Accessibility links

site logo site logo

ადვოკატი: სააკაშვილი 10-მდე პირმა გადმოათრია და ტანსაცმელშემოხეული, მიწაზე თრევით მიიყვანეს პალატამდე


​საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილზე რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის კლინიკაში გადაყვანისას 10-მდე პირმა იძალადა. როგორც ადვოკატი აღწერს, ამის მიზეზი გახდა ის, რომ სააკაშვილს არ სურდა თავისი ნების საწინააღმდეგოდ გადასულიყო გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში:

"საქართველოს მესამე პრეზიდენტი იძულებით, 10-მდე სპეცრაზმელმა ან პენიტენციური სამსახურის თანამშრომელმა გადმოათრია მანქანიდან, პატიმრების მხრიდან ატეხილი ორგანიზებული ხმაურის ფონზე... ზემოთ ტანსაცმელშემოხეული, მიწაზე თრევით მიიყვანეს დაწესებულებამდე და იძულებით მოათავსეს პალატაში.

ის უწევდა წინააღმდეგობას, თუმცა არ არსებობს არცერთი ადამიანი, ვისაც მან ხელი დაარტყა. მისი პალატაში მოთავსების შემდეგ ძალოვანი უწყების ორმა წარმომადგენელმა სცადა იძულებით ანალიზების აღება, მას მიუახლოვდნენ შპრიცებითა და ნემსებით, რაზეც სიტყვიერი უარი განაცხადა, ხოლო მას შემდეგ, რაც სცადეს მისი დაბმა და სისხლის ასე აღება, მან ხელი ჰკრა ანალიზატორს, რომელიც არ გაფუჭებულა და დღესაც მუშაობს, უბრალოდ, მოსტყდა პლასტმასის რაღაც დეტალი", - თქვა თუთბერიძემ.

8 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე“, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც დაკავების დღიდან შიმშილობს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ოჯახის წევრების და ადვოკატების გაფრთხილების გარეშე, რუსთავის 12-ე დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მოგვიანებით იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია "იმედს" უთხრა, რომ სააკაშვილმა დაწესებულებაში შეყვანისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სამინისტროს თანამშრომლებს. იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი დამატებით საუბარია სამედიცინო ტექნიკის დაზიანებაზეც.

სააკაშვილი საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. ის სამართალდამცავებმა 1 ოქტომბერს დააკავეს. ამ დროიდან სააკაშვილმა სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობის დაწყებიდან უკვე 40 დღე გავიდა. როგორც ექიმები ამბობენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება. თანაგუნდელები, ექიმები და ადვოკატები მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG