Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსიდან მომავალი ათასობით მიგრანტი კრიზისს უქადის პოლონეთს


ევროკავშირის წევრები პოლონეთი და ლიეტუვა აცხადებენ, რომ ბელარუსთან საზღვრის დაცვას აძლიერებენ, ვინაიდან, ვარშავის თანახმად, ბელარუსში ათასობით მიგრანტი მიადგა პოლონეთის საზღვარს. როგორც 8 ნოემბერს სოცმედიაში გავრცელებული ვიდეომასალა მეტყველებს, ასობით მიგრანტი მიემართებოდა საზღვრისკენ, რამაც საზღვრის მასობრივი დარღვევის შიში წარმოშვა.

უკანასკნელი თვეების განმავლობაში ახლო აღმოსავლეთიდან, სამხრეთ აზიიდან და აფრიკიდან წამოსული ათასობით მიგრანტი შეეცადა არალეგალურად გადაეკვეთა ევროკავშირის ამ ორი წევრი ქვეყნის საზღვრები ბელარუსის მხრიდან.

ევროკავშირი ბელარუსის ავტორიტარ ლიდერს, ალიაქსანდრ ლუკაშენკას ბრალს სდებს ქვეყანაში მიგრანტთა განგებ ჩაყვანასა და შემდეგ მათთვის საზღვრის გადაკვეთაში დახმარებაში. ბელარუსი ამგვარად ცდილობს, სამაგიერო გადაუხადოს ევროკავშირს სანქციებისთვის, რომლებიც დაუწესა ბრიუსელმა ლუკაშენკას რეჟიმს პოლიტიკური ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის შევიწროებისთვის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში.

პოლონეთის მთავრობის პრესსპიკერმა პიოტრ მიულერმა ორშაბათს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამჟამად ბელარუსში, პოლონეთის საზღვრის მახლობლად იმყოფება 3000-4000 მიგრანტი და ათასობით სხვა მზადაა, მიჰყვეს მათ.

„მთელს ბელარუსში 10 ათასზე მეტი ადამიანი არის მზად, გადმოკვეთოს პოლონეთის საზღვარი,“ თქვა მიულერმა.

პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ 8 ნოემბერს გაავრცელა ვიდეო, რომელშიც, მისი თქმით, ნაჩვენებია მიგრანტები ბრუჟი-კუზნიცის საკონტროლო-გამშვები პუნქტის მახლობლად.

„ბელარუსს სურს, ფართო მასშტაბის ინციდენტი გამოიწვიოს, მისთვის სასურველია, რომ იყოს სროლა და მსხვერპლი,“ თქვა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პიოტრ ვავრჟიკმა პოლონეთის რადიოსთვის მიცემულ კომენტარში.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, რომ მიგრანტები, რომელთაგან ბევრს ბარგი უჭირავს, მოძრაობენ ავტომაგისტრალზე. გარშემო ჩანს აბრები ბელარუსული წარწერებით.

მეორე ვიდეოში ჩანს, რომ მიგრანტების დიდ ჯგუფს თან ახლავან სამხედრო ფორმიანი პირები.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა 8 ნოემბერს ტვიტერში დაწერა, რომ საზღვარზე განლაგდა 12 ათასზე მეტი ჯარისკაცი. მანამდე რეგიონში 10 ათასი ჯარისკაცი იყო განლაგებული.

მისი თქმით, გაძლიერებულ მზადყოფნაშია მოყვანილი მოხალისეთა ძალებიც.

ბლაშჩაკმა თქვა, რომ მისი უწყება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, რომელიც პოლიციისა და სასაზღვრო დაცვისთვისაა პასუხისმგებელი, „მზად არის, დაიცვას პოლონეთის საზღვარი.“

პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, მარიუშ კამინსკის თქმით, პოლონეთის ხელისუფლება „ნებისმიერი სცენარისთვის არის მომზადებული.“

„საზღვრის მკაცრად დაცვა ჩვენი პრიორიტეტია. გავზარდეთ სასაზღვრო დაცვის თანამშრომელთა, პოლიციელებისა და ჯარისკაცების რიცხვი. სრულ მზადყოფნაში ვიცდით,“ დაწერა მან ტვიტერში.

ბელარუსის სახელმწიფო საზღვრის კომიტეტმა განაცხადა, რომ „ლტოლვილებს ამ სასოწარკვეთილი ნაბიჯისკენ უბიძგა პოლონეთის ხელისუფლების არაჰუმანურმა დამოკიდებულებამ“.

როგორც ბლოგერები იტყობინებიან ბრუჟი-კუზნიციდან ბელარუსის სასაზღვრო დაცვამ საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან დაახლოებით 200-300 მეტრში გააჩერა ათასამდე მიგრანტი. იტყობინებიან, რომ მრავალი მიგრანტი ტყეში შევიდა. ეს გამშვები პუნქტი მხოლოდ ავტომანქანებისთვისაა.

პოლონეთმა საზღვრებზე საგანგებო მდგომარეობა დააწესა, გააბა მავთულხლართები და გაზარდა ჯარისკაცებისა და დაცვის რაოდენობა გაზარდა ბელარუსიდან მომავალი მიგრანტების შესაჩერებლად. პარლამენტმა ასევე დაამტკიცა აღმოსავლეთ საზღვარზე 407 მილიონი დოლარის ღირებულების კედლის მშენებლობა.

მეზობელი ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრმა აგნე ბილოტაიტემ 8 ნოემბერს განაცხადა, რომ მისი ქვეყანაც გზავნის ჯარებს ბელარუსის საზღვრისკენ, რათა მზად იყოს მიგრანტების შესაძლო ტალღასთან გასამკლავებლად.

ლიეტუვის მინისტრთა კაბინეტი განიხილავს, გამოცხადდეს თუ არა საგანგებო ვითარება ბელარუსთან საზღვრის რეგიონში, განაცხადა ბილოტაიტემ პრესკონფერენციაზე.

მას არ დაუკონკრეტებია, რამდენ ჯარისკაცს გაგზავნის ვილნიუსი სასაზღვრო რეგიონში და კონკრეტულად სად განლაგდებიან ისინი.

ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა „დაუშვებელი“ უწოდა მინსკის მიერ მიგრანტთა სავარაუდო გამოყენებას ევროკავშირზე ზეწოლის მოსახდენად და თქვა, რომ ალიანსი შეშფოთებულია პოლონეთის საზღვარზე ვითარების „ესკალაციით“.

ალიანსი, რომლის წევრებიც არიან პოლონეთი, ლიეტუვა და ლატვია, „მზად არის, კვლავაც დაეხმაროს ჩვენს მოკავშირეებს და რეგიონში უსაფრთხოება შეინარჩუნოს,“ განუცხადა ნატოს წარმომადგენელმა AFP-ს.

ამასობაში ემიგრაციაში მყოფი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა სვიატლანა ციხანოუსკავიამ ევროპის კავშირს „ძლიერი პასუხისკენ“ მოუწოდა და თქვა, რომ საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოში უნდა იქნეს განხილული.

„ბელარუსის რეჟიმი სასაზღვრო კრიზისის ესკალაციას ახდენს - მიგრანტებს შეიარაღებული ადამიანები ერეკებიან ევროკავშირის საზღვრებისკენ. მიგრანტების უკანონო გადაყვანა, ძალადობა და სასტიკი მოპყრობა უნდა შეწყდეს,“ დაწერა ციხანოუსკაიამ ტვიტერში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG