Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენი: აშშ მთელ თავის ძალას გამოიყენებს კიბერსაფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში


აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კიბერსაფრთხისგან ქვეყნის მოქალაქეების დასაცავად, ვაშინგტონი „კომპლექსურ ძალისხმევას“ მიმართავს. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა ისაუბრა საგანგებო მიმართვის დროს, რომელიც კიბერთავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლის ახალ ზომებს შეეხება.

„ჩვენ გამოვიყენებთ ფედერალური ხელისუფლების მთელ ძალას, რათა თავიდან ავიცილოთ ბოროტი ზრახვით განხორციელებული კიბერთავდასხმები“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტი შეეხო ასევე რუსეთთან ურთიერთობას. კერძოდ, გაიხსენა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ივნისში გამართული შეხვედრა. მაშინ ბაიდენმა გააფრთხილა ვლადიმირ პუტინი, რომ აშშ გააკეთებს ყველაფერს, რათა მოსკოვს პასუხი აგებინოს სავარაუდო კიბერთავდასხმებისთვის.

რუსეთში მოქმედი დანაშაულებრივი ორგანიზაციაა ეჭვმიტანილი ივნისის დასაწყისში მომხდარ კიბერთავდასხმაში, რომელიც განხორციელდა ხორცის პროდუქტების მწარმოებელი უმსხვილესი ბრაზილიური კონცერნის, JBS-ის ფილიალებზე აშშ-სა და ავსტრალიაში. კიბერთავდასხმას თან ახლდა კომპანიის მონაცემების შენარჩუნების სანაცვლოდ გამოსასყიდის გადახდის მოთხოვნა. გამოძიებაში ჩაერთო აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიურო.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ მომხდარი ფაქტის გამო კონტაქტი ჰქონდათ რუსეთის ხელისუფლებასთან. თეთრი სახლის პრესმდივნის, კარინ ჟან-პიერის განცხადებით, პასუხისმგებლიანი ქვეყნები გამომძალველ დამნაშავეებს ხელს არ აფარებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG