააკაშვილმა თქვა, რომ არ სურდა გადმოსვლა სამედიცინო დახმარების ავტომობილიდან. მისი თქმით, ძალის გამოყენებით შეიყვანეს. უარი განაცხადა, რომ ექიმს გაესინჯა. რაც შემეძლო მენახა მას დაზიანებები არ ეტყობა. თავადაც დაზიანებებზე არ საუბრობს" - ამბობს სახალხო დამცველი.

ნინო ლომჯარიამ გლდანის მე-18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების დატოვების შემდეგ ისაუბრა კლინიკის აღჭურვილობაზეც. მისი თქმით, "კატე"-ს აპარატი, რომელიც 8 ნოემბერს გვიან საღამოს მიიტანეს იქ, ჯერაც დერეფანში დგას და ამბობენ, რომ დაამონტაჟებენ. ციხის კლინიკაში კვლავ არ არსებობს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი.

სახალხო დამცველმა ამ კლინიკის შესახებ ორჯერ გამოაქვეყნა დასკვნა: ორივეში ხაზგასმით იყო ნათქვამი, რომ იქ არ არის მიხეილ სააკაშვილის სრულფასოვნად მკურნალობისთვის საჭირო პირობები და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა პატიმრის უსაფრთხოება.

8 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში, სავარაუდოდ ოჯახის წევრების და ადვოკატების გაფრთხილების გარეშე, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის 12-ე დაწესებულებიდან გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანეს. პენიტენციური სისტემის განცხადებაში, რომელიც მას შემდეგ გავრცელდა, რაც სააკაშვილის დედამ გამოთქვა ეჭვი, რომ მისი შვილი რუსთავის ციხიდან გადაიყვანეს, ნათქვამია:

"ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით მივაწვდით."

მოგვიანებით იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია იმედს უთხრა, რომ სააკაშვილმა დაწესებულებაში შეყვანისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სამინისტროს თანამშრომლებს. იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი დამატებით საუბარია სამედიცინო ტექნიკის დაზიანებაზეც.

XS
SM
MD
LG